ფორმულა 1: ბოტასმა კიმი უნდა შეცვალოს

AutoSharing Option
თუ ფინელი კიმი რაიკონენი დატოვებს ფორმულა 1-ს, "ფერარიში" მის იდეალურ შემცვლელად დასახელდა თანამემამულე ვალტერი ბოტასი.

მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა ჭორები "სკუდერიაში" დანიელ რიკარდოს ან ნიკო ჰიულკენბერგის სავარაუდო გადასვლის შესახებ, იტალიური პრესა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ "უილიამსის" ამჟამინდელი წევრი პირველი იქნება რიგში იმ შემთხვევაში, თუ რაიკონენი წავა გუნდიდან.

იტალიური ჟურნალის Autosprint-ის ახალ გარეკანზე ვალტერი წითელ კომბინეზონში გამოაწყვეს. ის მოუწოდებს კიმის გამოფხიზლდეს, თუ სურს "ფერარიში" 2016 წლისთვის დარჩენა.

* * *
ამასობაში, გამოცემა Motorsport-მა შეაჯამა გლობალური გამოკითხვის შედეგები, რომელშიც 127 ათასმა მაყურებელმა
მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვით გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული მრბოლელი ყოფილა კიმი რაიკონენი. შემდეგ მოდიან ფერნანდო ალონსო და ჯენსონ ბატონი. გუნდებს შორის პირველი ადგილი დაიკავა "ფერარიმ". მას მოჰყვებიან "მაკლარენი" და "უილიამსი".

ყველა დროის საუკეთესო პილოტად აღიარეს აირტონ სენა. მეორე ადგილი დაიკავა მიხაელ შუმახერმა, მესამე - ალენ პროსტი.

ყატარი დიდი ცირკისთვის მზად არის
ყატარი სულ უფრო ახლოსაა ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარებასთან. ეტაპი, შესაძლოა, ლოსაილის ავტოდრომზე გაიმართოს, მის ალტერნატივად კი ქუჩის ტრასა სახელდება. შეგახსენებთ, რომ ყატარში ფორმულა 1-ის ეტაპის გამართვის გეგმებზე ამა წლის თებერვალში გახდა ცნობილი.

"ახლოს ვართ ხელშეკრულების გაფორმებასთან, რომელიც ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარების საშუალებას მოგვცემს. პროექტი მზად არის. თუმცა, ჯერჯერობით, ყველა დეტალი არ მოგვარებულა, ასე რომ, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება - უფრო მეტი შეხვედრაა ბერნი ექლსტოუნთან. გადაწყვეტილება უკვე არსებობს - ან გამოვიყენებთ უკვე არსებულ ავტოდრომ "ლოსაილს" ან ქალაქში ახალ ობიექტს ავაშენებთ. ბევრი იდეა გვაქვს და მზად ვართ მათი რეალიზაციისთვის. გვინდა რეგიონში ავტოსპორტის ტრადიციები გავამყაროთ. 2004 წლიდან ვმასპინძლობთ მოტოგრანპრის ეტაპს, ასევე ჩვენთან იმართება მსოფლიო სუპერბაიკის რბოლები. გარდა ამის, წელს ვუმასპინძლებთ WTCC-ის ეტაპს", - განაცხადა ყატარის ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ნასერ ბინ ჰალიფა ალ-ატიიამ.

როგორც ვარაუდობენ, ნაკლებად მოსალოდნელია ყატარის გრანპრის 2016 წელს ჩატარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული