დაუმარცხებელი ერთია: კეიპთაუნის "სტორმერზი"

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-5 ტური A ჯგუფის აუტსაიდერების, "მელბურნ რებლზისა" და პერთის "ფორსის" დაპირისპირებით გაიხსნა.

მელბურნელებმა უმძიმეს ბრძოლაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს - 30:29.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში საკმაოდ აქტიურად დაწყეს და 26-ე წუთისთვის 24:7-ს იგებდნენ. მათ შვიდ-შვიდი წუთის შუალედით სამი ლელო გაიტანეს. ერთ-ერთი მათგანი ინგლისელი მგეზავის, დენი სიპრიანის ანგარიშზეა. მანვე ზუსტად გამოიყენა სამივე გარდასახვაც.

სტუმრები მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურდნენ და 63-ე წუთზე დაწინაურება შეძლეს - 29:27. გამარჯვების მომტანი საჯარიმო მასპინძლებისთვის 73-ე წუთზე გარემარბმა მარკ ჯერარდმა გაიტანა.

ამავე ჯგუფში დიდი ინტერესი
გამოიწვია გათამაშების ფავორიტების, სიდნეის "ვორათაზისა" და დურბანის "ნატალ შარქსის" დაპირისპირებამ. სიდნეელებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, რაზეც სტუმრებმა მხოლოდ სამით უპასუხეს და "ვორათაზმა" უმნიშვნელოვანესი ხუთი ქულა მიითვალა - 34:30.

აღსანიშნავია, რომ "ზვიგენებმა" მასპინძლებს პირველი ტაიმში 17:13 აჯობეს. შესვენების შემდეგ ანგარიშში უპირატესობა რვა წუთში თერთმეტამდე გაზარდეს - 24:13. სიდნეელები ამის შემდეგ საგრძნობლად გააქტიურდნენ და "ნატალ შარქსს" სამი უპასუხო ლელო გაუტანეს.

A ჯგუფის ლიდერმა კანბერას "ბრამბიზმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა B ჯგუფის პირველადგილოსანი დანიდინის "ჰაილენდერზი" - 33:26.

ავსტრალიურ კლუბში სამი ლელოდან ორი გარემარბმა ჯოზეფ ტომინიმ მიითვალა. მგეზავი კრისტიან ლეალიფანოს ანგარიშზე 18 ქულაა (სამი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო).

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ფორსი 30:29, ვორათაზი-ნატალ შარქსი 34:30, ბრამბიზი-ჰაილენდერზი 33:26.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 17 ქულა, 2. ვორათაზი - 13, 3. რედსი - 13, 4. მელბურნ რებლზი - 10, 5. ფორსი - 7.

VI ტური
ბრამბიზი-ნატალ შარქსი, ფორსი-რედსი

* * *

B ჯგუფში ოქლენდის "ბლუზმა" შინ წააგო ველინგტონის "ჰარიკენზთან" - 25:26. მატჩი, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ძალზედ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა სამი ლელოს წყალობით მიმდინარე გათამაშებაში მესამე გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში აქამდე პირველ ადგილზე მყოფ "ჰაილენდერზს" ახლა მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 28:21. აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნები" 43-ე წუთისთვის 18:3 იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მრისხანე მეტოქეს შეუპოვარი ბრძოლა გაუმართეს.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში მგეზავმა დენ კარტერმა, რომელიც მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა.

B ჯგუფი
ბლუზი-ჰარიკენზი 25:26, კრუსეიდერზი-ჩიტაზი 28:21
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 18 ქულა, 2. ჰაილენდერზი - 17, 3. ჰარიკენზი - 15, 4. კუსეიდერზი - 14, 5. ბლუზი - 6.

VI ტური
ჰაილენდერზი-მელბურნ რებლზი, ჰარიკენზი-ჩიტაზი, ჩიფსი-ვორათაზი.

* * *

პრეტორიის "ბლუ ბულზმა" მოულოდნელად დიდი ანგარიშით დაამარცხა ზე რაგბის შარშანდელი გამარჯვებული ბრისბერნის "რედსი" - 61:8.

"ლურჯი ხარების" მიერ "წითლების" ძლევა არავის გაკვირვებია, თუმცა ასეთ გამანადგურებელ ანგარიშსაც არავინ ელოდა. პრეტორიელებმა მეტოქეს რვა ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაუტანეს, რომლებიც "ბლუ ბულზის" რვა მორაგბის ანგარიშზეა. მგეზავმა მორნი სტეინმა, რომელმაც მოედანი ლელოს გარეშე დატოვა, გუნდს 18 ქულა შესძინა (ექვსი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

ზე რაგბის წლევანდელ გათამაშებაში ჯერაც დაუმარცხებელი ერთი გუნდიღა დარჩა. ეს კეიპთაუნის "სტორმერზია", რომელმაც მე-5 ტურში სტუმრად სძლია იოჰანესბურგის "ლაიონზს" - 24:19. ყველაზე შედეგიანი გამარჯვებულთა შორის ფულბეკი კრისტიან პიტერსენი იყო, რომელმაც 14 ქულა დააგროვა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

C ჯგუფი
ბლუ ბულზი-რედსი 61:8, ლაიონზი-სტორმერზი 19:24
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 20 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 19, 3. ნატალ შარქსი - 12, 4. ლაიონზი - 10, 5. ჩიტაზი - 7.

VI ტური
ლაიონზი-კრუსეიდერზი, სტორმერზი-ბლუ ბულზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული