ფორმულა 1. რუსეთის გრანპრის წინ: ლუისი და "ფერარი" უნდა გამოფხიზლდნენ

AutoSharing Option
უახლოეს უქმეებზე, სოჭის ტრასაზე მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი - რუსეთის გრანპრი გაიმართება. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალას იკრებს და ამ მხრივ, მომავალი ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა მოქმედი ჩემპიონის ლუის ჰემილტონის გამოსვლა იქნება.

"მერსედესის" პილოტს უკვე ნახევარი წელია არ მოუგია ეტაპი - აშშ-ის შარშანდელი გრანპრიდან მოყოლებული. ლუისის ჩამორჩენა თანაგუნდელთან უკვე 36 ქულას შეადგენს, ამასთან, ჰემილტონს საკმაოდ იოლად გადააქვს წლევანდელი წაგებები.

ყველაზე დიდი დანაკარგი მას ორი კვირის წინ, ჩინეთის გრანპრიზე ჰქონდა, როცა ძრავის პრობლემის გამო, ბოლო ადგილიდან აიღო ტარტი. ასეა თუ ისე, თუ შანხაიში
ფიასკოს არ ჩავთვლით, ლუისი წელს კვალიფიკაციაზე არ მარცხდება, კარგად იცნობს სოჭის ტრასას და ბევრი მას ფავორიტად ასახელებს. საკითხი მხოლოდ ბრიტანელის ფსიქოლოგიურ მომზადებაშია.

* * *
ჩემპიონატის სტარტზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ, "ფერარიმ" ოდნავ დააგდო ტემპი. პოტენციალი, რაზეც ბევრს ლაპარაკობენ სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი, ვერ ვლინდება ტექნიკური პრობლემების, პილოტებისა და გუნდის წევრების შეცდომების გამო.

სოჭში, "ფერარი" ახალ ძრავით ჩავიდა, რომლის გაუმჯობესებაზე ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს. ვარაუდობენ, რომ ძალისმიერი აგრეგატის ახალი კონფიგურაცია უფრო მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს და საკვალიფიკაციო რბოლის დროს, "მერსედესს" კონკურენცია უნდა გაუწიოს. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და ყველაფერი შაბათსა და კვირას გამოჩნდება.

* * *
რუსული ეტაპი კალენდარში ორი წლის გამოჩნდა, ამიტომაც, სოჭის რბოლას დიდი ისტორია არ აქვს. ბევრი პილოტის აზრით, რუსული ტრასა ძალიან სწრაფია და ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აეროდინამიკასა და ძრავის სიმძლავრეს.

შესაბამისად, კვირას უნდა ველოდოთ "მერსედესის, "ფერარისა" და "რედ ბულის" უპირატესობას. სოჭში ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი შედეგი კვალიფიკაციაში, რადგან რბოლის დროს გასწრება ძალიან რთულია. ასეთი დასკვნა გაკეთდა წინა ორი ბრძოლის შემდეგ, როცა გასწრებების დროს, ხშირი იყო კონტაქტები პილოტებს შორის.

რუსეთის გრანპრის კიდევ ერთი მახასიათებელია საბურავების დაბალი ცვეთა. საკმარისია გავიხსენოთ შარშანწინდელი რბოლა, როცა ნიკო როსბერგმა პრაქტიკულად სტარტზე შეასრულა პიტსტოპი და არა მხოლოდ ფინიშამდე მიაღწია, არამედ მეორე ადგილზე გავიდა.

სოჭის ტრასა სიგრძით მესამე ჩემპიონატში და ჩამორჩებქა მხოლოდ სპას (ბელგია) და სილვერსტოუნს (ბრიტანეთი). მაქსიმალური სიჩქარე საათში 320 კილომეტრს შეადგენს, საშუალო კი 210 კმ/სთ-ს უდრის.

სოჭის ტრასა
სიგრძე: 5854 მეტრი
წრეების რიცხვი: 53
რბოლის დისტანცია: 309 კილომეტრი
მოსახვევები: 18 (6 მარცხენა, 12 მარჯვენა)
DRS-ის ზონა: ორი
ტრასის რეკორდი: 1:40.071 (ფეტელი, "ფერარი", 2015)
ყველაზე მეტი მოგება: 2 - ლუის ჰემილტონი

უქმეების განრიგი
29 აპრილი, 11:00 - I პრაქტიკა
29 აპრილი, 15:00 - II პრაქტიკა
30 აპრილი, 13:55 - III პრაქტიკა
30 აპრილი, 16:00 - კვალიფიკაცია

1 მაისი, 16:00 - რბოლა
საერთო ჩათვლა
1. როსბერგი (მერსედესი) - 75 (3)
2. ჰემილტონი (მერსედესი) - 39
3. რიკარდო (რედ ბული) - 36
6. ფეტელი (ფერარი) - 33
4. რაიკონენი (ფერარი) - 28
6. მასა (უილიამსი) - 22
7. კვიატი (რედ ბული) - 21
8. გროსჟანი (ჰაასი) - 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული