ფორმულა 1. უნგრეთის გრანპრი: ჰემილტონის ხუთიანები

AutoSharing Option
შაბათისგან განსხვავებით, როცა "ჰუნგარორინგის" ავტოდრომს ნამდვილი თავსხმა დაატყდა თავს, კვირას ბუდაპეშტში უღრუბლო ცა იყო, რაც გამორიცხავდა უნგრეთის ეტაპის ისტორიაში მეოთხე წვიმიან რბოლას.

მიუხედავად ამისა, სტარტი, ტრადიციულად, საინტერესო უნდა გამოსულიყო, რასაც ხელს უწყობს გრძელი სასტარტო სწორი მონაკვეთი. ასეც მოხდა. კვალიფიკაციაში მეორე ადგილზე გასულმა ლუის ჰემილტონმა ნიკო როსბერგს გაუსწრო. ამ უკანასკნელმა დანიელ რიკარდოც გაატარა. საინტერესოა, რომ ავსტრალიელმა პირველ მოსახვევში გარე ტრაექტორიით სცადა ჰემილტონის გასწრება, მაგრამ მაინც მეორე დარჩა, ცოტა ხანში კი როსბერგმაც შეძლო რიკარდოს გასწრება.

ასე რომ, პირველ წრეზე პირველ ხუთეულში თითქმის
შენარჩუნდა სტატუს-ქვო - მხოლოდ ჰემილტონმა და როსბერგმა გაცვალეს პოზიციები. მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში ფერნანდო ალონსომ კარლოს საინსს გაუსწრო.

ათეულის ბოლოს, ვალტერი ბოტასმა გაუსწრო ნიკო ჰიულკენბერგს, შემდეგ კიდევ ერთი პოზიცია მოიგო, როცა მეხუთე წრეზე ტექნიკური პრობლემების გამო ტემპი შეანელა ჯენსონ ბატონმა. ეს უკანასკნელი გუშინდელი რბოლის ერთადერთი მონაწილე აღმოჩნდა, რომელიც ფინიშამდე ვერ მივიდა.

როგორც უნგრეთში ტრადიციულად ხდება, მომდევნო ათ წრეზე სიტუაცია ტრასაზე სტაბილური გახდა. თანდათან ჰემილტონმა როსბერგთან სხვაობა სამ წამამდე გაზარდა. რიკარდომ კი, მოლოდინის მიუხედავად, ვერ შეძლო "მერსედესის" ტემპის დაჭერა და ხუთი წამით ჩამორჩა ლიდერს.

ლიდერთა შორის, პირველი ბოქსებში მე-14 წრეზე სებასტიან ფეტელი შევიდა, მომდევნო წრეებზე კი "ფერარის" პილოტს სხვებმაც მიბაძეს. პირველ სამეულში არაფერი შეცვლილა, სამაგიეროდ, მაქს ფერსტაპენმა დაიხია ორი პოზიციით უკან. პიტსტოპის დროს, ჰოლანდიელს მარცხენა წინა საბურავის გამოცვლა დაუგვიანეს, რის გამოც მაქსმა წინ გაუშვა ფეტელი და კიმი რაიკონენი, რომელიც არ ჩქარობდა ბოქსებში შესვლას.

პირველმა პიტსტოპმა გარკვეული კორექტივები შეიტანა "მერსედესის" პილოტებს შორის ძალთა თანაფარდობაში. "სოფტის" საბურავით როსბერგმა უფრო დამაჯერებლად იგრძნო თავი, ვიდრე მისმა თანაგუნდელმა და სწრაფად დაიწყო ჩამორჩენის გაბათილება. ჰემილტონი რადიოთი ჩიოდა ტემპთან დაკავშირებით პრობლემებზე, მაგრამ, მალე სხვაობა ერთი წამის ფარგლებში დასტაბილურდა.

იმის გამო, რომ ბევრმა პილოტმა რბოლა "სოფტის" საბურავით დაიწყო, პირველი პიტსტოპების ტალღა 30 წრემდე გაგრძელდა და გარკვეული ხანი, ტოპ-ათეულში "რენოს" პილოტები - კევინ მაგნუსენი და ჯოლიონ პალმერიც მოხვდნენ. ერთ-ერთი ბოლო ბოქსებში რაიკონენი შევიდა, რომელიც ფერსტაპენს აყოვნებდა და ეს უკანასკნელი ფეტელს 10 წამით ჩამორჩა. კიმი ტრასაზე მეშვიდე დაბრუნდა და მალე ალონსოს გაუსწრო.

ცოტა ხანში პიტსტოპების მეორე ტალღა დაიწყო. 33-ე წრეზე, რიკარდომ მიიღო ახალი "სოფტი". ავსტრალიელი მეხუთე დაბრუნდა ტრასაზე და ლიდერებს გამოეკიდა. იმ მომენტში გაჩნდა იმედი, რომ "რედ ბულმა" ალტერნატიული ტაქტიკა აირჩია და "მერსედესს" გამარჯვებისთვის შეებრძოლებოდა, მაგრამ ეს იმედი მალე გაქრა.

41-ე წრეზე პიტსტოპზე გაეშურნენ ჰემილტონი და ფეტელი, 42-ე წრეზე - როსბერგი. ყველანი "სოფტის" საბურავებზე დარჩნენ და ფინიშამდე ბოქსებში აღარ შეუხვევიათ.

ამასთან, ორ ლიდერს შორი სხვაობა ორ წამამდე გაიზარდა. რიკარდოც დაახლოებით ამდენით ჩამორჩა როსბერგს.

ფინიშამდე 20 წრით ადრე, პირველი ათეული ასე გამოიყურებოდა: ჰემილტონი, როსბერგი (+1,7), რიკარდო (+8,6), ფეტელი (+11,7), ფერსტაპენი (+21,6), რაიკონენი (+27,9), ალონსო (+1.01,644), საინსი (+1.01,644), ბოტასი (+1.10,704), ჰიულკენბერგი (+1.19,654).

რბოლის დასკვნით ნაწილში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. ჰემილტონი ოდნავ შეყოვნდა წრეზე ჩამორჩენილი გუტიერესის გასწრებისას და როსბერგი 0.6 წამამდე მიუშვა. ბრიტანელს ტემპის გაზრდა დასჭირდა და როსბერგმა ვერაფრით უპასუხა პარტნიორს. სხვაობა ისე ორი წამი გახდა.

უფრო საინტერესო ამბები ლიდერთა უკან ხდებოდა. რაიკონენი, რომელიც "სუპერსოფტით" აგრძელებდა სვლას, რამდენიმე წრე ხისტად უტევდა ფერსტაპენს მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში, მაგრამ, ისევე როგორც ესპანეთსა და ავსტრიაში, ვერ შეძლო ახალგაზრდა ჰოლანდიელის წინააღმდეგობის დაძლევა.

ფეტელი კი ბოლო წრეებზე რიკარდოს დაეწია მესამე ადგილისთვის ბრძოლაში. "რედ ბულისა" და "ფერარის" ორივე მიკრო-დუელი ფინიშამდე გრძელდებოდა, მაგრამ გასწრებამდე საქმე მაინც არ მისულა. რიკარდომ "ჰუნგარორინგზე" ზედიზედ მესამედ მოიპოვა პოდიუმი.

ასევე ერთ წამამდე შემცირდა სხვაობა ლიდერებს შორის. მაგრამ როსბერგის მხრიდან არც ერთი რეალური შეტევა არ ყოფილა. შედეგად, ჰემილტონი პირველი მივიდა ფინიშთან და 2016 წლის სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ასევე მეხუთე იყო ეს მოგება უნგრეთში, რითაც ბრიტანელი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. თავის მხრივ, როსბერგი უნგრეთის ეტაპზე პირველად ავიდა პოდიუმზე.

რაც მთავარია, ჰემილტონი ამ სეზონში პირველად ჩაუდგა სათავეში გენერალურ კლასიფიკაციას და სეზონის მეორე ნაწილს ექვსქულიანი უპირატესობით დაიწყებს.

უნგრეთის გრანპრი (70 წრე, 302.249 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (ბრიტ) Mercedes 1:40.30,115 25
2(1). ნიკო როსბერგი (გერ) Mercedes +1,977 18
3(3). დანიელ რიკარდო (ავსტრა) Red Bull +27,539 15
4(5). სებასტიან ფეტელი (გერ) Ferrari +28,213 12
5(4). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ) Red Bull +48,659 10
6(14). კიმი რაიკონენი (ფინ) Ferrari +49,044 8
7(7). ფერნანდო ალონსო (ესპ) McLaren 1 წრე 6
8(6). კარლოს საინსი (ესპ) Toro Rosso 1 წრე 4
9(10). ვალტერი ბოტასი (ფინ) Williams 1 წრე 2
10(9). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ) Force India 1 წრე 1

11(13). სერხიო პერესი (მექ) Force India 1 წრე
12(17). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ) Renault 1 წრე
13(15). ესტებან გუტიერესი (მექ) Haas 1 წრე
14(11). რომენ გროსჟანი (საფ) Haas 1 წრე
15(19). კევინ მაგნუსენი (დან) Renault 1 წრე
16(12). დანიილ კვიატი (რუს) Toro Rosso 1 წრე
17(16). ფელიპე ნასრი (ბრა) Sauber 1 წრე
18(18). ფელიპე მასა (ბრა) Williams 1 წრე
19(20). პასკალ ვერლიაინი (გერ) Manor 2 წრე
20(22). მარკუს ერიქსონი (შვედ) Sauber 2 წრე

21(21). რიო ჰარიანტო (ინდოენეზ) Manor 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
6(8). ჯენსონ ბატონი (ბრიტ) McLaren 60 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი 192 (5)
2. ნიკო როსბერგი 186 (5)
3. დანიელ რიკარდო 115
4. კიმი რაიკონენი 114
5. სებასტიან ფეტელი 110
6. მაქს ფერსტაპენი 100 (1)
7. ვალტერი ბოტასი 56
8. სერხიო პერესი 47
9. ფელიპე მასა 38
10. კარლოს საინსი 30

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი 378
2. ფერარი 224
3. რედ ბული 223
4. უილიამსი 94
5. ფორს ინდია 74
6. ტორო როსო 45
7. მაკლარენი 38
8. ჰაასი 28
9. რენო 6
10. მანორი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული