ფორმულა 1: ფერნანდო ალონსო უკვე სახლშია

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ დატოვა საავადმყოფო, თუმცა მონაწილეობას არ მიიღებს წინასასეზონო ტესტების მესამე სერიაში, რომელიც სულ მალე ბარსელონაში დაიწყება. ესპანელს შეცვლის "მაკლარენის" სარეზერვო პილოტი კევინ მაგნუსენი.

ალონსო კვირას ავარიაში მოხვდა ბარსელონას ტესტების ბოლო დღეს და რამდენიმე დღე ჰოსპიტალში გაატარა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩინა და ფერნანდო მხოლოდ ტვინის შერყევით გადარჩა.

იტყობინებიან, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკვე დაბრუნდა ქალაქ ოვიედოში, საკუთარ სახლში. ტესტების ბოლო სერიის გამოტოვების გამო ესპანელი პირდაპირ ჩაებმება ჩემპიონატში, რომელიც 15 მარტს იღებს სტარტს.

* * *
იტალიურმა
გაზეთმა "კორიერე დელო სპორტმა" ინტერვიუ ჩამოართვა "რენოს" ყოფილ შეფს, ფლავიო ბრიატორეს, რომელმაც ისაუბრა საკუთარ ურთიერთობაზე თანამედროვე ფორმულა 1-თან, სებასტიან ფეტელის "ფერარიში" გადასვლაზე, ალონსოს ავარიაზე...

"ყველას, "მერსედესის" გარდა, ძალიან რთული გამოცდა ელის, რადგან ფორმულა 1, პილოტების ჩემპიონატის ნაცვლად, ძრავების ჩემპიონატი გახდა. გუნდებს შორის სხვაობა რამდენიმე ათეული წამი უნდა იყოს, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ძალისმიერი აგრეგატი გაცილებით მძლავრია.

"ფერარის" შედეგები ტესტებზე? ჩვენ არ ვიცით, იმ მომენტში რამდენი საწვავი ჰქონდათ ტრასაზე. რაიკონენი ამბობს, რომ ახალი მანქანა სამართავად უკეთესია, მაგრამ უმჯობესია, თავი შევიკავოთ პროგნოზებისგან, რათა შემდეგ იმედგაცრუება არ გვქონდეს. "ფერარი" უნდა იგებდეს ფორმულა 1-ში, მაგრამ ამ სეზონში ერთი გუნდის გასწრება ძალიან რთული იქნება.

ფეტელმა "ფერარის" ახალი მოტივაცია მოუტანა, გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ხელმძღვანელობაც ახალია. სებასტიანი შესანიშნავი პილოტია, მაგრამ ახლა ავტომრბოლელის როლი არც ისე დიდია, როგორც ადრე, როცა ძრავები და აეროდინამიკა გაცილებით მარტივი იყო.

რაც შეეხება ალონსოს ავარიას, ეს იყო გარემოებათა უიღბლო დამთხვევა. ტელემეტრიიდან ჩანდა, როგორ სცადა მანქანის დამორჩილება. ეს ფერნანდოს მეორე სერიოზული ავარიაა კარიერაში, პირველი იყო 2004 წელს. მაგრამ მთავარია, რომ გამოკვლევამ დაზიანება არ გამოავლინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული