"ოლ ბლექსი" და "ლე ბლო" ერთმანეთს ისევ "ედენ პარკზე" შეხვდებიან

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ახალზელანდიურ ტურნეს ოქლენდში, "ედენ პარკზე" "ოლ ბლექსთან" დაპირისპირებით გახსნის. "ლე ბლოს" თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ ძირითად შემადგენლობაში ორი დებიუტანტი დააყენა.

ცხრა ნომრის პოზიციაზე ბორდოელი კალიმ ლოპესი ითამაშებს. გარემარბი კიდევ ერთი დებიუტანტი ადრიენ პლანტე იქნება, მაშინ, როცა მეორე ფრთაზე გამოცდილი მაქსიმ მედარი ითამაშებს. ის ეროვნულ გუნდში 33-ე კეპს მოიხვეჭს. მედარმა ოთხი წლის წინათ დანიდინში, ახალი ზელანდიის ნაკრებთან შეხვედრაში, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. მას შემდეგ "ლე ბლოს" "ოლ ბლექსისთვის" აღარ მოუგია.

გამოცდილი მორაგბეები ფრედერიკ მიშალაკი და მაქსიმ მერმოსი სათადარიგოთა შორის იქნებიან,
რადგან საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მონაწილეობის გამო ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ.

ორი დებიუტანტი ეყოლება ახალი ზელანდიის ნაკრებსაც. ესენია ბენ აფეაკი და ჯერემი ტრუში, რომლებიც სათადარიგოთა შორის იქნებიან. წლეულს პირველად ითამაშებს ეროვნულ გუნდში შერკინების კვაჭი დენ კოლი.

უკანა ხაზში არ ითამაშებს მგეზავი დენ კარტერი. ამ პოზიციაზე აარონ კრადენს ვიხილავთ, რომელსაც ცხრა ნომრის პოზიციაზე აარონ სმითი შეუწყვილდება. ისევ შთამბეჭდავად გამოიყურება შუამარბების, მაა ნონუსა და კონრად სმითის დუეტი.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირას ტრავმებმა გაგვაწამეს, მაინც კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად ვიცით, საფრანგეთის ნაკრები როგორ თამაშობს. თუმცა ეს გუნდი ძალზე ამოუცნობია და როდის რას შემოგვთავაზებს, ვერ გაიგებ. ამიტომ მუდმივად მზად და ყურადღებით უნდა ვიყოთ" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდიისა და სფრანგეთის ნაკრებებმა ერთმანეთთან აქამდე ორმოცდათერთმეტჯერ ითამაშეს. "ოლ ბლექსმა" 38 გამარჯვებას მიაღწია, 12 მატჩი წააგო და ერთი შეხვედრაც ფრედ დაასრულა.

საფრანგეთი
15. იან უგე, 14. ადრეინ პლანტი, 13. ფლორინ ფრიცი, 12. ვესლი ფოფანა, 11. მაქსიმ მედარი, 10. კალიმ ლოპესი, 9. მაქსიმ მაშენო. 1. ტომას დომინგო, 2. დიმიტრი სჟარჟევსკი, 3. ლუკ დუკალკონი, 4. სებასტიან ვაჰამაჰინა, 5. იოან მაესრტი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ფლუჟანს უოდრაოგო, 8. ლუი პიკამოლი.
16. გილემ ჟირადო, 17. ვინესენ დაბატი, 18. დანიელ კუცია, 19. ალექსანდრ ფლანკარტი, 20. იანიკ ნიანგა, 21. ჟან-მარკ დუსენი, 22. ფრედერიკ მიშალაკი, 23. მაქსიმ მერმოსი.

ახალი ზელანდია
15. ისრაელ დაგი, 14. ბენ სმითი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კარადენი, 9. აარონ სმითი. 1. ვაით კროკეტი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. ბრედლი რეტალეკი, 6. ლიამ მესამი, 7. სენ კენი, 8. კირან რიდი.
16. კევინ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ბენ აფეაკი, 19. ჯერემი ტრუში, 20. ვიქტორ ვიტო, 21. ტავერა კერ ბარლოვი, 22. ბოდენ ბარეტი, 23. რენე რენჯერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული