ავსტრალია ნულიდან იწყებს, ბოკეს მინუს ორი აქვს

AutoSharing Option
 დღეს ბრისბენში ავსტრალიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ვოლაბები" სამი ერის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავენ, "ბოკემ" კი ახალ ზელანდიასთან უკვე ორი თამაში წააგო.

სამხრეთაფრიკელები წარუმატებლობით, ცხადია, გაცეცხლებულები არიან და ყველაფერს იღონებენ, მესამე, სამარცხვინო წაგება აირიდონ. პიტერ დე ფილიერსის სამწყსოს თითო თამაშში თითო წამყვანი მორაგბე აკლდება, რასაც მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცი მისი გუნდის წინააღმდეგ მიმართლი შეთქმულების შედეგად მიიჩნევს. "ოლ ბლექსთან" პირველ მატჩში უხეშობისთვის "ბოკეს" მეორეხაზელ ბაკის ბოთას ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მეორეში კი მსგავსი დანაშაულისთვის გარემარბი იან დე ფილიერსი სამი კვირით დასაჯეს.
ასეა თუ ისე, "ბოკეს" ბრისბენში კიდევ ერთი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს. იან დე ფილიერსის ნაცვლად სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ხიო ეპლონი დააყენა.

ავსტრალიის ნაკრებთან არ ითამაშებენ ცხრა ნომერი რიკი იანუარი და მესამეხაზელი ფრანუსა ლავი. იანუარის ნაცვლად დე ფილიერსმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი რუან პინარს ანდო, რომელიც "ოლ ბლექსთან" ორივე მატჩში სათადარიგოთა შორის იყო. ფრანსუა ლავს კი მესამე ხაზში რაიან კანკოვსკი შეცვლის.

ავსტრალიელებს ერთი ის უპირატესობა აქვთ, რომ "ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" ორივე დაპირისპირებას თვალს ყურადღებით ადევნებდნენ და მეტოქეთა ავ-კარგს სწავლობდნენ.

"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა "ბოკესთან" მატჩისთვის პატარა ექსპერიმენტს მიმართა. მან ფულბეკი ჯეიმზ ოკონორი ფრთაზე გადაიყვანა. მის პოზიციაზე კი გუნდში მიბრუნებული ადამ ეშლი-კუპერი დააყენა. ადამს ავსტრალიის ნაკრებში ფულბეკად არაერთხელ უთამაშია. ის ერთნაირად კარგია ჰაერსა და ფეხით თამაშშიაც.

რობი დინსს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ავსტრალიელთა "ოქროს ბიჭუნა" მეთ გიტო, რომელიც გუნდის მთავარი დამრტყმელია, შუამარბად ათამაშოს. მგეზავად კი ახალგაზრდა, უნიჭიერესი, მაგრამ საკმაოდ შფოთიანი, ქუადე კუპერი ითამაშებს.
ამ ტაქტიკას სარაგბო ენაზე ორი მგეზავით თამაში ჰქვია, რასაც ძირითადად საკლუბო გუნდები მიმართავენ, თუმცა ძალზე იშვიათად, რადგან უამრავ რისკთანაა დაკავშირებული. მგეზავმა შუამარბობა რომ გასწიოს, მინუმუმ გიტოს დონის მორაგბე მაინც უნდა იყოს.
რობი დინსს აშკარად გაუმართლა - ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა. ბენ რობინსონი, ნათან შარფი და ვილი გენია ავსტრალიელთა ბანაკში ირლანდიის ნაკრებთან ბოლო ტესტის შემდეგ არ გამოჩენილან. სამივე ტრავმირებული იყო, ახლა კი ჯანმრთელად არიან და სამხრეთაფრიკელებთან სათამაშოდ ემზადებიან.

ერთი სიტყვით, ბრისბენში უმძიმესი, უაღრესად საინტერესო ბრძოლა იქნება. პლანეტრუგბყ-ს კი მიაჩნია, რომ მინიმუმ ოთხი ქულით ავსტრალიელები მოიგებენ.

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა
ავსტრალიის ნაკრები: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ჯიმი ოკონორი, 13. რობ ჰორნი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. საია ფაინგაა, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი
16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლაკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ქართლი ბეილი
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირშნერი, 14. ხიო ეპლონი, 13. ჟაკ ფური, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი
1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. ბი ჯეი ბოთა, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. რაიან კანკოვსკი, 8. პიერ სპისი.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. დიუვალ პოტხიტერი, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. იან დე იონგი

სამი ერი
31 ივლისი
ავსტრალია-ახალი ზელანდია
7 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია
21 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია
28 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლამაზმანი კი არა საშინელია ამდენი ნაკოლკით. ციხიდან გამოიქცა???
2

სიახლეები პოპულარული