ზე რაგბი: ლიდერობა ორ კონფერენციაში გაიმყარეს

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტური უცნაური გამოდგა. ავსტრალიის კონფერენციის ორივე ლიდერმა წააგო. ახალი ზელანდიისა და სამხრეთი აფრიკის კონფერენციებში კი გამარჯვებას მიაღწიეს და პოზიციები გაიმყარეს.

ავსტრალია
ავსტრალიის კონფერენციაში პირველ ადგილზე მყოფმა კანბერას "ბრამბიზმა" სტუმრად ითამაშა სიდნეის "ვორათაზთან" და 22:28 წააგო.

კანბერელები 43-ე წუთამდე ანგარიშში წინ იყვნენ და სწორედ ამ დროისთვის შეძლეს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება - 13:13. გადამწყვეტი უპირატესობა "ვორათაზმა" მატჩის ბოლო ათ წუთში მოიპოვა.

ამავე კონფერენციაში ბოლოადგილოსანმა პერთის "ფორსმა" სამხრეთ აფრიკის კონფერენციის მესამეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლა და 13:23 წააგო.

აღსანიშნავია,
რომ პერთელებმა პირველი ტაიმი მცირედი უპირატესობით მოიგეს - 10:7. სტუმრებმა გარდატეხას დასკვნით 20 წუთში მიაღწიეს. მათ ერთი გარდასახული ლელოსა და ორი საჯარიმოს გატანა შეძლეს.

მეორე წყვილში, სადაც ასევე ავსტრალიური და სამხრეთაფრიკული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. "მელბურნ რებლზმა" დაძაბულ მატჩში კეიპთაუნის "სტორმერზს" მოუგო - 30:21.

XIV ტური
მელბურნ რებლზი-სტორმერზი 30:21, ფორსი-ნატალ შარქსი 13:23.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 46 ქულა, 2. რედსი - 44, 3. ვორათაზი - 38, 4. მელბურნ რებლზი - 28, 5. ფორსი - 19.

XV ტური
მელბურნ რებლზი-ვორათაზი, ფორსი-ჰაილენდერზი

ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის კონფერენციაში ლიდერმა, ჰემილთონის "ჩიფსმა" სტუმრად ითამაშა ველინგტონის "ჰარიკენზთან" და 17:12 მოუგო.

დედაქალაქელებმა ჰემილთონელებს სერიოზული წინააღმდეგობა პირველ ტაიმში გაუწიეს, თუმცა სამი ქულის სხვაობით მაინც წააგეს - 9:12. შესვენების შემდეგ სტუმრები მეტი ყურადღებით გაისარჯნენ და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

განსაკუთრებულ ინტერესს კი ამავე კონფერენციის მესამეადგილოსნის, ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" და მეორე ადგილზე მყოფი ოქლენდის "ბლუზის" დაპირისპირება იწვევდა.

"ჯვაროსნებმა" შინ შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს 20 ქულის სხვაობით მოუგეს - 23:3. შედეგად, ქრაისთჩერჩელები სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე გადაბარგდნენ.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღია გამოჯანმრთელებულ რიჩი მაქოას. სამაგიეროდ, მწყობრში იყო მგეზავი დენ კარტერი, თუმცა კარში დარტყმის ფუნქცია ფულბეკმა ტომ ტეილორმა ითავა. მან სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (13 ქულა).

XIV ტური
ჰარიკენზი-ჩიფსი 12:17, კრუსეიდერზი-ბლუზი 23:3

სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 48 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 42, 3. ბლუზი - 41, 4. ჰარიკენზი - 34, 5. ჰაილენდერზი - 16.

XV ტური
ჩიფსი-კრუსეიდერზი, ბლუზი-ბრამბიზი

სამხრეთი აფრიკა
სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში, როგორც უკვე ვთქვით, ორივე ლიდერმა გაიმარჯვა. ამ ქვეყნის რაგბის ფლაგმანმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" შინ მიიღო ახალი ზელანდიის კონფერენციის აუტსაიდერი, დანიდინის "ჰაილენდერზი" და 35:18 დაამარცხა.

მასპინძლები 72-ე წუთამდე 24 ქულის სხვაობით იგებდნენ. დანიდინელები დასკვნით რვა წუთში გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის მხოლოდ 17 ქულამდე შემცირება შეძლეს. "ლურჯი ხარების" მგეზავმა მორნი სტეინმა სამი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა გაიტანა (15 ქულა).

პრეტორიელებს კვალში უდგას ბლუმფონტეინის "ჩიტაზი", რომელმაც შინ დაამარცხა ავსტრალიის კონფერენციის მეორეადგილოსანი, ბრისბენის "რედსი" - 27:13.

"წითლებს" ორი ლელო მასპინძელთა ცხრა ნომერმა პეტრუს ერასმუს ფან ზილმა გაუტანა. მასპინძლების უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობი იყო. ისინი მეტოქეს 77-ე წუთამდე 21 ქულის სხვაობით უგებდნენ. ბრისბენელებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე მოახერხეს.

XIV ტური
ბლუ ბულზი-ჰაილენდერზი 35:18, ჩიტაზი-რედსი 27:13

სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუ ბულზი - 46, 2. ჩიტაზი - 40, 3. ნატალ შარქსი - 33, 4. სტორმერზი - 30, 5. საუთერნ კინგზი - 24.

XV ტური
საუთერნ კინგზი-ჩიტაზი, სტორმერზი-რედსი, ნატალ შარქსი-ბლუ ბულზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული