ჟაკ ვილნევი: გიჟური ფორმულას უკანასკნელი გმირი

AutoSharing Option
80-იანი წლების დასაწყისში, ფორმულა 1 თავით გადაეშვა მეცნიერებაში. იქ, სადაც ადრე ბრტყელტუჩები და ჩაქუჩები ბატონობდნენ, გაჩნდა იდეალურად გაპრიალებული რთული ფორმის დეტალები, ანტიფრთების, მუხრუჭებისა და ამორტიზატორების მახასიათებლებმა ქირურგიულ სიზუსტეს მიაღწიეს, მანქანის აწყობით კი აეროდინამიკის სპეციალისტები იყვნენ დაკავებულნი.

ამ ეპოქამ ძირეულად შეცვალა ფორმულა 1, აჩუქა მას განვითარების ახალი ვექტორი. მაგრამ, სწორედ მან წაართვა რბოლებს ადამიანი, რომელიც ძალიან გვიან დაიბადა.

კანადური პროვინციიდან გამოსულ ჟილ ვილნევს რისკიანი გასართობები იზიდავდა - ჯეკ ლონდონის მოთხრობებში სტილში. არა მარხილებით, არამედ თოვლმავლებით, ის ჯერ კიდევ სკოლაში მონაწილეობდა რბოლებში.
თანდათან, ეს გასართობი სამუშაოდ გადაიქცა - იგებდა რბოლებს თოვლიან ტრასებზე, აღებული თანხით კი საკუთარ საასფალტო ექსპერიმენტებს აფინანსებდა.

ის გამოდიოდა "ფორმულა ფორდში" და "ფორმულა ატლანტიკში", სადაც ფეხი მოიტეხა და ექვსი თვის განმავლობაში, ტურნირების გარეშე დარჩა. მაგრამ ვილნევისთვის შიში უცხო იყო - უკვე მომდევნო წელს მოიგო პირველი რბოლა, 1976 წელს კი ტიტული აიღო - ათი შესაძლებლიდან ცხრაჯერ ავიდა პოდიუმის პირველ საფეხურზე.

მაგრამ, ყველა ეს მოგება - არაფერს ნიშნავს ფორმულა 1-ის გუნდების ბოსებისთვის: მათ განკარგულებაში ათობით ბიჭია არანაკლები შედეგებით და ხანდახან, დიდ ფულითა და სპონსორებით. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო ვილნევის წარმატება არაჩასათვლელ რბოლაში - "ტრუა რივიერში", სადაც მან ფორმულა 1-ში ჩემპიონობისკენ მიმავალ ჯეიმს ჰანტსა და კიდევ ერთ მომავალ ჩემპიონს ალან ჯონსს გაუსწრო. იმავე 1976 წელს, ვილნევი "მაკლარენის" ტესტებზე მოხვდა.

გიჟმაჟმა ჰანტმა ხელი შეუწყო ჟილის ფორმულა 1-ში მისვლას - ინგლისელი მასში თითქოს საკუთარ თავს ხედავდა. კანადელს ჰქონდა Wolf-ისა და Brabham-ის ვარიანტები, მაგრამ, მხოლოდ ჰანტის გუნდმა შესთავაზა ღირსეული მანქანა და 1977 წელს სტარტის საშუალება.

ვილნევმა იმედები არ გაუცრუა ჯეიმსს - პირველ და ერთადერთ რბოლაში "მაკლარენის" ბოლიდით, კინაღამ ქულათა ზონაში შევიდა. კანადელი წინა წლის ბოლიდით კვალიფიკაციის პირველ ათეულში მოხვდა და შესანიშნავ ტემპს რბოლაშიც ინარჩუნებდა. მან დრო მხოლოდ ბოქსებში მექანიკოსების შეცდომის გამო დაკარგა. მაგრამ მომდევნო წლისთვის კონტრაქტი არ გაუფორმეს - საპრიზო პილოტები იყვნენ ჰანტი და მასი. სამაგიეროდ, ვილნევს თავისი მანქანა, მოულოდნელად, თავად ნიკი ლაუდამ დაუთმო, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა ჩემპიონობა და ტოვებდა "სკუდერიას".

ენცო ფერარისთვის ჟილი ერთგვარი წამალი აღმოჩნდა ეშმაკ და პრაგმატულ ავსტრიელთან ბრძოლების შემდეგ. ვილნევი გახდა ახალი შვილი, რომელსაც ფერარი მამობრივი ერთგულებითა და სიყვარულით მეურვეობდა. მხოლოდ ჟილს პატიობდა ენცო გაუთავებელ ავარიებსა და მანქანის ავანტურულ მართვას. უკვე იაპონიაში, წითელი ბოლიდით თავის მეორე გრანპრიზე, ვილნევმა კინაღამ დაასამარა საკუთარი კარიერა, როცა საშინელ ავარიაში მოხვდა.

გასწრებისას, კანადელი არაფერზე ფიქრობდა და რონი პეტერსონს შეასკდა, ჰაერში გადალახა ბარიერი და ტრასის მიღმა დაეშვა მიწაზე. პილოტი სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ დაიღუპნენ მარშალი და ფოტოგრაფი, რამდენიმე მაყურებელმა კი ტრავმა მიიღო. დაზარალებულები აკრძალულ ზონაში იმყოფებოდნენ, მაგრამ პრესისთვის ამ ფაქტს არ ჰქონდა მნიშვნელობა: პილოტი უკვე ჩაწერეს მოყვარულთა სიაში. "ფერარის" კი არც უფიქრია ჟილზე ხაზის გადასმა, რადგან კანადელში ამომავალი ვარსკვლავი და მსოფლიოს პოტენციური ჩემპიონი დაინახა.

კანადელს ჰქონდა ყველაფერი, რაც ენცო ფერარის მოსწონდა: სიჩქარე, ჟინი, მონდომება, უშიშარი ხასიათი და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. დიადი "კომენდატორე" ძველებურად 60-იან წლებში ცხოვრობდა, ვილნევი კი ახერხებდა მისთვის ამ პერიოდის გაცოცხლებას. ჟილისთვის რბოლა ყოველთვის ცალკე გამოწვევად რჩებოდა, ტრასაზე ის ივიწყებდა ჩემპიონატს, ტაქტიკასა და ქულებს.

ვილნევს არ სურდა დანებება ცხადზე ცხად სიტუაციებში, მაგალითად, როგორც ეს მოხდა 1979 წელს, ჰოლანდიის გრან-პრიზე. მას საბურავი გაუსკდა და ტრასიდან გადავარდა. ჟილს არც უფიქრია ბოლიდიდან ამოსვლა. მანქანა ტრასაზე გაიყვანა და მაქსიმალურად შესაძლებელი სიჩქარით გაემართა ბოქსებისკენ. მექანიკოსებამდეე მანქანამ საბურავისა და წინა დაკიდების გარეშე მიაღწია. ამას ხელი არ შეუშლია ვილნევისთვის მოეთხოვა - აღედგინათ მანქანა და ტრასაზე გაეშვათ.

ის წელი საუკეთესო იყო კანადელის კარიერაში. მეორე ადგილი თანაგუნდელი ჯოდი შექტერის შემდეგ - სულაც არ იყო დიდი მიღწევა პერფექციონისტი ვილნევისთვის. ის გიჟივით მოძრაობდა ტრასაზე, სამხრეთაფრიკელი კი, უბრალოდ, ფინიშამდე მიდიოდა. გამოცდილი თანაგუნდელის ტაქტიკა კანადელს არ სიამოვნებდა - ის რისკავდა ყოველთვის და სხვანაირად არ შეეძლო.

ვილნევს არ გაუმართლა: ტურბოძრავებზე გადასვლა, რომელსაც ის ასე მოუთმენლად ელოდა, "ფერარის" მძიმედ გადაჰქონდა. კანადელმა კარგი ბოლიდი მხოლოდ 1982 წელს მიიღო, მაგრამ სეზონი მძიმედ დაიწყო.

აფრიკის გრანპრიზე ბრძოლა შეწყვიტა ტექნიკური პრობლემების გამო, ბრაზილიაში ტრასიდან გადავარდა, აშშ-ში კი პოდიუმი დაკარგა დისკვალიფიკაციის გამო - ორმაგი უკანა ანტიფრთა წესებში არ ჯდებოდა. სან მარინოს გრანპრიზე ჟილი დამაჯერებლად მიდიოდა გამარჯვებისკენ და როგორც იქნა, დაუჯერა გუნდის რჩევებს და საწვავის ეკონომია დაიწყო. ისე ჩანდა, რომ ვილნევი პირველად იყო მზად - უარი ეთქვა საკუთარ პრინციპებზე ჩემპიონატში წარმატების სანაცვლოდ.

მაგრამ, თანაგუნდელისგან მწარე სილამ საბოლოოდ გაუცრუა იმედი მსგავს ტაქტიკაზე: პირონიმ ფეხებზე დაიკიდა საწვავის ეკონომია, გაუსწრო პარტნიორს და მას განაღდებული გამარჯვება მოპარა. ამით, ფრანგმა მოქმედებაში მოიყვანა ბედის სასტიკი გეგმა. ჟილი აუცილებლად აპატიებდა მას, მაგრამ ვერ მოასწრო. ბელგიაში ტრაგიკულმა კვალიფიკაციამ, რომელშიც ვილნევმა მთელი თავისი ბრაზი ჩადო, შეწყვიტა ნიჭიერი პილოტის ცხოვრება.

გიჟი ტრასაზე, მაგრამ ტრეკის მიღმა, ჟილი ნამდვილი ჯენტლმენი იყო. ის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა, დახვეწილი მანერები ჰქონდა და მტკიცე ოჯახი ჰყავდა. თავისი მეუღლე ჯოანი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გაიცნო და ბოლომდე მისი ერთგული იყო. მათ ორი შვილი ჰყავდათ - ჟაკი და მელანი, რომლებშიც თავისი ცხოვრების აზრს ხედავდა, ოღონდ ტრასის მიღმა.

წლების შემდეგ, ჟაკმა ორ წელიწადში გადაფარა ფორმულა 1-ში მამის ყველა მიღწევა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მაგრამ, კანადელი ფანების გულებში სხვა ვილნევი რჩება. სწორედ ის, ვისაც ჭკუიდან გადაჰყავდა ყველა თავისი სტილით, ველური ავარიებით და რბოლებით, რომლებსაც ჟილი მთლიანად უძღვნიდა საკუთარ თავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული