ქართული რაგბი

სხვადასხვა

ქვემო ქართლის რეგიონის ლელოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
რუსთავის ახალი სარაგბო სტადიონის სააქტო დარბაზში ქვემო ქართლის რეგიონის ლელოს ფედერაციის დამფუძნებელი კრება გაიმართა, სადაც პრეზიდენტად თეიმურაზ ქურციკიძე აირჩიეს.

ტრადიციული, ეროვნული სპორტის ლელოს აღორძინებას ხელი ვეტერანმა მორაგბემ დავით კილასონიამ მიჰყო. მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს ლელოს ფედერაცია, ასევე - რამდენიმე რეგიონული ფედერაცია.

ქვემო ქართლის რეგიონის ლელოს ფედერაციის დამფუძნებელ სხდომაზე დავით კილასონიამ საზოგადოებას გააცნო, რამდენად პოპულარულია სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი, ეროვნული სპორტული სახეობები.

ცხადია, მსგავსი მასშტაბების მიღწევას ჩვენს ქვეყანაში დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. რეგიონული ფედერაციების დაფუძნება პირველი ნაბიჯებია ამ გრძელ გზაზე.

დავით
კილასონია, საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

"ლელო ქართული, ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. ის ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში და შეჯიბრებები სპარტაკიადებზეც კი იმართებოდა. ბოლო 20-30 წელიწადია, ლელოს აღარ თამაშობენ, მიივიწყეს. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ სპორტის ეს სახეობა ავაღორძინოთ და გახდეს ჭეშმარიტად სახალხო თამაში.

საამისოდ, პირველ რიგში, ჩვენ შევქმენით საქართველოს ლელოს ფედერაცია, რომლის პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეა. დავაარსეთ რეგიონალური ფედერაციები და მალე რეგიონების ნაკრებებს შორის შეჯიბრების გამართვას ვაპირებთ".


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვემო ქართლის რეგიონის ლელოს ფედერაციის პრეზიდენტად თეიმურაზ ქურციკიძე აირჩიეს, რომელიც ამჟამად საქართველოს ნარდის ასოციაციის პრეზიდენტია. იგი გახლავთ ხუთგზის "ოქროს კამათლის" მფლობელი, მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთი ეტაპის გამარჯვებული.

ამასთან ერთად, თეიმურაზ ქურციკიძე გახლდათ მოჭიდავე, ის რამდენჯერმე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. მოგვიანებით თამაშობდა ქუთაისის მორაგბეთა გუნდში, რომელსაც მისი ძმა შაკო ქურციკიძე წვრთნიდა. მერე ამ გუნდს სათავეში დუგლას კავთელაშვილი ჩაუდგა. 1974 წელს გურჯაანში ჩატარებულ ლელოს პირველობაზე საქართველოს ჩემპიონი გახდა.

"ლელოს აღორძინებით გვინდა, ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას შევუწყოთ ხელი. ლელო მარტივი თამაშია, თუმცა ვაჟკაცური. არავითარი მიპარვა, წაქცევა, რაიმეს მოტეხა. ნებისმიერი ბავშვი თავისუფლად ითამაშებს. ის იმდენად იოლია სათამაშოდ, რომ სტუმრად ჩამოსულ ტურისტსაც არ გაუჭირდება მალე ათვისება.

მიხარია, რომ სპორტის ამ სახეობას ვუბრუნდებით. ყველაფერს ვიღონებთ, რათა ქვემო ქართლის ყველა ქალაქს, სოფელს, ქუჩას, უბანს ვეწვიოთ და ლელოს დიდი გაქანება მივცეთ"
- თქვა ქვემო ქართლის ლელოს რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტმა თეიმურაზ ქურციკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"