ფილიპ სენტ-ანდრე გამოცდას ატარებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ ივნისის ტესტებისთვის ექსპერიმენტული შემადგენლობა შეკრიბა.

მან გუნდში რამდენიმე წამყვან მორაგბეს არ უხმო. მათ შორის ერთ-ერთი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მსოფლიოს 2011 წლის საუკეთესო მორაგბე, მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარია.

ფრანგები ორ უმნიშვნელოვანეს მატჩს არგენტინის ნაკრებთან სტუმრად გამართავენ. "პუმებმაც", ფრანგების მსგავსად, ძალიან ბევრ ახალბედას უხმეს, თუმცა მაინც მიიწვიეს 35 წელს გადაცილებული როდრიგო რონსერო და ფელიპე კონტეპომი.

სენტ-ანდრეს სურს, რომ მომავალ მატჩებში ის მორაგბეები იხილოს საქმეში, რომელთა მხრებმა მომდევნო რამდენიმე წელიწადი უნდა ზიდონ ნაკრების მძიმე სვე. ამდენად, ივნისში
ქომაგს საშუალება მიეცემა, "ლე ბლოს" მომავალი თაობა იხილოს.

"ზოგიერთ მორაგბეს 15-16 თვეა, არ დაუსვენია. გამუდმებით თამაშობენ. მათ სულის მოთქმა და ძალების აღდგენა სჭირდებათ. არ გვინდა, არგენტინაში ვეტერანი მორაგბეები ვიახლოთ. კარგი იქნება, თუ ისინი როგორც ფიზიკურად, ისე მორალურადაც დაისვენებენ.

გუნდში საკმა
ოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მივიწვიეთ. სამ-ოთხ მათგანს, მიგვაჩნია, რომ რეალურად შეუძლია მალე განიცადოს პროგრესი და ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდროს ადგილი. საამისოდ კი საჭიროა, ისინი მაღალი დონის გუნდებთან უაღრესად დაძაბულ მატჩებში გამოვცადოთ.

ტიერი დუსოტუარი დღემდე რჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად. მას ძალიან უნდოდა არგენტინაში ტესტების სათამაშოდ წამოსვლა, მაგრამ თუ მას ახლა დასვენების საშუალებას არ მივცემთ, შესაძლოა, საერთოდ დავკარგოთ.

შეუძლებელია კმაყოფილი იყო, როცა ხუთი თამაშიდან ორი მოიგე, ორი წააგე და ერთიც ფრედ დაასრულე.

წლევანდელი ექვსი ერის გათამაშებაში "ლე ბლოს" ასპარეზობა აუცილებლად უარყოფითად უნდა შეფასდეს.

ჩვენ ბევრი შეცდომა
დავუშვით როგორც შეტევის, ისე დაცვის ორგანიზებისას და ახლა ივნისის ტესტებს სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოვიყენებთ" - თქვა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ.

ტიერი დუსოტუარის გარდა, ნაკრებში გამოძახებულნი არ არიან საფრანგეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მონაწილე გუნდების, "ტულუზის", "კლერმონის", "მონპელიეს", "კასტრის", "ტულონისა" და "მეტრო რასინგის" მორაგბეები. ასევე - ბიარიცელი ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი.

საფრანგეთის ნაკრები
იოან უგე, მარვინ ოკონორი, ბენუა გუიო, რაფაელ ლაკაფია, ლორან ვენსელსი, ივან ვატრემესი, ტიბო დუბარი, ლუკას დუპონტი, ანტოან ჯილმონი, დავიდ ატუბი, ჟულიენ დიუპიუი, ალექსანდრ ფლანკარტი, პასკალ პაპე, ჯულის პლისონი, რაბან სლიმანი, დიმიტრი სჟარჟევსკი, ბრაის დულინი, მაქსიმ მაშენო, ტომას სინგელი, ფლორიან კაზენავე, დამიენ შული, ჟილემ ჟირადო, მაქსიმ მერმოსი, ჟოფრეი მიშელი, ადრიან პლანტე, რომენ ტაოფიფენუა, კამილ ლოპესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული