ფორმულა 1: ოფიციალურად - ალონსო მალაიზიაში მიდის

AutoSharing Option
გუშინ ბრიტანულმა საჯინიბო "მაკლარენმა" ოფიციალურად დაადასტურა ფერნანდო ალონსოს მონაწილეობა მალაიზიის გრანპრიში. ესპანელმა პილოტმა წარმატებით გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის სამედიცინო ტესტები. ხუთშაბათს მას კიდევ ერთი ასეთი პროცედურა ელოდება, მაგრამ ეს უკვე ფორმალობა იქნება.

"მაკლარენ ჰონდა" სიხარულით ადასტურებს, რომ ფერნანდო ალონსო დაბრუნდება მალაიზიაში MP4-30-ის საჭესთან.

ბარსელონას ტესტებზე ავარიის შემდეგ ფერნანდო მკაცრი კონტროლის ქვეშ ვარჯიშობდა სპეციალური პროგრამით, რომელიც საუკეთესო სპორტულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს იმისთვის, რათა ალონსო სწრაფად და ყოველგვარი გართულების გარეშე დაბრუნებოდა რბოლებს.

გასულ კვირას ფერნანდო "მაკლარენის" ტექნოლოგიურ ცენტრში სიმულატორზე ვარჯიშობდა. ამით ის გაეცნო
ბოლო ცვლილებებს MP4-30-ის შასიში და ძალისმიერ აგრეგატში. ეს პროცესი მოიცავდა შეხვედრას ინჟინრების ჯგუფის ხელმძღვანელთან, რომლის დროსაც განიხილეს ავარიის გარემოებები და ყველა მონაცემი, რომელიც გუნდმა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციაში გააგზავნა.

მანქანის ტელემეტრიას არ უჩვენებია ავარიის აშკარა მიზეზები და არ ყოფილა არანაირი გადაცდომა ტექნიკურ ნორმებში. ფერნანდომ გაიხსენა, რომ ავარიის წინ "სიმძიმე" იგრძნო საჭის მოწყობილობაში.

ალონსო მოუთმენლად ელოდება საჭესთან დაბრუნებას და იმედი აქვს, რომ დიდ წვლილს შეიტანს მუშაობაში, რათა დაჩქარდეს გუნდის პროგრესი", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული