ქართული რაგბი

სხვადასხვა

ფრანგი მილიარდერი ქართული რაგბისთვის - დღეს თბილისს მოედ ალტრადი ეწვევა

AutoSharing Option
დღეს, 17 მარტს, თბილისს ეწვევა ფრანგი მილიარდერი მოედ ალტრადი, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია. ამიტომაა,  მას სპორტულ სამყაროში "რაგბის ბედუინს" რომ უწოდებენ.

მისი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია ქართული რაგბის განვითარებისთვისაც. მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე კლუბ "მონპელიეს".

თბილისში ვიზიტისას ის გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბ "აიასთან".

მემორანდუმით გათვალისწინებულია რაგბის აკადემიისა და ქუთაისის "აიას" განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საწვრთნელი მატჩების ორგანიზება,
საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლებისთვის, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს რაგბის მოთამაშეებსა და რაგბის განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "მონპელიეში" თამაშობენ საქართველოს ნაკრების პირველხაზელები მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი. ამავე კლუბის ღირსებას იცავდნენ მამუკა გორგოძე, ლაშა ლომიძე, გიორგი ჟღენტი და გაგი ბაზაძე.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით