ბრძოლაში მიდის ყველა - მწვრთნელები, მოთამაშეები, ფოტოგრაფები

AutoSharing Option
დღეს მელბურნში, სამი ერის მორიგ მატჩში ავსტრალიის ნაკრები ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შარშანდლისგან განსხვავებით, "ოლ ბლექსმა" წლევანდელი შეჯიბრება წარმატებით დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრების ზედიზედ ორჯერ ძლევა ხუმრობა საქმე როდია. "ბოკეს" გასულ უქმეებზე ავსტრალიამაც მოუგო და, შესაბამისად, მელბურნული დაპირისპირება გაარკვევს, ვინ არის სამი ერის წლევანდელი გათამაშების ნაღდი ფავორიტი.

რა სწრაფად იცვლება ვითარება. იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა სამხრეთ აფრიკის ნაკრებია, შარშან ახალი ზელანდიის გუნდი იყო. თუმცა, მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც სექტემბერში ველინგტონში "ბოკესთან" წააგეს, ახალზელანდიელებმა
ზედიზედ თერთმეტი შეხვედრა მოიგეს.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ავსტრალიელთათვის გასახარს ვერაფერს ვნახავთ. "ვოლაბებმა" ახალ ზელანდიასთან ბოლო თხუთმეტ მატჩში მხლოდ ორჯერ გაიმარჯვეს და მათთან ზედიზედ შვიდი თამაშია, არ მოუგიათ.

ავსტრალიელთა თავკაც რობი დინსს მიაჩნია, რომ ახალზელანდიელებთან მატჩის პირველ ნახევრაში და განსკუთრებით ბოლო ოც წუთში დიდი ყურადღებით უნდა იმოქმედონ. საქმე ისაა, რომ ბოლო შვიდი წაგებული შეხვედრიდან ავსტრალიელებმა ხუთში პირველი ტაიმი მოიგეს და საბოლოოდ მარცხი დასკვნით ოც წუთში მეტოქის მნიშვნელოვნად გააქტიურების შემდეგ წააგეს.

ვილია გენიამ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში ლელო თამაშის ბოლო წუთებზე გაიტანა, რაც ავსტრალიელებს ოპტმიზმის საფუძველს აძლევს. მით უფრო, რომ პირველ ხაზში ბენ რობინსონისა და სტივენ მურის დაბრუნების შემდეგ, ამ სათამაშო რგოლში არსებული პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.

"ვოლაბების" რიგებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ დისკვალიფიცირებული ქუადე კუპერის ადგილს მგეზავის პოზიციაზე ისევ მეთ გიტო დაიკავებს. შუამარბი კი ბერიკ ბარნსი იქნება. ამ დუეტს ერთად თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და დინსს მათი ძალიან ეიმედება.

გიტოს შანსი ეძლევა, დაამტკიცოს, რომ კუპერზე უკეთესი მგეზავია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ახალზელანდიელებთან ჩვიდმეტ მატჩში მას ერთი ლელოც არ გაუტანია. "ოლ ბლექსთან" დღევანდელი მატჩი შანსია ბარნსისთვისაც. ის შეეცდება, ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.

მთელი კვირის განმავლობაში საინფორმაცო საშუალებები ფოტოგრაფ სკოტ ბარბიერის საქციელზე ბჭობდნენ. მან ახალი ზელანდიის ნაკრების დაცვაში თამაშის სქემების გადაღება და გამოქვეყნება შეძლო. ამ ფაქტს დიდი აურზაური მოჰყვა, თუმცა "ვოლაბების" თავკაცი ყოველივე ამას სკეპტიკურად უყურებს.

"ჩვენ არ ვაპირებთ, ეს სქემები გავარჩიოთ. მართალი გითხრათ, არ მჯერა მათი. ბარბიერი ახალზელანდიელია და აქ რაიმე მაქინაცია რომ არ იყოს, არ მგონია, ასეთი ნაბიჯი გადაედგა. ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდი გეგმის მიხედვით განაგრძობს მზადებას და მსგავსი პროვოკაციებისთვის დროის დათმობას არ ვაპირებთ" - თქვა რობი დინსმა.

რადიკალურად განსხვავებული განწყობაა ამ ფაქტთან დაკავშირებით ახალზელანდიელთა ბანაკში. რადგან ინფორმაციამ გაჟონა, იძულებულნი ვართ, სათამაში სქემები შევცვალოთო, - წუწუნებენ "კივები".

არადა საწუწუნო რა აქვთ? ტრავმა მოიშუშა და უკვე მწყობრშია "ოლ ბლექსის" გარემარბი ჯო როკოთოკო, რომლისთვისაც ეს მატჩი 64-ე ტესტი იქნება. ამ მაჩვენებლით ის გაუსწრებს ლეგენდარულ ახალზელანდიელ გარემარბებს ჯონ ქირვანსა და ჯონა ლომუს.
კიდევ ერთი რეკორდსმენი ახალზელანდიელთა რიგებში შერკინების ბურჯი ტონი ვუდკოქი იქნება, რომელიც 66-ე კეპს მოიხვეჭს. აქამდე ახალზელანდიელ ბურჯთა შორის ყველზე მეტი მატჩი გრეგ სომერვილს უთამაშია.

"ოლ ბლექსში" ყველაზე გამოცდილები მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ და ფულბეკი მალილი მულიაინა არიან. თითოეულს 86 კეპი აქვს მოხვეჭილი. ამასთან, მულიაინა დღეს იუბილარია , მას 30 წელი შეუსრულდა. აბსოლუტური რეკორდი კი, 92 კეპი, ლეგენდარულ შონ ფიცპატრიკს ეკუთვნის.

ერთი სიტყვით, გამოცდილება ერთ-ერთი ყველაზე ბასრი იარაღია ახალზელანდიელთა ხელში ახალგაზრდა "ვოლაბების" წინააღმდეგ მატჩში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდები, ტრადიციულად, "ბლედისლოუს თასსაც" გაითამაშებენ.

"პლანეტრაგბის" პროგნოზით, მინიმუმ ხუთი ქულით ახალი ზელანდიის ნაკრები მოიგებს.


ავსტრალია-ახალი ზელანდია

ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი.
16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი
ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენ კარტერი, 9. ჯიმი ქოუანი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრანქსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი
16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრანქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. იზრაელ დაგი

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 2 2 0 0 +34 10
2. ავსტრალია 1 1 0 0 +17 4
3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0

სამი ერი

7 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია

21 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული