ჩემპიონთა ჩემპიონი ხუან პაბლო მონტოიაა

AutoSharing Option
საავტომობილო სამყაროში ყველასთვის ცნობილი და პოპულარული შოუ - "ჩემპიონთა რბოლა", ამჯერად, მაიამიში ჩატარდა და ის, მოულოდნელად, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტანტის სტატუსი ჰქონდა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი სენსაცია. შარშანდელი გამარჯვებული, გერმანელი სებასტიან ფეტელი პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას, როცა წააგო დუელი "ინდიკარის" ვეტერანთან ჰელიო კასტრონევეშთან და ტრევის პასტრანთან, რომელიც უფრო კასკადიორია, ვიდრე მრბოლელი.

ასევე პირველ ეტაპზე დაასრულა შოუ პასკალ ვერლაინმა, სამაგიეროდ, მეოთხედფინალში გავიდა ფელიპე მასა. სხვათა შორის, ბრაზილიელმა შეძლო შესარჩევ ეტაპზე მონტოიას დამარცხება, მაგრამ შემდეგ, კოლუმბიელი
შეუჩერებელი აღმოჩნდა.

მეორე შესარჩევი ჯგუფიდან შემდეგ რაუნდში გავიდნენ "ლე მანის" ცხრაგზის გამარჯვებული ტომ კრისტენსენი და ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტები - ჯენსონ ბატონი და დევიდ კულტჰარდი.

მეოთხედფინალში მონტონიამ დაამარცხა პასტრანი, მასამ - კასტრონევეში, კრისტენსენი ბატონზე უფრო სწრაფი იყო, კულტჰარდმა კი აჯობა NASCAR-ის ვარსკვლავს კაილ ბუშს.

ნახევარფინალში მასა მონტოიასთან დამარცხდა, თუმცა, სიტუაცია საკამათო იყო: ფელიპემ მოიგო პირველი რბოლა, მაგრამ ბოლო მოსახვევში ბარიერთან ჰქონდა კონტაქტი და ამისთვის, ვეტერანმა 5-წამიანი ჯარიმა მიიღო, რაც წაგებას ნიშნავდა. მონტოიამ მეორე რბოლაც მოიგო და ფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალში "მისტერ ლე მანმა" კრისტენსენმა ზედიზედ ორ რბოლაში აჯობა კულტჰარდს.

საბოლოოდ, ფინალში ერთმანეთს ებრძოდა ორი ვეტერანი: 49 წლის კრისტენსენი და 41 წლის მონტოია. კოლუმბიელმა ორი რბოლა მინიმალური სხვაობით მოიგო - ჯერ რალიკროსის მანქანით (Supercar RX), შემდეგ ულტრამჩატე სპორტკარით (KTM X-Bow) და დამსახურებულად გახდა ჩემპონთა რბოლის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული