ფორმულა 1: უარი "ჰონდას"?

AutoSharing Option
ბრიტანული საჯინიბო "მაკლარენი" "მერსედესთან" იწყებს მოლაპარაკებებს ძრავების მიწოდებასთან დაკავშირებით, - იტყობინება BBC.

"მაკლარენი" უკმაყოფილოა წინასასეზონო ტესტებზე წარუმატებელი გამოსვლით, რომლის დროსაც, "ჰონდას" ახალი ძრავა არასაიმედო და არამძლავრი აღმოჩნდა და ახლა, განიხილავს ძრავების მიმწოდებლის შეცვლის ვარიანტს.

თავდაპირველად, "მერსედესისა" და "მაკლარენის" წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ინფორმაცია, თუმცა, დღის მეორე ნახევარში ბრიტანულ საჯინიბოსთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ "მაკლარენმა" მართლაც მიმართა "მერსედესს" ძრავებთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, თუ ბრიტანელები გადაწყვეტენ "ჰონდასთან" თანამშრომლობის შეწყვეტას.

როგორც წყარო ამბობს, უკვე გაიმართა წინასწარი მოლაპარაკებები და "მაკლარენს" უარი არ მიუღია. ლაპარაკია მოკლევადიანი
თანამშრომლობის პერსპექტივაზე.

სიტუაცია რთულდება "ჰონდასთან" მიმდინარე კონტრაქტის გაწყვეტით და "მაკლარენის" მხრიდან ფინანსურ ვალდებულებებზე უარის თქმით. იაპონურ კონცერნთან თანამშრომლობაზე შესაძლო უარით, "მაკლარენი" ამ სეზონში დაახლოებით 100 მილიონ ევროს დაკარგავს.

თანაც, ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, "მაკლარენი" "ჰონდას" ძრავებს უფასოდ იღებს, თან იაპონური კომპანია პილოტების ხელფასის ნახევარს იხდის. ვარაუდობენ, რომ ძრავების მიმწოდებლის შეცვლა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "მაკლარენის" ხელმძღვანელობა შეძლებს სატიტულო სპონსორის პოვნას.

მაგრამ, მეორეს მხრივ, "მაკლარენში" შიშობენ, რომ თუ იაპონური კომპანია პროგრესს ვერ მიაღწევს და პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მაშინ გუნდი არა მხოლოდ ყველაზე ნელი იქნება პელოტონში, არამედ გაუჭირდება რბოლებში ფინიშამდე მისვლა. ხოლო ბოლო ადგილი კონსტრუქტორთა თასზე, ძალიან დაეტყობა ფინანსურ მდგომარეობას.

და კიდევ, თეორიულად, "მერსედესს" შეუძლია ძრავების მიწოდება კიდევ ერთი გუნდისთვის, რადგან პოტენციურ კლიენტთა ერთი ადგილი განთავისუფლდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონატიდან მოიხსნა გუნდი "მანორი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული