დე ფილიერსს ავანტიურის იმედიღა აქვს

AutoSharing Option
დროა, თასი კარგად გააპრიალონ, რადგან, როგორც ეტყობა იოჰანესბურგი, ის ქალაქი იქნება, სადაც "ოლ ბლექსი" სამი ერის ჩემპიონობას ვადაზე ადრე გაინაღდებს.

ახალი ზელანიდის ნაკრები, რომელიც ტურნირს დაუმარცხებლად ლიდერობს, დღეს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ოლ ბლექსის" მიზანი ერთი შეხედვით მარტივია, მთავარია, მატჩი შვიდ ქულაზე მეტი სხვაობით არ წააგოს. ამ შემთხვევაში ახალზელანდიელები ერთ პრემიალურ ქულას მიიღებენ და მეტოქეთათვის მიუწვდომელნი შეიქნებიან.

თუმცა "ოლ ბლექსი" რისი "ოლ ბლექსია" მცირე სხვაობით წაგებაზე იფიქროს. დარწმუნებულნი ვართ, ასეთ რამეს აზრად წამითაც არ გაივლებენ. მსოფლიო თასის გათამაშება ახლოვდება
და ახალზელანდიელები ყველანაირად ცდილობენ, რაგბის უდიდეს ფორუმს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. ისინი ყველაფერს იღონებენ,რათა სამშობლოდან ვებ ელისის თასი არავის გაატანონ.

ფაქტია, რომ დღესდღეობით ახალი ზელანდიის ნაკრები ყველაზე რაციონალურ, სანახაობრივ და ეფექტურ რაგბის თამაშობს. გრემ ჰენრი უკვე რამდენიმე წელია, შემადგენლობას ჯიუტად არ ცვლის და შედეგსაც იმკის. "ოლ ბლექსი" ერთ მუშტად შეკრულ, მობილურ, მრისხანე გუნდად ჩამოყალიბდა.

თუმცა სიახლე მაინც არის. ეს პირველხაზელი ძმების ბენ და ოუენ ფრენქსების თამაშია. მათ ახალზელანდიელთა შერკინება უფრო მოძრავი, სწრაფი და ღონიერი გახადეს. და კევინ მეალამუ, "ოლ ბლექსის" შერკინების კვაჭი ახალბედა არ არის, მაგრამ წლეულს ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

შეუდარებელია ახალი ზელანდიის ნაკრების მესამე ხაზი, ჯერომ კაინო, რიჩი მაკქოუ და კირან რიდი. მათი მახვილგონივრული გარღვევების შეჩერება ხშირად შეუძლებელია.

ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ძირითადი ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი, შესაბამისად, პირი ვიპუმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მგეზავ დენ კარტერს კი შანსი აქვს, სამხრეთ აფრიკასთან მოპოვებული ქულების მიხედვით რეკორდსმენი გახდეს. მის ანგარიშზე 207 ქულაა და ორი ქულით ჩამორჩება ენდრიუ მერთენსს.

უკანა ხაზში შუამარბ მაა ნონუსთან ერთად მთავარი დამრტყმელი ძალაა გარემარბი ჯო როკოთოკო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მოგების "რეცეპტი" გაანდო საზოგადოებას.

"სამხრეთ აფრიკის ნაკრებს საკმაოდ კარგი, მობილური უკანა ხაზი ჰყავს, თუმცა სანამ ისინი ათამაშდებიან, უპირატესობა "ბოკეს" მძიმე, გოლიათური აღნაგობის მორკინალებმა უნდა მოიპოვონ. ეს მათი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ასპექტია. თუ მორკინალებმა დაგჩაგრეს, შენი საქმე წასულია, მაგრამ, საკმარისია, მათ შერკინებას წინააღმდეგობა გაუწიო, მეტიც, იქით დაჩაგრო, რომ მრისხანე "ბოკესგან" აღარაფერი დარჩება" - თქვა მან.

საკმაოდ ფრთხილ შეფასებებს აკეთებს "ოლ ბლექსის" თავკაცი გრემ ჰენრი, რომელიც, უწინარესად, ვიზავის, პიტერ დე ფილიერსის მიერ შერჩეულმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოდნავ უცნაურმა შემადგენლობამ საგონებელში ჩააგდო.

"ვიცით, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები კბილებს ილესავს. "ბოკე" არაფერს დაიშურებს, რათა ზედიზედ ორჯერ წაგებისთვის შური იძიოს. ვიცით, რომ სოუეტოში, 90 ათასი მაყურებლის თანდასწრებით მძიმე ბრძოლის გადატანა მოგვიწევს და საამისოდ ვემზდებით კიდეც." - თქვა ახალზელანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა.

"ბოკეს" ბანაკში წლეულს არეულობაა. განხეთქილება მ ჯერ კიდევ გაზაფხულზე იჩინა თავი. ნაკრების მწვრთნელებს შორის უთანხმოება სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩაფარცხა. კონფლიქტი, ვფიქრობთ, ამოწურული არ არის, რაზეც გუნდის შედეგებიც ნათლად მეტყველებს.

ამ ყოველივეს "ბოკეს" თავკაცის პიტერ დე ფილიერსის თამამი განცხადებები მოჰყვა მისი გუნდის წინააღმდეგ შეთქმულების თაობაზე. სამხრეთაფრიკელთა გურუ ამ შემთხვევაშიც წყლიდან მშრალი გამოვიდა, ამ შემთხვევაშიც დაინდეს, თავისი გაიტანა, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო, ნათქვამია.

ვფიქრობთ, მისი სამწვრთნელო კარიერა ნაკრებში სამი ერის დარჩენილ შეხვედრებში ნაჩვენებ შედეგზე იქნება დამოკიდებული. დე ფილიერსთან ერთად "ბოკე" კრახისთვისაა განწირული.

შექმნილი მდგომარეობიდან თავის დასაძვრენად დე ფილიერსმა ექსპერიმენტს მიმართა. ტრავმირებული ძირითადი ცხრა ნომრის ფური დუ პრის არყოფნაში ამ პოზიციაზე თამაში გარემარბ ფრანსუა ჰუგარს ანდო. უცნაური, შეიძლება ითქვას, ავანტიურული გადაწყვეტილებაა, რადგან ჰუგარს ცხრა ნომრად არასდროს უთამაშია და პირდაპირ ლომის ხახაში უწევს თავის შეყოფა.

ტრავმირებული ზან კირშნერის ნაცვლად ხიო ეპლონი ითამაშებს. ძირითად შემადგენლობაში არიან ასევე ჯეი პი პიტერსენი, იუან დე იონგი და იან დე ფილიერსი. ეს უკანასკნელი "ბოკეს" თავკაცმა წლეულს ბრწინვალედ მოთამაშე ვინანდ ულიფიეს ამჯობინა.

პლანეტრაგბი-ს მიაჩნია, რომ საკუთარ მოედანზე თამაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს, ცხადია, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ მატჩს მინიმუმ შვიდი ქულით მაინც "ოლ ბლექსი" მოიგებს.


სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

სამხრეთ აფრიკა: 15. ხიო ეპლონი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. იუან დე იონგი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. იანი დუ პლესი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. ჟუან სმიტი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. დენი როსუ, 19. ფრანსუა ლავი, 20. რიკი იანუარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. ვინანდ ულიფიე.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ბენ ფრენქსი, 4. ტომ დენელი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი.

16. კორი ფლინი, 17. ჯონ აფოა, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 4 4 0 0 +65 19
2. ავსტრალია 3 1 0 2 -14 4
3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0

სამი ერი

28 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული