ჩემპიონთა თასის ფინალში ქართული ჯახი გაიმართება

AutoSharing Option
ევროთასების ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.

ქართველ მორაგბეთა ფრანგულმა გუნდებმა, "ტულონმა" და "კლერმონმა" ეს ეტაპიც წარმატებით გადალახეს და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა" სენტ ეტიენში უმასპინძლა ინგლისის საუკეთესო გუნდს, "სარასენზს" და დაძაბულ ბრძოლაში 13:9 დაამარცხა. მატჩის ბედი საბოლოოდ "ვულკანების" შუამარბის, ვესლი ფოფანას ლელომ გადაწყვიტა.

ზირაქაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. კოლელიშვილი ტრავმირებულია.

გაცილებით გაუჭირდა ირლანდიური "ლენსტერის" წინააღმდეგობის დაძლევა ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს". მარსელში, "ველოდრომზე" თამაშის ძირითადი დრო
ფრედ, 12:12 დასრულდა.

დაინიშნა დამატებითი ორი ათწუთიანი ტაიმი. მასპინძლებმა პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს, ბრაიან ჰაბანას ლელოს წყალობით, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 25:15. მეორე დამატებითი ათი წუთი კი ირლანდიური გუნდის უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლენსტერელებმა მხოლოდ ერთი გარდაუსახავი ლელო მიითვალეს - 20:25.

ჩილაჩავა სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. გორგოძე და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

ფინალი 2 მაისს ლონდონში, "თვიქნემზე" გაიმართება - იქ, სადაც, წლეულს მსოფლიოს თასის ფინალი შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული