ძალოსნობა. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის სამი ოქრო

AutoSharing Option
ქართველმა ათლეტმა რევაზ დავითაძემ 19 ოქტომბერს ჩინებულად იასპარეზა ახალგაზრდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც ალბანეთის ქალაქი დურესი მასპინძლობს.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მედლებისთვის სხვადასხვა ქვეყნის 17 სპორტსმენი იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ დავითაძე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების ვერცხლის პრიზიორია. ალბანურ ფიცარნაგზე მან მესამე ცდაზე 165 კილოგრამი აიტაცა და ოქროს მედალი მოიპოვა - მეორეადგილოსანი დავიდ ჰოვანისიანი (სომხეთი) შვიდი კილოთი ჩამოიტოვა.

156 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი კარენ ავაგიანს (სომხეთი) ხვდა. ამავე წონაში გამოდიოდა საქართველოს ნაკრების წევრი ნოდარ კაკაბაძე, რომელმაც 149 კილოგრამით მე-8 ადგილი
დაიკავა.

დავითაძე შეუდარებელი იყო აკვრაშიც. აქ მან პაექრობა 181 კილოთი დაიწყო, როცა მონაწილეთა ნახევარზე მეტს შეჯიბრება დამთავრებული ჰქონდა.

ჩვენებურმა მესამე ცდაზე 188-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა და პირველობაც არავის დაუთმო.

186-186 კილოგრამით მეორე-მესამე ადგილები უკრაინელებმა - ილია კულიკოვმა და იგორ ობუხოვმა გაიყვეს (ვერცხლის ბედი პირადი წონის 200 გრამმა გადაწყვიტა კულიკოვის სასარგებლოდ. ბოლო ცდაზე ის 190 კილოს ვერ მოერია). კაკაბაძემ (182 კგ), ატაცთან შედარებით, ნაბიჯით წინ წაიწია.

ორი მოძრაობის შემდეგ 353 კილოგრამით ორჭიდშიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, ცხადია, რევაზ დავითაძე ავიდა და დურესის სპორტის სასახლეში ისევ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ჩემპიონმა მეორე ადგილზე გასულ სომეხ მეტოქეს 10 კილოგრამით აჯობა.

85 კგ
1. რევაზ დავითაძე საქართველო 353 (165+188)
2. დავიდ ჰოვანისიანი სომხეთი 343 (158+185)
3. ილია კულიკოვი უკრაინა 340 (154+186)
...6. ნოდარ კაკაბაძე საქართველო 331 (149+182)

* * *
დღეს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთი წევრი მოსინჯავს ძალებს - უფროსებში ევროპისა და ახალაგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი ანასტასია გოტფრიდი.

იგი 23-წლამდელთა შორის ახალ წონაში - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ხვალ კი, ჩემპიონატის ბოლო დღეს, მედლებისთვის ორივე ასაკში ხუთი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მახარებს და მეამაყება, დიდებულია, მჯერა ასე გაგრძელდება რადგანაც ისე არაფერი არ ხდება. ბატონი კახი არ ხუმრობს, ძალოსნობა ეროვნულ სახეობად მოგვევლინა, ამის ნიშნები თვალში საცემია.
გაბრიელი
17:32 20-10-2017
0

სიახლეები პოპულარული