სხვა

ხელბურთი

რუსული სკანდალი თბილისში - მწვრთნელი ბიჭებს აგინებდა და სცემდა

AutoSharing Option
ხელბურთში რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი ჩიგარიოვმა, შესაძლოა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღოს. რუსეთის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სერგეი შიშკარიოვის განცხადებით, ჩიგარიოვს უკვე დაატოვებინეს პოსტი.

"მისი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას აღმასკომის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ეს უკვე მომხდარი ფაქტია. მოედანზე ვერ ვხედავ მისი მუშაობის შედეგს. ის შეურაცხყოფას აყენებს ბიჭებს, სცემს მათ - ამის შესახებ ყველამ იცის.

ამასთან, მან თავისი საქციელით ბიჭებს მოგება წაართვა ტუნისთან მატჩში. იმის ნაცვლად, რომ დაეხმაროს, ის თავისი ხელებით ბოლოს უღებს გუნდის წევრებს. ეს ამორალურია, დაუშვებელი საქციელია.

ჩემი პოზიციაა: კოლეგებს
შევთავაზებ, ჩამოართვან მას ყველა საპატიო წოდება, რომელიც გააჩნია, მისცენ სამუდამო დისკვალიფიკაცია და აუკრძალონ ბავშვებთან ყველანაირი კავშირი", - თქვა შიშკარიოვმა.

რუსეთის ნაკრები თბილისში მიმდინარე 19-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოდის. მან D ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გავიდა. რაც შეეხება ტუნისთან მატჩს, შაბათს რუსებმა 30:31 წააგეს აფრიკულ გუნდთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"