ნოემბრის ტესტები: "პუმებმა" "ლე ბლო" ისევ დაჯაბნეს

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების ძირითადი ეტაპი დასრულდა. გასამართავი მხოლოდ ორი მატჩიღა დარჩა. განვლილ, მესამე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა საფრანგეთის საშინაო მარცხი იყო არგენტინის ეროვნულ გუნდთან და ირლანდიის გამარჯვება "ავივა სთედიუმზე" "ვოლაბებთან".

ჩვენთვის საინტერესო მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" მეტოქის, ტონგას ნაკრების მატჩი იყო სტუმრად, კილმარნოკში შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან.

კუნძულელებმა "ნარშავებს" მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწიეს. მეტიც, ერთი ხანობა 12:7-ს უგებდნენ, თუმცა ტაიმი ორი ქულის სხვაობით დათმეს - 12:14.

შესვენების შემდეგ "სკოტებმა" სისწრაფეს უმატეს და სწორედ ამის ხარჯზე დაჯაბნეს მეტოქე - 37:12.

ბრწყინვალე სანახაობა
შედგა "ავივა სთედიუმზე", სადაც ირლანდიის ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 26:23 და დაამტკიცა, რომ მსოფლიოს რეიტინგში მესამე საფეხური სამართლიანად უკავია.

"სამყურებმა" თამაში ჰიპერაქტიურად დაიწყეს და მე-14 წუთისთვის მრისხანე ავსტრალიის ნაკრებს 17:0-ს უგებდნენ. "ვოლაბები" გონს მალევე მოეგნენ და 22 წუთში ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც - 20:17. თუმცა ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს - 20:20.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდმა დაცვაში გაცილებით მკაცრად ითამაშა. ავსტრალიელებმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს, რაზეც "სამყურებმა" ორით უპასუხეს და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს.

საოცარი შეხვედრა გაიმართა კარდიფში, "მილენიუმზე". აქ უელსის ნაკრებმა ახალი ზელანდიის გუნდს უმასპინძლა. სწორედ ამ არენაზე უნდა დაუპირისპირდეს "ოლ ბლექსს" საქართველოს ნაკრები მომავალ წელს გასამართავ მსოფლიოს თასზე.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ურჩხულებისა" და ახალზელანდიელების დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ, 3:3 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაში უფრო შედეგიანი გახდა და 67-ე წუთამდე მასპინძლები მინიმალური სხვაობით იგებდნენ - 16:15. მომდევნო 10 წუთში "ოლ ბლექსმა" სამი ლელო გაიტანა და უელსელები გაწბილებული დატოვა - 34:16.

არგენტინის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამარცხა საფრანგეთის ეროვნული გუნდი. ამჯერად თამაში "სტად დე ფრანსზე" გაიმართა. გადაჭედილი სტადიონის თანდასწრებით, "ლე ბლოს" სირცხვილი არგენტინელთა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა აჭამა. მან მეტოქეს სამი არეკნი და ორი საჯარიმო გაუტანა (15 ქულა), კიდევ ერთი არეკნი ხუან მარტინ ერნანდესის ანგარიშზეა. საბოლოოდ, "პუმებმა" ფრანგებს 18:13 სძლიეს.

მსოფლიოს თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეტოქემ, ნამიბიის ნაკრებმა სტუმრად, ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან წააგო - 20:29. ნამიბიელებმა პირველ ტაიმში უკეთესად ითამაშეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 13:12 აჯობეს. შესვენების შემდეგ "ლობუშებმა" საკუთარი კედლების ფაქტორი კარგად გამოიყენეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ნოემბრის ტესტები
ფიჯი-აშშ 20:14
ფიჯი: 3ლ - ვოტუ (2), ნაგუსა. ს,გ: ნადოლო.
აშშ: 2ლ - ნგვენია, კელი. 2გ - მაკლინი.

რუმინეთი-კანადა 18:9
რუმინეთი: 6ს - ვლაიკუ.
კანადა: 3ს - პიტჩარდი (2), მაკრორი.

იტალია-სამ. აფრიკა 6:22
იტალია: 2ს - ჰაიმონა.
სამ.აფრიკა: 3ლ - ოსტჰუიზენი, რეინახი, ჰაბანა. 2გ - პოლარდი. ს - ლამბიე.

შოტლანდია-ტონგა 37:12
შოტლანდია: 5ლ - კოუანი, ჰოგი, დანბერი, კროსი, სეიმური. 3ს,2გ: ლაიდლოუ.
ტონგა: 4ს - ფოსიტა.

ირლანდია-ავსტრალია 26:23
ირლანდია: 2ლ - ზებო, ბოუი. 4ს,2გ - სექსტონი.
ავსტრალია: 3ლ - ფიპსი (2), ფოლი. 2ს,გ - ფოლი.

უელსი-ახ. ზელანდია 16:34
უელსი: ლ - ვები. 3ს,გ - ჰალპფენი.
ახ.ზელანდია: 5ლ - სავეა, კაინო, ბარეტი (2), რიდი. 3გ - სლედი (2), ბარეტი. ს - ბარეტი.

ინგლისი-სამოა 28:9
ინგლისი: 3ლ - მეი (2), ბრაუნი. 2გ,3ს - ფორდი.
სამოა: პისი (3).

საფრანგეთი-არგენტინა 13:18
საფრანგეთი: ლ - ფოფანა. გ - ლოპესი. 2ს - ლოპესი, კოკოთი.
აგენტინა: 4ა - სანჩესი (3), ერნანდესი. 2ს - სანჩესი.

29 ნოემბერი
ინგლისი-ავსტრალია
უელსი-სამ. აფრიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული