ბლედისლოუს თასი ახალ ზელანდიაში დარჩა

AutoSharing Option
სამი ერის მორიგ მატჩში, ქრაისთჩერჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. "ოლ ბლექსმა" საკმაოდ მწვავე ბრძოლაში ავსტრალიის ეროვნული გუნდის დამარცხება შეძლო - 20:10 და "ბლედისლოუს თასი", რომელიც ამ ნაკრებების ურთიერთშეხვედრებში თამშდება, ისევ ახალ ზელანდიაში დარჩა.

"ოლ ბლექსი" სამი ერის გათამაშების ნაადრევად მოგებასთანაც ახლოს იყო. საამისოდ "კივებს" მეტოქისთვის ოთხი ლელო უნდა გაეტანათ, რისთვისაც ერთ პრემიალურ ქულას მიიღებდნენ. ამ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო დარჩენილი მატჩები, ახალზელანდიელები მეტოქეთათვის მიუწვდომელი იქნებოდნენ.

ახლა კი "კივებს" და მათ ქომაგებს რამდენიმე კვირა დაცდა მოუწევთ. შანსი
იმისა, რომ "ოლ ბლექსი" წლეულს სამ ერს ვერ მოიგებს, მხოლოდ თეორიულია. საამისოდ ავსტრალიის ნაკრებმა დარჩენილი სამივე შეხვედრა (ორი სამხრეთ აფრიკასთან და ერთიც ახალ ზელანდიასთან) პრემიალური ქულით უნდა მოიგოს. ანუ მეტოქეებს ოთხი და მეტი ლელო გაუტანოს. თანაც "ოლ ბლექსმა" დარჩენილი ორივე შეხვედრა შვიდზე მეტი ქულით უნდა წააგოს, რათა ერთი პრემიალური ქულის აღებაც ვერ შეძლოს. ეს ყოველვე, ვფიქრობთ, ფანტასტიკაა.

მიუხედავად ამისა, ოფიციალურად გამარჯვებულად რომ გამოაცხადონ, ახალზელანდიელებს დალოდება მოუწევთ. სავარაუდოდ,
ყოველივეს წერტილი 21 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ სოვეტოში დაესმება, სადაც "ბოკე", რომელმაც სამი მატჩიდან სამივე წააგო და მთელ სამყაროზე გაბრაზებულია, ავსტრალიის ნაკრებს თავბედს აწყევლინებს. ეს კი საკმარის იქნება ახალზელანდიელთა გასაჩემპიონებლად.
ქრაისთჩერჩული მატჩის საწყისი წუთები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთი კვირის წინ მელბურნში გამართული მატჩისას, იმდენად, რომ ერთგვარი დეჟავუს განცდაც კი შეიქმნა.

გუნდებმა თავიდანვე ისევ ღია თამაშს მიანიჭეს უპირატესობა და პირველ თხუთმეტ წუთში სამი ლელო გაიტანეს. წინასწარ უნდა ითქვას, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშში მეტი ლელო არ გასულა.

ანგარიში მე-6 წუთზე ახალზელანდიელებმა გახსნეს. შეტევა მოედნის საკუთარი ნახევრიდან მეორეხაზელმა ტომ დონელიმ წამოიწყო. მან მეტოქის ხაზი გაჭრა და დაახლოებით 20 მეტრი ირბინა. ავსტრალიელთა ფულბეკმა ქართლი ბეილიმ ის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან შეაჩერა. "კივებმა" სწრაფად მოახერხეს გადაწყობა და წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარცხნივ, მოკლე ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს. გარემარბმა კორი ჯეინმა შეტევაში ჩართო ფულბეკი მალილი მულიაინა, რომელმაც ლელომდე კიდის გასწვრივ ირბინა. "ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა რთული პოზიიციდან გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:0.

"ვოლაბებმა" ანგარიშის გათანაბრება სამ წუთში შეძლეს. კარტერმა შეტევისას შეცდომა დაუშვა: მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის მისადგომებთან თვითონ შეუტია და ბოჭვისას ბურთი ხელიდან გაუვარდა. დევიდ პოკოქმა და ნათან შარფმა ჯვარედინი კომბინაცია გაითამაშეს და ბურთი ფულბეკ ქართლი ბეილის მასპინძელთა დაუცველ სივრცეში გაატანეს. ბეილიმ ლელომდე 65 მეტრი ირბინა. კარტერი თავდაუზოგავად, დიდი მონდომებით მისდევდა, მაგრამ "ვოლაბების" ფეხმარდ ფულბეკს ვეღარ დაეწია. ავსტრალიელთა მგეზავმა მეთ გიტომ გარდასხვა ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა - 7:7.

ეს მასპინძელების მიერ დაშვებული ერთადერთი სერიოზული შეცდომა იყო, რომელიც ავსტრალიელებმა ლელოდ აქციეს. მატჩის დარჩენილ დროში "ოლ ბლექსი" დაცვაში ყურადღებით ირჯებოდა და სტუმართა მრავალფაზიან შეტევებს წარმატებით უმკლავდებოდა.
მე-15 წუთზე კი ახალზელანდიელებმა თვითონვე გამოიყენეს ავსტრალიელთა შეცდომა. ამჯერად "ვოლაბების" გარემარბი ჯეიმზ ოკონორი შეცდა. გამოუცდელი "პატარა ბიჭუნა", იმის ნაცვლად, რომ თავის ფრთაზე დარჩენილიყო, შუისკენ შეიწია. მისი ეს უხეირო მანევრი დროულად შენიშნა "კივების" შუამარბმა მაა ნონუმ და კიდევ ერთ შუამარბ კონრად სმითს ოკონორის მიერ მიტოვებულ ფრთაზე სალელოვე რეიდის გაკეთების საშუალება მისცა. კარტერმა ეს ლელოც გარდასახა - 14:7.

ტაიმის ბოლომდე გიტომ და კარტერმა თითო საჯარიმოც გაცვალეს და პირველი ნახევარი 17:10 დამთავრდა მასპინძლების სასარგებლოდ.
შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში მცირედი სათამაშო უპირატესობა ავსტრალიელებს ჰქონდათ. "ვოლაბებს" აშკარად ეტყობოდათ დისკვალიფიცირებული ქუადე კუპერის არყოფნა. მეთ გიტომ რობი დინსის იმედი ვარ გაამართლა. ის გადამწყვეტ სიტუაციაში თამამ, სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა და ვიზავი კარტერის ფონზე მთლიანად დაიჩრდილა.

ავსტრალიის ნაკრები მეტოქეს რამდენჯერმე მიეძალა. მასპინძლები მრავალფაზიანი იერიშებით ხან მარცხნიდან ცდილობდნენ მეტოქის კედელივით დაცვის განგრევას, ხან - მარჯვნიდან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეტიც, კარტერმა 71-ე წუთზე საჯარიმოთი ანგარიში 10 ქულამდე გაზარდა - 20:10 და "ვოლაბებს" ერთი პრემიალური ქულის მოპოვების საშუალებაც არ მისცა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დენ კარტერი დაასახელს.

"მელბურნული მატჩისგან განსხვავებით, ავსტრალიელებმა მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მათ ბევრი ცვლილება შეიტანეს თამაშში, რაც უფრო მეტად მეორე ტაიმში გამოვლინდა. ამიტომაც იყო, შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად შედეგიანი რომ გამოდგა. თუმცა თამაშის სანახაობრივ მხარეს ამით არაფერი მოჰკლებია. ვფიქრობ, ქომაგები კმაყოფილნი არიან და ჩემთვისაც ეს არის მთავარი" - თქვა ნამატჩევს ახალზელანდიელთა მგეზავმა.

რაგბი. სამი ერი
ახალი ზელანდია-ავსტრალია 20:10
ახალი ზელანდია: (15-9) მულიაინა, ჯეინი, სმითი, ნონუ, როკოთოკო, კარტერი, ვიპუ (მეთიუსონი 74). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ (ფლინი 75), ო.ფრენქსი (ბ.ფრენქსი 43), თორნი, დონელი (ვაითლოქი 50), კაინო (ვიტო 70), მაკქოუ, რიდი
2ლ: სმითი, მულიაინა. 2გ,2ს: კარტერი
ავსტრალია: (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი, ე.ფაინგაა, მიტჩელი, გიტო, გენია. (1-8) რობინსონი, ს.ფაინგაა, მააფუ, მამი, შარფი, ელოსმი, პოკოქი, ბრაუნი
ლ: ბეილი. ს,გ: გიტო
მსაჯი: ჯონათან კაპლანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 4 4 0 0 +65 19
2. ავსტრალია 3 1 0 2 -14 4
3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0
სამი ერი
21 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
28 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული