როგორ აგვიხდა ქართველებს ჟაკოს წინასწარმეტყველება

AutoSharing Option
ფოტოზე: ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი, ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი, მერაბ რუაძე, დემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი.
დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი, ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი, გია კოპალეიშვილი, ალექსანდრე რუსანოვი,
როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ჰასპეკიანი


საყოველთაოდაა აღიარებული, რომ პირველი ქართული სარაგბო გუნდი 1959 წელს საფრანგეთიდან იმიგრირებულმა ჟაკ ჰასპეკიანმა მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შექმნა და ქართული რაგბის დაბადების თარიღადაც ეს არის ცნობილი.

2009 წელს სრულიად ქართული რაგბის თემმა 50 წლისთავიც იზეიმა...

..თუმცა, დროთა განმავლობაში, რამდენიმე მკვლევარის მეცადინეობით ირკვევა, რომ ოვალური ბურთით
თამაშის დანერგვა იქამდეც არაერთხელ სცადეს. მეტიც, თბილისში ორი ტურნირიც ჩატარებულა 1940 და 1947 წლებში. თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ...

დაუდასტურებელი ცნობით, რაგბის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს, 1919 წელსაც თამაშობდნენ ამჟამინდელი ვაკის პარკის მიდამოებში. მოგვიანებით, 1929 წელს, რაგბობა ფოთშიც გამართულა.

სამაგიეროდ, სარწმუნოა, რომ 1940 წელს თბილისში ქალაქის პირველობა გაიმართა. იქამდე, 1935 წელს, გაზეთ "საქართველოს ფიზკულტურელის" ცნობით, ფიზკულტურის უმაღლეს საბჭოს დაუდგენია, რომ 1936 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში ჩამოყალიბებულიყო რაგბის მოკლევადიანი საკავშირო სკოლა, რათა იმავე წელიწადს "საბჭოთა რაგბისტები" ფრანგ მუშებს შებმოდნენ. ეს წამოწყება ჩაიშალა.

Sportall.Ge

თუმცა 1940 წელს თბილისს რაგბი მაინც ეწვია. გიგა დვალმა, რომელიც რაგბის საკავშირო კურსებზე იყო ნამყოფი, სახელდახელოდ შეაკოწიწა რამდენიმე გუნდი და ქალაქის პირველობა გამართა. მასში ოთხმა გუნდმა ("დინამო", "კავშირგაბმულობის ტექნიკუმი", "ფიზკულტურის ტექნიკუმი" და "სამედიცინო") იასპარეზა.

პირველი ადგილი მთლიანად რუსი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა თბილისის "დინამომ" მოიგო. ისინი, სავარაუდოდ, მაშინდელი "ენკავედეს" მიერ თბილისში მოვლენილი მოსამსახურეები იყვნენ.

მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ორი წლის თავზე, თბილისში სამი ქალაქის პირველობა გაიმართა. მოსკოვის ორ გუნდს, "დინამოსა" და "ბურევესტნიკს", ბაქოს "ნეფტიანიკი" და ასევე სახელდახელოდ შექმნილი თბილისის "ფიზკულტურის ტექნიკუმი" დაუპირისპირდნენ.

დასტურ ცნობილია, რომ თბილისის გუნდში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გივი კარტოზია თამაშობდა. არსებობს ვარაუდი, რომ მაშინ რაგბის თამაშს ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძეც დათანხმდა. ტურნირი "ლავრენტი ბერიას სახელობის დინამოს სტადიონზე" გაიმართა, რომლის შესახებაც სიუჟეტი შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

თბილისურმა გუნდმა სამივე თამაში წააგო და მაშინდელი მოთამაშეები იმდენად გულდაწყვეტილნი იყვნენ, ოვალური ბურთისკენ აღარასოდეს გაუხედავთ. არც მაშინ, როცა 1959 წელს ჟაკ ჰასპეკიანმა გუნდი შექმნა. ის კი არა, უთქვამთ, ეგ თამაში ქართველების საქმე არ არისო.

სულ სხვაგვარად ფიქრობდა რაგბის საერთაშორისო ფედერაციის ფრანგი პრეზიდენტი რენე კრაბო. აი, რა წერია 1957 წლის 4 აგვისტოს "ლელოში":

"მეტროსტროის" სტადიონზე დაიწყო შეხვედრები რეგბში. მონაწილეობენ რუმინეთის, საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის, ჩეხოსლოვაკიისა და სხვა ქვეყნების გუნდები. თამაშების გახსნის დღეს ვესაუბრეთ რეგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს რენე კრაბოს (საფრანგეთი).

მან განაცხადა: ეს თამაში პირველად ინგლისის სოფელ რეგბში შემოიღეს 100 წლის წინათ... ჩემი აზრით, თუ კი საბჭოთა სპორტსმენები ხელს მოჰკიდებენ ამ თამაშის ათვისებას, ისინი სწრაფად შევლენ უძლიერეს რეგბისტთა რიცხვში, რადგან ეს თამაში არის ფიზიკურად ძლიერი, მოქნილი, კოლექტიური, მამაცი ადამიანების თამაში, რაც საბჭოთა სპორტსმენებს საკმაოდ გააჩნიათ.

განსაკუთრებული წარმატებების მოპოვება შეუძლიათ ტემპერამენტიან სამხრეთელებს, კერძოდ, საქართველოს სპორტსმენებს".

ძნელი სათქმელია, რას ეფუძნებოდა საქართველოს სპორტსმენებთან დაკავშირებული რენე კრაბოს ოპტიმიზმი. სამაგიეროდ, ჟან ჰასპეკიანს ღრმად სწამდა, რომ მის მიერ ჩაყრილი ნერგი მძლავრფესვებიან მუხად გადაიქცეოდა.

ერთ-ერთი სარაგბო მკვლევარი ცეზარ დარჩია (მასთან ერთად ქართულ რაგბის ზაალ გიგინეიშვილი, გაბრიელ ბარჯაძე და მიტო ქურდობაძეც იკვლევენ) იხსენებს:

"ჟაკო (ასე ეძახდნენ მოწაფეები თავიანთ დამრიგებელს - ავტ) ყოველთვის გვეუბნებოდა, რაგბი ქართველების თამაშიაო. ეს ყველაფერი ხასიათში გაქვთ. მერე რა, რომ ახლა სტადიონის ტრიბუნები ცარიელია და თქვენი თამაშის სანახავად არავინ დადის. დამიჯერეთ, მოვა დრო და რაგბის თამაშისას სტადიონები სავსე იქნება.

Sportall.Ge
ფოტოზე: ჟაკ ჰასპეკიანი რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძესა და ქართველო მორაგბეებთან ერთად. 2007 წელი

2002 წელს ჟაკ ჰასპეკიანი რაგბის კავშირმა მოიწვია თბილისში ერთა თასის ერთ-ერთ მატჩზე. ეროვნული სტადიონი თითქმის პირთამდე სავსე იყო. იდგა "ჟაკო" ტრიბუნაზე და თვალები ცრემლებით ჰქონდა აწყლიანებული.

არაფერი უთქვამს, მაგრამ მივხვდით, რომ მისი იმედის გამართლებით უსაზღვროდ ბედნიერი იყო."

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგი ტონიაზე დაწერეთ რამე, როგორც მე ვიცი ის არის საქართველოში რაგბის ერთ-ერთი დამნერგავი
სოსო
17:28 27-01-2014
0
ცოტა მეტი დაწერეთ ქართული რაგბის წარმოშობაზე..და იმ ხალხზე ვინც იმ დროში სათავე დაუდვეს ქარტულ რაგბის..
bada
17:08 27-01-2014
0

სიახლეები პოპულარული