ექვსი ერი. V ტური: ინგლისელთა სამიზნე "ოლ ბლექსია"

AutoSharing Option
"ამაყი ვარ ჩემი მორაგბეებით. მართალია, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბიჭებმა ეს შეძლეს. ყოველთვის მჯეროდა მათი" - თქვა საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ "პომების" ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა.

ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ექვსი ერის გათამაშების ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაინაღდა, სტუმრად, "სენ დენიზე" საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა - 31:21 და სლემი შეასრულა, ანუ ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგო.

მას შემდეგ, რაც "პომების" სათავეში ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯონსი მივიდა, გუნდის თამაში უფრო ხალასი და ეფექტური
გახდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინგლისელების მაქსიმუმი არ არის. აი, რას ამბობს ის "ბიბისისთან":

"ყველაზე კარგი ისაა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად შეგვიძლია თამაში.

შეგვწევს თუ არა ძალა, დავამარცხოთ "ოლ ბლექსი"? არ შეგვწევს, მაგრამ მაინც დავამარცხებთ.

ცხადია, კარგია, რომ ევროპაში დომინანტები ვართ, მაგრამ ჩვენ წინ საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. გუნდის საშუალო ასაკი 24 წელიწადია. 2019 წლის მსოფლიოს თასზე ის 28-მდე გაიზრდება. ჩვენ გვყავს ბევრი ნიჭიერი მორაგბე, რომლებსაც ახალი ზელანდიის ნაკრების დამარცხება ძალუძთ.

ახლა ჩვენი ყურადღება ივნისის ტესტებისკენ იქნება მიმართული. ცნობილია, რომ ტურნე ავსტრალიაში გველის, სადაც კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს ვნახავთ საქმეში".

სრულიად განსხვავებული ვითარებაა საფრანგეთის ნაკრებში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სარაგბო ქვეყანაა. მართალია, მის სათავეშიც ახალი მწვრთნელია, თანაც საკმაოდ გამოცდილი და სახელოვანი გი ნოვესი, მაგრამ ეფექტი სულაც არ არის ისეთი, როგორიც ინგლისელთა შემთხვევაში. თუმცა თვითონ მწვრთნელი სხვაგვარად ფიქრობს.

"მიმაჩნია, რომ საფრანგეთის ნაკრებს გარკვეული პროგრესი აქვს. ჩვენ მეხუთე ადგილს ნამდვილად არ ვიმსახურებდით. გამარჯვებამდე ცოტა დაგვაკლდა უელსთან და შოტლანდიასთან. ინგლისზე კი, რა გითხრათ. ის მართლაც ყველაზე უკეთესი გუნდია ამ დროისთვის.

ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და მუდმივად პრობლემების გადაჭრის რეჟიმში ვართ. ხან შერკინებაში გვიჭირს, ხან დერეფანში, ხან ფეხით თამაშში გვაქვს ხარვეზები. თუმცა, ყველაზე მეტად მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით ვარ უკმაყოფილო. მათგან მეტ თავდადებას ველოდი, არადა, უდავოა, რომ პროგრესი გვაქვს" - ამტკიცებს გი ნოვესი.

მორიგი, დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა იტალიის ნაკრებმა. "სკუადრა აძურამ" ამჯერად სტუმრად წააგო უელსის ეროვნულ გუნდთან - 14:67. შესაბამისად, იტალიელები "ხის კოვზის" მფლობელები არიან, ანუ ხუთი თამაშიდან ხუთივე წააგეს.

მიუხედავად ამისა, იტალიელთა არგენტინული წარმოშობის კაპიტანი სერჯო პარისე იხტიბარს არ იტეხს და ექვს ერში ადგილმონაცვლეობის წინააღმდეგია.

"პატივს ვცემ ყველა იმ სარაგბო ერს, რომელიც "ერთა თასზე" ასპარეზობს. საქართველომ და რუმინეთმა მართლაც სერიოზული პროგრესი განიცადეს, მაგრამ ჩვენ ექვს ერში თამაში მეტად გვერგება, რადგან საკმაოდ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენ აქ ასპარეზობა დავიმსახურეთ და ადგილმონაცვლეობა, ვფიქრობ, გაუმართლებელია" - თქვა მან.

ცხადია, ეს საკითხი პარისეს გადასაწყვეტი არაა და თუ ფუქციონერებმა ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტეს, მას არც არავინ შეეკითხება.

ექვსი ერი. V ტური
საფრანგეთი-ინგლისი 21:31
საფრანგეთი: 7ს - მაშენო
ინგლისი: 3ლ - კერი, კოლი, ვოტსონი. 4ს,2გ - ფარელი

ირლანდია-შოტლანდია 35:25
ირლანდია: 4ლ - სტანდერი, ერლზი, მურეი, ტონერი. 3ს,3გ - სექსტონი
შოტლანდია: 3ლ - ჰოგი, რ. გრეი, დანბარი. 2ს,2გ - ლაიდლოუ.
სინბინი: ბარკლი, დანბარი

უელსი-იტალია 67:14
უელსი: 9 ლ - მორიარტი (2), ვები, ბიგარი, დევისი, რობერტსი, ნორსი, ვილიამსი, დევისი. 8გ: ბიგარი (5), პრისტლენდი (3). 2ს: ბიგარი.
იტალია: 2ლ - პალაზინი, გარსია. 2გ - ჰაიმონა
სინბინი: პალაზინი

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 10 ქულა, 2. უელსი - 7, 3. ირლანდია - 5, 4. შოტლანდია - 4, 5. საფრანგეთი - 4, 6. იტალია - 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული