დანიკა ბერნის მუზაა

AutoSharing Option

ცნობილი ამერიკელი ქალი ავტომრბოლის დანიკა პატრიკის პროგრესმა თვით ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი დააინტერესა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ბერნი ეჭვის თვალით უყურებდა პატრიკის შესაძლებლობებს, მაგრამ ამერიკელმა 2008 წელს, იაპონიაში ინდიკარის სერიის ეტაპი მოიგო, 2009 წელს კი Indy 500-ის ლეგენდარულ რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა ექლსტოუნმა დანიკაზე წარმოდგენა.

სხვადასხვა დროს ბევრს ლაპარაკობდნენ დანიკა პატრიკის ფორმულა 1-ში მიწვევის შესახებ: თითქოს მას "ჰონდას" ტესტებში უნდა მიეღო მონაწილეობა, მოგვიანებით მის სახელს უკავშირებდნენ ფორმულა 1-ში არშემდგარ US F1-ის ამერიკულ პროექტს.

უნდა ვივარაუდოდთ, რომ პატრიკის "აქციები" კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ის ამერიკაში მეტად პოპულარული პერსონაჟია და მხოლოდ რბოლებით არ არის დაკავებული: პერიოდულად მოდელის როლში გვევლინება და საცურაო კოსტუმებს უკეთებს რეკლამას. თუ გავითვალისწინებთ ფორმულა 1-ის კალენდარში ამერიკის გრან-პრის დაბრუნების პერსპექტივებს, ბერნი ექლსტოუნი თავის სარბოლო სერიაში ამერიკელთა მოზიდვის ყველა შესაძლებლობას მოსინჯავს და ბუნებრივია, უყურადღებოდ არც დანიკას დატოვებს.

"შესაძლოა, ის ყველა დროის უძლიერესი ქალი ავტომრბოლია და გაოცებული ვარ, რატომ არავის მოაფიქრდა მისთვის კონტრაქტის შეთავაზება, - ამბობს ექლსტოუნი "დეილი სტარისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - ის ბევრს მუშაობს, შესანიშნავი გარეგნობა აქვს და რაც მთავარია, გამარჯვებებით იწონებს თავს. მაგრამ სამწუხაროდ, ფორმულა 1-ში მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. არადა, ეს ლამაზი ქალი "სამეფო რბოლებისთვის" შესანიშნავი რეკლამა იქნებოდა".

თუმცა დანიკა პატრიკი, რომელმაც წელს NASCAR-ის სერიაშიც მოსინჯა ძალები, ხვდება რამდენად რთული ამოცანების გადაჭრა მოუწევს ავტოსპორტის ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში გადასვლის შემთხვევაში: "ასეთი ტრანსფერი ძალიან რთული იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, შევძლებ ფორმულა 1-ში ადაპტირებას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული