ბოთა ინანიებს და საკუთარი თავის ძიებაშია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი ბაკის ბოთა მზადაა, ყველას დაანახოს, რომ ცხრაკვირიან დისკვალიფიკაციას იმ უარყოფითი მუხტისაგან გასათავისუფლებად გამოიყენებს, რომელმაც მისი კარიერა მთლიანად აწეწ-დაწეწა.
შეგახსენებთ, რომ ბოთა ახალი ზელანდიის ნაკრებთან სამი ერის პირველ მატჩში მეტოქისთვის განზრახ ტრავმის მიყენების მცდელობისთვის ცხრაკვირიანი დსკვალიფიკაციით დასაჯეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი მკაცრი სასჯელი მისთვის პირველი არაა, თუმცა ამიერიდან, როგორც თვითონ ამბობს, ეცდება, ბოლო იყოს.

საგულისხმოა, რომ ბოთამ პირველად "ბოკეს" შემადგენლობაში 2002 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშა და დებიუტი სინბინით აღნიშნა. 2003 წელს ავსტრალიასთან მატჩში მას
მეტოქის კბენა ვერ დაუმტკიცეს, თუმცა სახეზე ტრავმის მიყენების მცდელობისთვის მაინც დასაჯეს.
შარშანდელი სეზონი მისთვის განსკუთრებით "გამორჩეული" იყო მსგავსი მოვლენებით. ბოთამ ჯერ ფილ ვოგს მიაყენა მძიმე ტრავმა ზე 14-ის გათამაშებაში, მერე "ბრიტანელ ლომებთან" მატჩში შერკინების ბურჯ ადამ ჯოუნზს მხარი ამოუგდო.

ახლა ბოთა იძულებულია, სამი ერის წლევანდელი გათამაშება გამოტოვოს. მან გადაწყვიტა, განმარტოვდეს და სერიოზულად დაფიქრდეს იმაზე, რა უბიძგებს ასეთი გრესიული ქმედებებისკენ.

"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ჰარმონიაში საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ამ ბრძნულ სიტყვებს თითქმის არასდროს ვითვალისწინებდი. კი ბატონო, შესაძლოა, ერთადერთი არ ვარ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს, მაგრამ, ცხადია, პრობლემა არსებობს და მასთან გასამკლავებლად უწინარესად მისი წარმოშობის მიზეზი უნდა გავარკვიო.

ბოლოს და ბოლოს, თუ გინდა, შეიცნო სამყარო, ის უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ეს ბრძნული აზრები, რომლებიც თავში წარსულის გაანალიზებისას მომივიდა, ჩემს მეგობარ ვიქტორ მეტფილდს გავანდე. ის სიცილით კინაღამ გაიგუდა და, დიდი გოგო ხარო, მითხრა." - თქვა ბაკის ბოთამ.

"ბოკეს" მეორეხაზელთან დაახლოებული პიროვნების მტკიცებით, ბოთამ სილვესტერ სტალონესა და ჟან-კლოდ ვან დამის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ფირები შორს გადამალა, რათა მოცალეობის ჟამს ყურებისას ფსიქოლოგიაზე მათი გავლენა აირიდოს. ადგილობრივმა ვიდეო კლერკმა კი რეგიონული გაზეთის ჟურნალისტს ამცნო, რომ ბოთამ ახლახან მისგან იქირავა ისეთი ფილმების ფირები, როგორებიცაა "ამელი", "მამა მია", "თქვენ გაქვთ მეილი?" და სხვა.

ვინმემ შეიძლება იფიქროს, ბაკისს გულჩვილობა მიეძალაო. თვითონ ასე არ ფიქრობს. "მერე რა, რომ პაულო კოელიოს რომანების წაკითხვა გადავწყვიტე. - გულახდილად აღიარებს ის - ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძველებური ჟინით და შემართებით ვერ ვითამაშებ. პირიქით, ვფიქრობ, თუ რაღაცებს შევცვლი ჩემს მიდგომაში, მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია".

ცხადია, ყოველივე ეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს და სამი ერის ორგანიზატორებს ძალიან ახარებტ. რასაც ვერაფრით ვიტყვით "ბოკეს" ქომაგებზე. ერთ-ერთ სამხრეთაფრიკულ ტელეარხზე სპორტული თოქ-შოუს მიმდინარეობისას რამდენიმე შეშფოთებულმა გულშემატკივარმა დარეკა. მათ სულაც არ ეპიტნავათ თავიანთი კერპის ასეთი გარდაქმნა.

"ჩვენ გვჭირდება ბოთა და არა განდი" - ასეთი იყო ერთ-ერთი მათგანის კომენტარი.

ქომაგების ასეთი აზრები და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური წინააღმდეგობები ბოთას არ აშინებს:

"კარგად მესმის, რომ ძალიან გამიჭირდება. ცხოვრების ურთულესი პერიოდი მელის, მაგრამ ვსწავლობ მიტევებას. საკუთარ შინაგან სამყაროს მაშინ შეიცნობ, როცა ადამიანების პატიებას შეძლებ. მიტევება წარსულში ტოვებს ყველანაირ წყენას და შესაძლებლობას გაძლევს გამოასწორო შენი მცდარი შეხედულებები."

შეგახსენებთ, მორაგბეთა მსგავსი გარდასახვის რამდენიმე ფაქტს რაგბის ისტორიიდან:

1905 წელს ახალი ზელანიდიის ნაკრების მორკინალმა ფრენკ გლესგოუმ "ოლ ბლექსის" ბრიტანული ტურნე მიატოვა და კორნოულში მშვიდობის ალტერნატიული კომუნა დაარსა.

1964 წელს საფრანგეთის ნაკრებთან 12:6 გამარჯვების შემდეგ ახალზელანდიელთა მგეზავი კოლინ მედი ბუდიზმს ეზიარა.

1995 წელს სამხრეთაფრიკელთა მესამეხაზელმა ჯეიმზ სმოლმა გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია და ნაშრომი სიკვდილმისჯილი რომაელი პაციფისტის სენ მაქსიმილიანის ეპოქის შესახებ.

2000 წელს ირლანდიის ნაკრების ცხრა ნომერი რონან ოგარა აღმოსავლური ორთაბრძოლების უკონტაქტო სახეობაში ვარჯიშობდა, რადგან არ უნდოდა, როდესმე ვინმესთვის ტკივილი მიეყენებინა.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული