მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩემპიონი ტიტულს კარგავს

AutoSharing Option
ესპანელი ხორხე ლორენსო დამაჯერებლად მიიწევს კარიერაში მეორე ტიტულისკენ. "იამაჰას" პილოტმა გუშინ "მუჯელოს" ტრასაზე სეზონში მეხუთე გამარჯვებას მიაღწია და განიმტკიცა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში.

18-ეტაპიანი ჩემპიონატის დაწყებიდან ზუსტად ნახევარი გავიდა და ლორენსო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, კეისი სტოუნერს 40 ქულას უგებს.

თუმცა ბოლო ორი ეტაპია, ხორხეს მთავარი კონკურენტი არა ავსტრალიელი ჩემპიონი, არამედ თანამემამულე დანი პედროსაა. გუშინ სწორედ მან აიღო პირველი პოზიციიდან სტარტი შაბათს მოგებული პოულის წყალობით.

პედროსა პირველ მოსახვევშიც ლიდერი იყო, მაგრამ მალე მას გვერდი აუარეს ლორენსომ და ანდრეა დოვიციოზომ, რომელსაც შესანიშნავი სტარტი
გამოუვიდა. პედროსა მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. სამ ლიდერს კი უკან მოჰყვებოდნენ: ნიკი ჰეიდენი, შტეფან ბრადლი, ბენ სპისი, კეისი სტოუნერი, ექტორ ბარბერა (წარუმატებელი სტარტი პირველი რიგიდან), კელ კრატჩლოუ, ვალენტინო როსი და ალვარო ბაუტისტა.

მესამე წრეზე ბრადლმა ჰეიდენს გაუსწრო და მეოთხე ადგილზე გადავიდა. ორი წრის შემდეგ კი ადგილები გაცვალეს დოვიციოზომ და პედროსამ.

მეათე წრეზე ბრადლმა დოვიციოზო გამოაგდო პირველი სამეულიდან, სტოუნერი კი მოსახვევში ცუდად შევიდა, ტრასიდან გადავარდა და ათეულის მიღმა დარჩა. ეს ზედიზედ მეორე ეტაპია, როცა ავსტრალიელი უხეში შეცდომის გამო ბევრს კარგავს - წინა რბოლაში ის საერთოდ ვერ მივიდა ფინიშთან, ახლა კი მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა.

ამასობაში ლორენსო და პედროსა ნელ-ნელა დაშორდნენ ბრადლს. შემდეგ კი ხორხე დასცილდა დანის. ასე რომ, "ჰონდას" პილოტს გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონია. პოდიუმის მესამე საფეხურისთვის ბრადლი და დოვიციოზო იბრძოდნენ - ანდრეამ შესანიშნავი შეტევა ჩაატარა და მესამე ადგილი მოიპოვა.

იტალიის გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 23 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +5,223; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +10,665; 4. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +10,711; 5. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +11,695; 6. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - +12,060; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +12,235; 8. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +30,617; 9. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +31,728; 10. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +34,589...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 185 ქულა; 22. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 166; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 148; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 108; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, "იამაჰა") - 95; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 82; 7. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 75; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 74; 9. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 73; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 66.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული