ფორმულა 1. გერმანიის გრანპრი: მოგება მტრის ტერიტორიაზე

AutoSharing Option
საშინაო ტრასაზე პოული ნიკო როსბერგს ბრწყინვალე შანსს აძლევდა იმისთვის, რომ დაებრუნებინა ჩემპიონატში პირველი ადგილი და ერთთვიან არდადეგებზე საერთო ჩათვლის ლიდერად წასულიყო. მაგრამ, გერმანელმა ისევ წააგო ლუის ჰემილტონთან, რომელმაც თანაგუნდელს ერთი შანსიც არ მისცა...

როსბერგი მთელი უქმეების განმავლობაში უძლიერესი იყო, ყველა ვარჯიში და კვალიფიკაცია მოიგო, მაგრამ წააგო მთავარი - გუშინდელი სტარტი. პირველ მეტრებზე მან წინ გაუშვა მთავარი კონკურენტი ლუის ჰემილტონი და ორივე "რედ ბული". სანამ ჰემილტონი და მაქს ფერსტაპენი პელოტონს შორდებოდნენ, როსბერგი უშედეგოდ უტევდა დანიელ რიკარდოს და მაინც მეოთხეზე დარჩა. მეშვიდე
წრისთვის ლუისი უკვე სამ წამს უგებდა ფერსტაპენს, ეს უკანასკნელი წამნახევრით წინ იყო რიკარდოზე, რომელსაც 1.2 წამის ჩამორჩენით მისდევდა როსბერგი.

* * *
პიტსტოპების პირველ ტალღას ლიდერთა მდგომარეობაში კორექტივები არ შეუტანია - მხოლოდ გაზარდა ჰემილტონის უპირატესობა. ლუისი ერთ-ერთი ბოლო შევიდა ბოქსებში და იქიდან გამოსულმა აღმოაჩინა, რომ ექვს წამს უგებდა ფერსტაპენს. რიკარდომ შეინარჩუნა მესამე ადგილი, როსბერგი კი "მაკლარენების" წყვილის უკან აღმოჩნდა და მათი გასწრება მოუწია.

პირველი პიტსტოპების შემდეგ, პილოტებს სხვადასხვა საბურავი ჰქონდათ. ჰემილტონმა და რიკარდომ "სოფტი" აირჩიეს, ფერსტაპენი და როსბერგი კი "სუპერსოფტზე" დარჩნენ. თუმცა ამას რაიმე დივიდენდები არ მოუტანია: ფერსტაპენი ისევ ექვს-შვიდ წამში იყო ჰემილტონისგან, როსბერგი კი ვერ ეწეოდა რიკარდოს.

საბოლოოდ, ნიკო მეორე პიტსტოპზე 26-ე წრეზე შევიდა, ორი წრის შემდეგ კი იგივე გააკეთა ფერსტაპენმა. ტრასაზე "მერსედესი" და "რედ ბული" გვერდიგვერდ აღმოჩდნენ და როსბერგმა ტრეკის მიღმა გადააგდო ჰოლანდიელი. ეს მსაჯებს არ გამოპარვიათ და გერმანელს ხუთწამიანი ჯარიმა გამოუწერეს.

მეორე პიტსტოპების შემდეგ, ჰემილტონის ლიდერობა ხუთნახევარ წამამდე შემცირდა, მეორე იყო როსბერგი, რომელმაც ფერსტაპენს ტრასაზე გაუსწრო, ხოლო რიკარდო ამ დუეტის უკან აღმოჩნდა ბოქსებიდან გამოსვლის შემდეგ.

* * *
მეორე პოზიციაზე გადასვლის შემდეგ, როსბერგი ვერაფრით ახერხებდა ჰემილტონის დაწევას. უფრო მეტიც, გერმანელს სწრაფი ტემპებით უახლოვდებოდა რიკარდო. ნიკოს მანქანაზე საბურავები აშკარად გაცვეთილი იყო და ის ბევრ დროს კარგავდა. 43 წრის შემდეგ, "მერსედესსა" და "რედ ბულს" შორის მხოლოდ ნახევარი წამი იყო. როსბერგმა საფრთხე იგრძნო და მესამე პიტსტოპზე წავიდა, თან ხუთწამიანი ჯარიმაც მოიხადა. ორი წრის შემდეგ, ორი პიტსტოპი შეასრულა "რედ ბულმა" და ამ გუნდის ორივე პილოტი ტრასაზე როსბერგის წინ დაბრუნდა.

ლუის ჰემილტონი, რომელიც კვლავ კონკურენტებზე გვიან შევიდა ბოქსებში, უკვე ცხრა წამს იგებდა და პირველი ადგილისთვის ბრძოლის ინტრიგა აღარ არსებობდა. რიკარდო და ფერსტაპენი, რომლებიც მეორე და მესამე პოზიციებზე გამაგრდნენ, ერთმანეთში ერთი წამის ინტერვალით მოძრაობდნენ, როსბერგი კი მათ ხუთი წამით ჩამორჩა და ყოველ წრეზე რამდენიმე მეათედს აგებდა.

* * *
დარჩენილი 18 წრის განმავლობაში, ლიდერებს შორის არაფერი შეცვლილა. ჰემილტონმა ბოლო შვიდ რბოლაში მეექვსედ მოიგო, კარიერაში კი 49-ე გამარჯვება იზეიმა. ბრიტანელისთვის მთავარი ის არის, რომ 19 ქულით გაუსწრო გენერალურ კლასიფიკაციაში ნიკო როსბერგს.

დანიელ რიკარდომ მეორე ადგილზე გასვლით აღნიშნა კარიერაში მე-100 რბოლა, მისმა თანაგუნდელმა ფერსტაპენმა კი უკვე მეოთხე რბოლა დაასრულა პოდიუმზე. უნდა შევაქოთ "რედ ბულის" ხელმძღვანელობა, რომელმაც სეზონის მსვლელობისას რუსი დანიელ კვიატი მოიშორა და მის ნაცვლად ფერსტაპენი მოიყვანა.

"ფერარის" პილოტებმა - სებასტიან ფეტელმა და კიმი რაიკონენმა უღიმღამო რბოლა ჩაატარეს და გამარჯვებულთან ნახევარი წუთი წააგეს.

კონსტრუქტორთა თასზე "მერსედესის" უპირატესობა 159 წამამდე გაიზარდა. შეიცვალა გერმანული საჯინიბოს მთავარი კონკურენტი - "რედ ბულმა" მეორე ადგილი წაართვა "ფერარის". სხვაობა მათ შორის 14 ქულაა.

ჩემპიონატის დამთავრებამდე ცხრა გრანპრია დარჩენილი. სეზონი 28 აგვისტოს, ბელგიის გრანპრით განახლდება.

გერმანიის გრანპრი (67 წრე, 306.458 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 1:30.44.200 25
2(3). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +6.996 18
3(4). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +13.413 15
4(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +15.845 12
5(6). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +32.570 10
6(5). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +37.023 8
7(8). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India +70.049 6
8(12). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 1 წრე 4
9(7). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 1 წრე 2
10(9). სერხიო პერესი (მექ) Force India 1 წრე 1

11(11). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
12(13). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე
13(20). რომენი გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე
14(15). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე
15(18). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე
16(16). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
17(17). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 2 წრე
18(22). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 2 წრე
19(14). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 2 წრე
20(19). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
21(10). ფელიპე მასა (ბრა) Williams 38 წრე
22(21). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 61 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 217 (6)
2. ნიკო როსბერგი 198 (5)
3. დანიელ რიკარდო 133
4. კიმი რაიკონენი 122
5. სებასტიან ფეტელი 120
6. მაქს ფერსტაპენი 105 (1)
7. ვალტერი ბოტასი 58
8. სერხიო პერესი 48
9. ფელიპე მასა 38
10. ნიკო ჰიულკენბერგი 33

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 415
2. რედ ბული 256
3. ფერარი 242
4. უილიამსი 96
5. ფორს ინდია 81
6. ტორო როსო 45
7. მაკლარენი 42
8. ჰაასი 28
9. რენო 6
10. მანორი 1

ორი მოგება პროსტამდე
ლუის ჰემილტონისთვის გერმანიაში გამარჯვება 49-ე იყო კარიერაში. კიდევ ორი მოგება და ბრიტანელი გაუთანაბრდება ლეგენდარულ ფრანგს ალენ პროსტს.

ფორმულა 1-ში მოგებების რაოდენობით ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:
1. მიხაელ შუმახერი - 91
2. ალენ პროსტი - 51
3. ლუის ჰემილტონი - 49
4. სებასტიან ფეტელი - 42
5. აირტონ სენა - 41

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული