უბრალოდ "წითლები"

AutoSharing Option
ზე რაგბის წლევანდელი გათამაშება დასასრულს უახლოვდება. ხვალ ფინალში, ბრისბენში ადგილობრივი "რედსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" შეხვდება.

"წითლების" ასე შორს წასვლას, სეზონის დასაწყისში, ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა. თუმცა ამ გუნდის ბოლო ოთხი წლის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავინახავთ კლუბის განვითარების არატიპურ, სპეციფიკურ მაგალითს. გუნდი, რომელიც ოთხი წლის წინა არაფერს წარმოადგენდა, დღეს ყველაზე მაღალი რანგის ტურნირის ფინალისტია. მოდი თვალი გადავავლოთ, როგორ ვითარდებოდა ბრისბენელთა გუნდში მოვლენები.

ახალი ერის დასაწყისი?
2007 წლის სეზონის წინ "რედსის" მწვრთნელად "ვოლაბების" ყოფილი დამრიგებელი ედი ჯონზი
დაინიშნა. გუნდში მისმა მისვლამ "წითლების" ქომაგებს იმედი ჩაუსახა, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი ღრმა კრიზისს თავს დააღწევდა. ამის საფუძველს ის შესანიშნავი ახალი თაობაც აძლევდათ, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და გუნდის შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებდა.

თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ეს კლუბის ხელმძღვანელებს და ქომაგებს უნდოდათ. "რედსმა" იმ სეზონში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავა. იმავე წელიწადს "წითლებისთვის" ყველაზე ბნელი დღე გათენდა. ბრისბენელებმა პრეტორიის "ბლუ ბულზთან" კატასტროფული ანგარიშით - 92:3 წააგეს. ამის შემდეგ ედი ჯონზისა და "რედსის" გზები გაიყარა, რაც სავსებით ლოგიკური იყო.

ნახვამდის ბარნს
მომდევნო სეზონში ჯონზი ფილ მუნმა შეცვალა. გუნდმა ნელ-ნელა თამაშს უმატა. მართალია, მწვერვალები ვერ დაიპყრო, მაგრამ ჩაითვალა, რომ მე-12 ადგილი, წინა სეზონში დაკავებულ ბოლო, მე-14 ადგილს ჯობდა. თუმცა, ის რომ გუნდში ძირეული ძვრები ხდებოდა, "ბლუ ბულზთან" შეხვედრამ დაამტკიცა. ბრსიბენელებმა ყველაფერი იღონეს, რომ საკუთარ მოედანზე რევანში აეღოთ და მოქმედი ჩემპიონი 4:8 დაამარცხეს.

2009 წელს კი "წითლები" მე-13 ადგილზე გავიდნენ, ეს კიდევ არაფრი, სეზონის ბოლოს გაცხადდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მორაგბე, ბერეკ ბარნსი კონკურენტ, სიდნეის "ვორათაზში" გადადის.

მშველელად მაკკენზის უხმეს
ბარნსის გუნდიდან წასვლის შემდეგ მუნი შეეცადა ოპტიმიზმი შეენარჩუნებინა, მაგრამ "წითლების" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს მას სასწრაფოდ დასცილებოდნენ. მის ნაცვლად კი გუნდში ევან მაკენზი მიიწვიეს, ამ ამბავმა "რედსის" ქომაგებს ხასიათი გამოუკეთა. მაკკენზი "ვორათაზის" მთავარი მწვრთნელი და ავსტრალიის ნაკრების თავკაცის ასისტენტი იყო. იმ სეზონში კი პარიზულ "სტად ფრანსეში" მუშაობდა, მაგრამ ამ გუნდში დიდხანს ვერ გაჩერდა. მისი ხელმძღვანელობით პარიზელებმა მხლოდ ხუთი შეხვედრა გამართეს.

მაკკენზის პირველი სეზონი "რედსში", თამამად უნდა ითქვას, რომ წარმატებული გამოდგა. ბრისბენელებს პლეი ოფამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ. "წითლებმა" ყველასთვის მოულოდნელად მეხუთე ადგილი დაიკავეს. ამ სეზონში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ცხრა ნომერი ვილი გენია და მგეზავი ქუადე კუპერი. მათი ბრწყინვალე თამაშის წყალობით, "რედსმა" რეგულარულ გათამაშებაში ფინალისტების "ბლუ ბულზისა" და "სტორმერზის" დამარცხება შეძლეს.

ჩემპიონობის მოლოდინში
წლევანდელი სეზონის დასაწყისში ზე 14-ს კიდევ ერთი გუნდი, "მელბურნ რებლზი" დაემატა. "რედსის" ქომაგები ამან ძალიან ააღელვა, რადგან არსებობდა რეალური საფრთხე იმისა, რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს მელბურნში გადაიბირებდნენ. ახლშექმნილმა კლუბმა ინგლისელი მგეზავის დენი სიპრიანისა და ავსტრალიური რაგბის ლეგენდის სტირლინგ მორთლოქის გადაბირება შეძლო. მაკკენზი ყველა ღონე იხმარა, რათა "წითლების" ვარსკვლავები შეენარჩუნებინა. მან ისინი დაარწმუნა, რომ "რედსთან" ერთად წარმატებას მიაღწევდნენ.

ბრისბენელებმა, მართალია, წლევანდელი სეზონი კარგად ვერ დაიწყეს, მაგრამ მერე რამდენიმე ტურიანი წაუგებელი სერია წამოიწყეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ფინალში ამჟამინდელ მეტოქესთან, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" მინიმალური სხვაობით გამარჯვება იყო - 17:16. ეს მოგება "რედს" ჰაერივით" სჭირდებოდა.
ბრისბენელებმა საჩემპიონო თამაში აჩვენეს ნახევარფინალში ოქლენდის "ბლუზთან". ამ თამაშში სრულად წარმოჩნდა "რედსის" შეტევითი პოტენციალი, რომლის არქიტექტორიც ქუადე კუპერი იყო. მას მხარი აუბა გარემარბმა როდ დევისმა, რომელმაც ზე რაგბიში თავისი პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.

ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ "რედსს" კარგი შანსი აქვს ეს აღმავლობა ფინალში ლოგიკურად დაასრულოს, თუმცა "კრუსეიდერზის" ლიდერებს, რიჩი მაკქოუს, დენ კარტერს და სონი ბილ ვილიამსს ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრებები გააჩნიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული