ვოლაბებს ბრისბენში ტრადიციის გაგრძელება სურთ

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრები სამი ერის გათამაშებაში მომავალ უქმეებზე ჩაებმება. "ვოლაბები" ბრისბენში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებენ. "ბოკემ" სტარტზე ორიდან ორივე თამაში წააგო ახალი ზელანდიის ნაკრებთან და სპეციალისტთა საერთო აზრით, იოლი გასეირნება არც "მწვანე კონტინენტზე" ელოდება.

ავსტრალიელი მორაგბეები და მათი მწვრთნელები, ცხადია, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მომავალი მეტოქეების თამაშს. "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა ბევრი საგულისხმო დეტალი მოინიშნა. მთავარი მიზეზი, რის გამოც "ოლ ბლექსმა" მოწინააღმდეგე აშკარად დაჩაგრა, ბრწყინვალე ფიზიკური კონდიციები, რაკში სუფთად თამაში და ფეთქებადი, ფეხმარდი უკანა ხაზი იყო. "ვოლაბებმაც" ყურადღება სწორედ ამ კომპონენტებზე უნდა
გაამახვილონ.

ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა "ბოკე", რომელიც სამი კვირაა, მოგზაურობს, ძალების აღდგენას და ყურადღების მაქსიმალურად კონცენტრირებას. არადა, სამხრეთაფრიკელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. ზედიზედ სამი მარცხი მათთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ავსტრალიელთა უპირატესობას შევნიშნავთ. სამხრეთ აფრიკას, მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდა, ბრისბენში არასდროს მოუგია. მეტიც, 2006 წელს ავსტრალიამ "ბოკე" 49:0 გაანადგურა.

რობი დინსს საფიქრალი თავსაყრელად აქვს. ავსტრალიურ რაგბიში ახალი, საკმაოდ საინტერესო თაობა მოვიდა. ახლა დინსზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეარჩევს ძირითად თხუთმეტეულს, არჩევანი მწირი სულაც არ გახლავთ.
მგეზავი ერთ-ერთი ის პოზიციაა, რომელზეც "ვოლაბების" თავკაცს დიდი განსჯა და ფიქრი არ სჭირდება. აქ ქუადე კუპერი, ფაქტობრივად, უკონკურენციოა. ამ უნიჭიერესი მორაგბის ცხოვრებაში ახლახან ერთი დიდი, სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რთული ეტაპი დასრულდა და ახლა მხოლოდ რაგბიზეა კონცენტრირებული.

მას, სავარაუდოდ, შეუწყვილდება ვილი გენია, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და "ბოკესთან" საბრძოლველად მზადაა. გენია ორიოდე თვის წინ დასრულებულ ზე 14-ის გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესო ცხრა ნომერი იყო.

შუამარბებად რობი დინსს მეთ გიტო და ბერეკ ბარნსი შეუგულებია. შესანიშნავი წყვილია. ავსტრალიელთა ყველაზე უნივერსალური მოთამაშე ადამ ეშლი-კუპერი, ალბათ, გარემარბის პოზიციას დაიკავებს, ისევე, როგორც დრიუ მიტჩელი. ფულბეკი კი, ცხადია, ვინც იქნება - მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავი ჯეიმზ ოკონორი.

ყველაზე დიდი პრობლემა "ვოლაბების" თავკაცს შერკინების პირველ ხაზში აქვს. ეს ახალი ამბავი არ არის და, სავარაუდოდ, "ბოკე" სწორედ მეტოქის ამ ნაკლის გამოყენებას შეეცდება.

ავსტრალიის ნაკრები
შერკინება: ჯიმი სლიპერი, რობ საიმონსი, ნათან შარფი, ბენ რობინსონი, დევიდ პოკოქი, დენ მამი, სტივენ მური, სალესი მააფუ, ბენ მაკკალმენი, მეთ ჰოჯსონი, სკოტ ჰიგინბოთამი, საია ფაინგაა, როკი ელსომი, ბენ დეილი, მარკ ჩისჰოლმი, რიჩარდ ბრაუნი.
უკანა ხაზი: ადამ ეშლი-კუპერი, ბერიკ ბარნსი, ქართლი ბეილი, ლუკ ბარჯესი, ქუადე კუპერი, ენტონი ფაინგაა, ვილი გენია, მეთ გიტო, რობ ჰორნი, პეტერ ჰინესი, დიგბი იოანი, ჯეიმზ ოკონორი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული