სამოას მორაგბეთა ნაკრები ისტორიას ქმნის

AutoSharing Option
ივნისის ტესტების პირველი დღე ლოგიკურად დასრულდა. ფავორიტებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავიანთი მატჩები მოიგეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო არგენტინისა და ინგლისის ნაკრებების დაპირისპირება იყო, რადგან "ბორჯღალოსნებს" 22 ივნისს სწორედ "პუმებთან"
უწევთ სტუმრად თამაში.

არგენტინის ნაკრებმა, რომელსაც წამყვანი მოთამაშეების უმრავლესობა აკლდა, "პომებს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 3:32 დამარცხდა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საუკეთესო შემადგენლობით არც ინგლისის ნაკრებს უთამაშია, რადგან გუნდის ლიდერები "ბრიტანელ ლომებში" არიან მიწვეულნი.

თამაში ინგლისელი მორაგბეების უპირატესობით დაიწყო და სტუმრები პირველი ტაიმის ბოლომდე მშრალი ანგარიშით, 25:0-ს იგებდნენ. არგენტინელმა ფულბეკმა მარტინ ბუსტოს
მოიანომ მხოლოდ მე-40 წუთზე შეძლო ერთი საჯარიმოს გატანა, რომელიც მთლიანად მატჩში აღმოჩნდა მასპინძლებისთვის ერთადერთი.

შესვენების შემდეგ ანგარიში დიდხანს აღარ შეცვლილა. "პომებმა" მხოლოდ თამაშის ბოლო წუთზე მოახერხეს კიდევ ერთი გარდასახული ლელოს გატანა და მასპინძლები გაწბილებულები დატოვეს.

ინგლისელთა რიგებში გამორჩეული იყო 21 წლის გარემარბი კრისტიან ვეიდი, რომელმაც ამ მატჩში პირველი კეპი მოიხვეჭა.

"თამაშის წინ ნაკრების მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი დიდხანს მესაუბრა. მკითხა, მესმის თუ არა, რას ნიშნავს გეცვას შენი ქვეყნის ნაკრების კვართი. მირჩია, ვიფიქრო იმ ბიჭებზე, ვისაც ეს მაისური ჩემამდე უტარებიათ. ჯეისონ რობინსონი, მარკ კუეტო და პოლ სასკი მართლაც უდიდესი მორაგბეები იყვნენ. ჩემთვის დიდი პატივია, მათ შთამომავლად ვითვლებოდე.

ვფიქრობ, ლანკასტერისთვის იმედი არ გამიცრუებია. გუნდმა კარგი, შემტევი რაგბი ითამაშა და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა" - თქვა მან.

ამ გუნდების მორიგი შეხვედრა ბუენოს აირესში ერთი კვირის თავზე გაიმართება.

არგენტინა-ინგლისი 3:32
არგენტინა (15-9) ბოსტოს მოიანო, ორლანდო (აგულა 58), ტიესი, კონტეპომი, მონტერო, ურდაპილიეტა (ასკარატე 58), ლანდახო. (1-8) ჰენი (როანი 50), ვეიგა (გვიდონე 54), ბუსტოსი (კოდელა 68), ლოსადა (კინალი 61), გალარსა, კაბეჯო (დე ლა ვეგა), მაკომე, ლეონარდი.
ს: ბუსტოს მოიანო.
ინგლისი (15-9) ბრაუნი (ფოდენი 67), ვეიდი, ჯოსეფი (ესტმონდი 63), თველვეტრისი, სტრიტლი, ბარნსი, დიკსონი (ვაიგელსვორსი 53). (1-8) მარლერი (თომასი 74), ვებერი (პაისი 67), ვილსონი (დორან-ჯოუნზი 72), ლანჩბერი, ეთვუდი (ლოუ 53), ვუდი, კვესიჩი, მორგანი (ვუნიპოლა 67).
4ლ: სტრიტლი, თველვეტრისი, მორგანი, ვუნიპოლა. 3გ,2ს: ბარნსი.

* * *
დღის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია სამოას ნაკრების ისტორიული გამარჯვება დურბანში, შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაში - 27:17.

სამოელებმა "სკოტები" პირველად დაამარცხეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ განვითარებული სარაგბო ქვეყნის წარმომადგენლები არიან და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მათგან ნებისმიერ სიურპრიზს უნდა ველოდოთ.

მატჩის გმირი გარემარბი ალესანა ტუილაგი გახდა, რომელიც ინგლისის ნაკრებში მოთამაშე შუამარბის, მანუ ტუილაგის ძმაა. ალესანამ "ნარშავებს" ორი ლელო გაუტანა.

იქვე, დურბანში, სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 44:10. "ბოკემ" მეტოქეს 5 ლელო გაუტანა. ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა რიგებში მგეზავი მორნი სტეინი გახლდათ. მან გუნდს 17 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა).

დაძაბული და უშეღავათო გამოდგა ნოემბრის ტესტებზე ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქის, აშშ-ის ნაკრების დაპირისპირება შინ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან. მასპინძლების ფულბეკმა კრის ვაილესმა მეტოქეს ოთხი საჯარიმო გაუტანა, რაზეც "სამყურების" მგეზავმა იან მადიგანმა ხუთით უპასუხა - 15:12.

აღსანიშნავია, რომ ეს ანგარიში თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაფიქსირდა. ამერიკელებს მატჩის გადასარჩენად დრო საკმარისად ჰქონდათ, თუმცა მრისხანე მეტოქეს, რომელსაც საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე აკლდა, ვერაფერი დააკლეს.

მედგარი წინააღმდეგობა გაუწია იაპონიის ნაკრებმა შინ უელსის ეროვნულ გუნდს. მეტიც, ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც - 11:6. შესვენების შემდეგ უელსელებმა მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს, თუმცა მატჩის ბოლო წუთამდე მხოლოდ მინიმალური სხვაობით, 19:18 იგებდნენ.

"წითელი ურჩხულების" შეცვლაზე შესულმა 20 წლის მგეზავმა რის პეტჩელმა საჯარიმო გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:18.

ივნისის ტესტები
იაპონია-უელსი 18:22
იაპონია: 2ლ - ფუჯიტა, ბროდჰორსტი. გ,2ს - გორომარუ.
უელსი: ლ - რობინსონი. გ - ბიგარი. 5ს - ბიგარი (4), პეტჩელი.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი 23:13
ახალი ზელანდია: 2ლ - ა.სმითი, კენი. 2გ,3ს - კრადენი.
საფრანგეთი: ლ - ფოფანა. გ - მაშენო. 2ს - მაშენო, ლოპესი.

სამოა-შოტლანდია 27:17
სამოა: 3ლ - სოოიალო, ა.ტუილაგი (2). 3გ,2ს - სოოიალო.
შოტლანდია: ლ - ლამონტი. 4ს - ლაიდლოუ.

სამხრეთ აფრიკა-იტალია 44:10
სამხრეთ აფრიკა: 5ლ - სტრაუსი, ენგელბერხტი, ჰაბანა, დე ფილიერსი, ბოთა. 5გ - სტეინი (4), ლამბიე. 3ს - სტეინი.
იტალია: ლ - სგარბი. ს,გ: დი ბერნარდო.

აშშ-ირლანდია 12:15
აშშ: 4ს - ვაილესი.
ირლანდია: 5ს - მადიგანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული