ფორმულა 1. ავსტრიის გრანპრი: სტარტზე წაგებული რბოლა

AutoSharing Option
თუ 2104 წელს, ავსტრიაში სასტარტო ბილიკის პირველი რიგი მოულოდნელად "უილიამსის" პილოტებმა დაიკავეს, ამჯერად სიურპრიზი არ მომხდარა - პირველი ორი ადგილი "მერსედესის" წევრებს ერგოთ, რომლებმაც კვალიფიკაცია ბოლო სწრაფ წრეზე გამოვარდნით დაასრულეს.

ლუის ჰემილტონმა კარიერაში 45-ე და ამ სეზონში მეშვიდე (რვა გრანპრიდან) პოული მოიპოვა. ნიკო როსბერგმა მასთან ორი მეათედი წამი წააგო.

მეორე რიგიდან აიღეს სტარტი სებასტიან ფეტელმა და ფელიპე მასამ, მესამედან - ნიკო ჰიულკენბერგმა და ვალტერი ბოტასმა. ისევე, როგორც გასულ წელს, პირველ ათეულში ვიხილეთ შვიდი სხვადასხვა გუნდის პილოტი. შაბათს კიმი რაიკონენი გამოეთიშა
ბრძოლას - გუნდთან შეუთანხმებელი მოქმედების გამო მესამე სწრაფი წრის გავლა ვერ მოასწრო.

კიდევ უფრო უკან აღმოჩნდნენ "რედ ბულის" წევრები, რომლებმაც 10-10 პოზიცია დაკარგეს ძრავების გამოცვლის გამო; ასევე, "მაკლარენის" პილოტები დააჯარიმეს 20 და 25 პოზიციის დაკარგვით ძალისმიერი აგრეგატის ელემენტების შეცვლის მიზეზით.

* * *
"მერსედესის" პილოტებმა ერთდროულად აიღეს სტარტი და უკვე პირველი მოსახვევის შემდეგ როსბერგმა უკან ჩამოიტოვა თანაგუნდელი. მესამე ადგილი შეინარჩუნა ფეტელმა.

ჰემილტონმა იქვე სცადა პოზიციის დაბრუნება, მაგრამ დროებით ბრძოლის შეწყვეტა მოუწია. პელოტონის ბოლოში ერთმანეთს შეეჯახნენ ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი. ავარია საშინელი სანახავი იყო ("ფერარის" ბოლიდი "მაკლარენის" თავზე აღმოჩნდა), თუმცა პილოტები არ დაზარალებულან. საინტერესოა, რომ რბოლის წინ ფინელმა ივარაუდა პირველივე წრეებზე ავარიაში მოხვედრა პელოტონის შუიდან სტარტის აღების გამო, ესპანელმა კი განაცხადა, რომ დიდია ცდუნება პირველივე წრიდან მიატოვოს ეტაპი. მოკლედ, საკუთარი თავი დაითარსეს...

ამ ავარიას ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. მან შვიდი წრე ატარა პელოტონი და შემდეგ რესტარის ნიშანი მისცეს. როსბერგმა მშვიდად შეინარჩუნა ლიდერობა და ორი წრის შემდეგ 1.8 წამს უგებდა ლუისს, 25-ე წრისთვის კი უპირატესობა ოთხ წამამდე ავიდა. ახლოვდებოდა პიტსტოპების ერთადერთი სერია, რომლის წინ როსბერგის მანქანის ტემპი მკვეთრად დაეცა და ჰემილტონი ორ წამამდე მიუახლოვდა თანაგუნდელს. 33-ე წრეზე ნიკო ბოქსებში შევიდა. ორი წრის შემდეგ ეს გააკეთა ლუისმა, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მაგრამ მაინც ვერ დაბრუნდა ტრასაზე ლიდერის რანგში - ისევ ორ წამს აგებდა გერმანელთან.

თუ პირველი ორი ადგილისთვის ბრძოლაში არაფერი შეცვლილა, პიტსტოპების სერიამ გავლენა იქონია პოდიუმის მესამე საფეხურისთვის პაექრობაში. ფეტელი ბოქსებში 35-ე წრეზე შევიდა. ერთ-ერთმა მექანიკოსმა ვერ შეძლო გერმანელის "ფარირზე" უკანა მარჯვენა საბურავის სწრაფად დამაგრება და სებასტიანმა რამდენიმე წამი დაკარგა, რის გამოც ფელიპე მასას უკან აღმოჩნდა.

ამასობაში კი მსაჯებმა საბოლოოდ დაასამარეს ინტრიგა: ლუის ჰემილტონმა ხუთწამიანი ჯარიმა მიიღო პიტლეინიდან გამოსვლისას თეთრი ხაზის გადაკვეთის გამო. შესაბამისად, ფინიშამდე 30 წრით ადრე, პირველობისთვის ბრძოლის საკითხი გადაწყვეტილი იყო. ფელიპე მასასა და სებასტიან ფეტელს შორის სხვაობა პიტსტოპის შემდეგ ოთხნახევარ წამს შეადგენდა.

მართლაც, ფინიშამდე პირველ ოთხეულში არაფერი შეცვლილა. მართალია, როსბერგის მანქანას ბოლოს მცირე ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია გერმანელისთვის, კომფორტულად გადაეკვეთა ფინიშის ხაზი. მეორე იყო ჰემილტონი, რომელმაც 14 წამი მოუგო მასას. ამ უკანასკნელმა დაძაბულ ბრძოლაში შეინარჩუნა მესამე ადგილი.

საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, მაგრამ მისი უპირატესობა როსბერგთან 10 ქულამდე შემცირდა. მესამე ადგილზე მყოფი ფეტელი ლიდერს უკვე 49 ქულით ჩამორჩა.

ჩემპიონატის მეცხრე ეტაპი - ბრიტანეთის გრანპრის ორი კვირის შემდეგ სილვერსტოუნში გაიმართება.

* * *
ნიკო როსბერგი: "დაუჯერებელი შეგრძნებები მაქვს. ისევ გავიმარჯვე ამ ტრასაზე. ყველაფერი სტარტზე გადაწყდა. ძალიან კარგად დავიწყე, შევძელი პოზიციის დაცვა პირველ მოსახვევებში, შემდეგ კი უბრალოდ ზღვარზე ვმართავდი მანქანას.

ბოლიდით ძალიან კმაყოფილი ვარ. სასიამოვნო სანახავი იყო, როგორ იზრდებოდა სხვაობა ლუისთან. ასე რომ, დღეს ყველაფერი იდეალურად აეწყო. დღეიდან მოყოლებული, შევეცდები გავაგრძელო რბოლების მოგება!"

ლუის ჰემილტონი: "ნიკომ დღეს ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა. ცუდი სტარტი ავიღე, მაგრამ შემდეგ ბევრს ვუტევდი, თუმცა ჩამორჩენა არ იცვლებოდა.

დისკვალიფიკაცია? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა იქ. არ დამინახავს, რომ თეთრი ხაზი გადავკვეთე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე იყო".

რედ ბულ რინგი (71 წრე, 307.020 კმ)

1(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 1:30.16,930 (1 პიტსტოპი)
2(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +8,800 (1)
3(4). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +17,573 (1)
4(3). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) +18,181 (1)
5(6). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +53,604 (1)
6(5). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.04,075 (1)
7(10). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 1 წრე (1)
8(7). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) 1 წრე (1)
9(13). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (1)
10(18). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (1)

11(8). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (1)
12(15). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (2)
13(11). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 2 წრე (3)
14(16). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 3 წრე (1)
15(12). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 36 წრე
16(9). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 36 წრე
17(20). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 63 წრე
18(17). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 70 წრე
19(14). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) 71 წრე
20(19). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 71 წრე

საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 169 (4 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 159 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 120 (1); 4. კიმი რაიკონენი - 72; 5. ვალტერი ბოტასი - 67; 6. ფელიპე მასა - 62; 7. დანიელ რიკარდო - 36; 8. დანიილ კვიატი - 19; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 18; 10. რომენ გროსჟანი - 17; 11. ფელიპე ნასრი - 16; 12. სერხიო პერესი - 13; 13. პასტორ მალდონადო - 12; 14. მაქს ფერსტაპენი - 10; 15. კარლოს საინსი - 9; 16. მარკუს ერიქსონი - 5; 17. ჯენსონ ბატონი - 4.

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 328; 2. ფერარი - 191; 3. უილიამსი - 129; 4. რედ ბული - 55; 5. ფორს ინდია - 31; 6. ლოტუსი - 29; 7. ზაუბერი - 21; 8. ტორო როსო - 19; 9. მაკლარენი - 4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული