ქართველი ჩოგბურთელები: კალაშნიკოვა დარჩა, შაფათავა დაემშვიდობა

AutoSharing Option
ჩინურ ტიანჯინში გრძელდება ჩოგბურთელ ქალთა 500.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომლის წყვილთა პაექრობაში 10 ოქტომბერს სოფიო შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ იასპარეზეს.

შაფათავამ უზბეკ საბინა შარიპოვასთან ერთად კატარჟინა პიტერისა (პოლონეთი) და იპეკ სოილუს (თურქეთი) დუეტთან წააგო (4:6, 1:6) და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

კალაშნიკოვა ესპანელ ლარა არუაბარენასთან ერთად მე-2 ნომრადაა განთესილი. სტარტზე ისინი აკიკო ომაესა (იაპონია) და ნინა სტოიანოვიჩის (სერბეთი) ტანდემს დაუპირისპირდნენ. პირველი ხელი იოლად მოიგეს – 6:0. ეტყობა, ოქსანამ და ლარამ ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და მე-2 სეტში დაისაჯნენ კიდეც - 6:7 წააგეს. დაძაბულად წარიმართა
მესამე სეტიც. ქართულ-ესპანურმა წყვილმა გაიმარჯვა 11:9 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჩინელების – სინუინ ჰანი-კაი ლინ ჟანისა და სინიუ გაო-იინ ჟანის ტანდემებს შორის უძლიერესს შეხვდება.

* * *
ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ სანტა მარგარიტა დი პულაში იმყოფება და ქალთა 25.000-იან ტურნირში ჩაებმება.

ერთეულებში იგი სტარტზე მე-8 ნომრად განთესილ მასპინძელს - ჯესიკა პერის შეხვდება, ხოლო წყვილებში გერმანელ ლიზა პონომარისთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტებს - ლინა ჯორჯესკას (მაკედონია) და ანასტასია კომარდინას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას.

* * *
მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტურ შარმ ელ შეიხს მიაშურა. დღეს ერთეულთა პირველ წრეში შვედ ჟაკლინ კაბაი ავადის შეხვდება, წყვილებში უკრაინელ ალონა ფომინასთანაა შეამხანაგებული და მეოთხე ნომრადაა განთესილი.

პირველ წრეში ისინი ისვენებენ. მეოთხედფინალში ბრიტანელებისა (სუზი ლარკინი, მირაბელ ჟოზე) და უნგრელების (ბიანკა ბეკეფი და შაბინა სლავიკოვიჩი) ტანდემებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

* * *
გასული კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს.
გთავაზობთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს: 

ქალები
ერთეულები. 190 (193). სოფიო შაფათავა (280), 269 (270). ეკატერინე გორგოძე (175), 458 (465). მარიამ ბოლქვაძე (70), 481 (478). სოფიო ქვაცაბაია (64), 794 (789). ოქსანა კალაშნიკოვა (18), 1072 (1075). ანა შანიძე (7).
წყვილები. 47 (52). კალაშნიკოვა (1705), 168 (170). შაფათავა (402), 262 (266). გორგოძე (229), 365 (362). ქვაცაბაია (141), 588 (586). ბოლქვაძე (62), 712 (708). თათია მიქაძე 937), 1139 (1127). შანიძე (10), 1274 (1261). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 104 (103). ნიკოლოზ ბასილაშვილი (580), 340 (339). ალექსანდრე მეტრეველი (139), 829 (835). გიორგი ცივაძე (21), 1752 (1749). ალექსანდრე ბაკში (1), 1752 (1749). შოთა მეფარიძე (1), 2057 (2052). გიორგი ჯავახიშვილი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული