ქართული რაგბი

სხვადასხვა

საქართველოს 7-კაცამ ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე მე-5 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცამ წლევანდელი ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ექსეთერში მე-5 ადგილი დაიკავა.

წინა ეტაპებზე ჩვენი გუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენა - მოსკოვში, ლოძსა და კლერმონში მე-8 ადგილს დასჯერდა.

თასის მეოთხედფინალში თამაში არ წაგვივიდა. რუსეთმა, რომელსაც წინა დღეს ჯგუფურ ეტაპზე ვძლიეთ, შესვენებამდე სამი უპასუხო ლელო გაიტანა და 19:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმის შუაში კარგი კომბინაცია ლელოთი ნიკოლოზ გიგაურმა დაასრულა, სულ ბოლოს ლევან გოგოლაშვილმა ხაზი გაჭრა და მისი ლელო ლაშა ხმალაძემ გარდასახა, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ რჩებოდა -
12:19.

მე-5 ადგილის ნახევარფინალი კარგი სანახავი გამოდგა. საქართველომ და ესპანეთმა სწრაფი, ხელდახელ ბურთაობა გააჩაღეს. პირველ ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა: შესვენებამდე 1 წუთით ადრე ანზორ სიჭინავამ ფლანგზე კარგად ითამაშა, ცენტრში ხაზი გოგოლაშვილმა გაჭრა და უკვე ლელოში შესულმა ბურთი რამაზ ხარაზიშვილს დაამიწებინა. მამუკა ნინიძემ გარდასახა - 7:0.

მეორე ტაიმში ბურთი ესპანელებმა შეიყვანეს, ის გოგოლაშვილმა აიტაცა, ფლანგზე ორ მცველს ფინტებით თავგზა აუბნია და ლელომდე მაღალ სიჩქარეზე ირბინა. მეორე ტაიმის შუაში მეტოქის 22-ში ჯარიმა გავათამაშეთ, ხმალაძე მბოჭავს დაუსხლტა და საქართველო 19:0 დაწინაურდა. სულ ბოლოს ესპანელებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა - 19:5.

მე-5 ადგილისთვის ინგლისს შევხვდით, მასპინძლები დებიუტშივე მარტივ სიტუაციაში შეცდნენ და ამით ზურაბ ძნელაძემ ისარგებლა - 5:0. ინგლისმა წონასწორობა აღადგინა, ტაიმის გაწითლებულ დროზე კი, ხმალაძემ ლამაზი ლელოთი დაგვაწინაურა: მან მცველი პაუზაზე დაიჭირა, ხაზი გაჭრა და 60 მეტრი ირბინა - 12:5.

ინგლისმა მეორე ტაიმში წონასწორობა კვლავ აღადგინა. უკანასკნელ წუთზე მირიან მოდებაძემ და ნიკოლოზ გიგაურმა ფლანგზე ორ-ორი პასი გაცვალეს, ამ უკანასკნელმა ბურთი ალამთან დაამიწა და საქართველომ ინგლისი 17:12 დაამარცხა.

ექსეთერში მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ, ჩვენი 7-კაცა საერთო ჩათვლაში ერთი ადგილით დაწინაურდა და 2017 წლის ევროპის გრან პრი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ექსეთერში ითამაშეს: ზურაბ ძნელაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), ანზორ სიჭინავა (აკადემია), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), მირიან მოდებაძე (აია), ნიკო აფციაური (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით