ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!

AutoSharing Option
ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონის დაჯილდოლდოვების ცერემონიას უძღვოდა, ნიკო როსბერგმა ფორმულა 1-ის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ეს ამბავი მოულოდნელი იმიტომაც იყო, რომ სწორედ როსბერგმა მოიგო წლევანდელი სეზონი. მან თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ არის მზად მეორედ გაიღოს მსხვერპლი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონობისთვისაა საჭირო.

- მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და გავაკეთო განცხადება კარიერის დასრულების შესახებ. გადაწყვეტილების მიზეზი რთული ასახსნელია. ჯერ კიდევ 6 წლისა ავტოსპორტით რომ დავინტერესდი, მსოფლიოს ჩემპიონობა დავისახე მიზნად. რბოლაში გატარებულ 20 წელიწადში ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ ოცნება
ამხდენოდა.

მიზანს წლეულს მივაღწიე ჩემი გულშემატკივრების, გუნდის, ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერით. ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული და დიდი გამოცდილება. ამას თან ახლდა სიძნელეები. ძალიან მძიმე იყო განვლილი ორი წლის იმედგაცრუების გადატანა, როდესაც რბოლაში ლუის ჰემილტონთან ვაგებდი. თუმცა მოტივაცია მემატებოდა და მჯეროდა, რომ ოცნების ახდენა რეალური იყო.

ჩემპიონმა თავის მომავალზეც ილაპარაკა:

- მწვერვალზე ვარ და ამით უნდა დავტკბე. დიდ სიმსუბუქეს ვგრძნობ. მომდევნო რამდენიმე კვირაში საკუთარ მომავალზე ვიფიქრებ. ცხოვრებას ახალი ქვეთავიდან დავიწყებ. 1000 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საქმეებითაც ბედნიერი ვიქნები.

შეგახსენებთ, 31 წლის ნიკო როსბერგმა კარიერა 1996 წელს დაიწყო, ფორმულა 1-ში კი 2006 წლიდანაა. დებიუტი ბახრეინის გრანპირზე ჰქონდა. მისი ბოლო რბოლა აბუ-დაბის გრანპრი იყო, რომელიც მან მეორე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა რა თანაგუნდელ ლუის ჰემილტონს. თუმცა მეორე ადგილი როსბერგისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2016 წლის ჩემპიონობისთვის. საერთო ჩათვლაში მან სწორედ ჰემილტონი მოიტოვა - 385 ქულა მოაგროვა, ლუისმა - 380.

როსბერგის წასვლას გამოეხმაურა ლეგენდარული მრბოლელი, გუნდ "მერსედესის" ერთ-ერთი დირექტორი ნიკი ლაუდა:

- ჩვენი გუნდის წინაშე სერიოზული პრობლემა წარმოიშვა - ნიკო როსბერგის შემცვლელი გვყავს საპოვნი. არადა, ფორმულა 1-ის ყველა პილოტს მოქმედი კონტრაქტი აქვს. გვყავდა მრბოლელთა საუკეთესო დუეტი და ზედმიწევნით ვიცოდით რას ველოდით როსბერგისგან და რას ველით ჰემილტონისგან.

მათთან კონტრაქტი 2018 წლამდე გვქონდა და დამშვიდებულები ვიყავით... ნიკოს გადაწყვეტილებამ ძალიან დაგვაფიქრა. თუმცა ისიც ცხადია, რომ პილოტებს აქვთ უფლება, როცა უნდათ მაშინ დაასრულონ კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული