ფორმულა 1: სეზონი "ზაუბერმა" გახსნა

AutoSharing Option
შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა" გახსნა 2017 წლის სეზონისთვის განკუთვნილი ბოლიდების ოფიციალური პრეზენტაციების სერია.

გუნდმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მანქანის ფოტოები და მცირე ინფორმაციაც დაურთო ახალი C36-Ferrari-ის შესახებ. გუნდში იმედოვნებენ, რომ ამ მანქანით "ზაუბერისთვის" საიუბილეო 25-ე სეზონში პროგრესს მიაღწევენ.

შეფერილობა შარშანდელს მოგვაგონებს, ოღონდ Banco do Brasil-ის ყვითელი ფერები გაქრა - შემოდგომაზე ბრაზილიელი ბანკირები დაშორდნენ გუნდს ქვეყანაში ფინანსური კრიზისის გამო, სხვა სერიოზული სპონსორები კი "ზაუბერში" არ მისულან. გუშინ წარმოდგენილ ფოტოებზე თითქმის არ ჩანს სპონსორების ლოგოები.

გასულ წლის ზაფხულში, შვეიცარიელმა ინვესტორებმა Longbow Finance SA-დან გამოისყიდეს
გუნდის აქციათა 100 პროცენტი, თუმცა გუნდის სახელწოდება არ შეცვლილა. წელს, საჯინიბოს ხელმძღვანელი ისევ მონიშა კალტენბორნი იქნება.

როგორც ირკვევა, მანქანა სულ ახლიდან არის შექმნილი - არც ერთი დეტალი არ დარჩა შარშანდელი C35-დან. თუმცა, C36-ზე დამონტაჟებულია "ფერარის" 2016 წლის ძრავა. "ზაუბერი" ერთადერთი გუნდი იქნება წლევანდელ სეზონში, რომელიც შარშანდელ ძრავებს გამოიყენებს.

2017 წელს, "ზაუბერის" პილოტები იქნებიან მარკუს ერიქსონი და პასკალ ვერლიაინი. პირველად მანქანას საქმეში 27 თებერვალს ვნახავთ, როცა ბარსელონაში დაიწყება ტესტების პირველი სერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული