ქართული ლეგიონი: მდგომარეობა ხუთი ტურით ადრე დაიძაბა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა.

მდგომარეობა პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლაში უკიდურესად დაიძაბა. ქართველი მორაგბეების გუნდებიდან ორი - "მასი" და "მაკონი" ლიდერები არიან, ორსაც - "პერიგოსა" და "ბაგნერეს" პლეი ოფში
გასვლის შანსი აქვთ.

A ჯგუფში გათამაშებას შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და დავით აშვეთიას "მასი" ლიდერობს.

პარიზელებმა მორიგი ტურის შეხვედრა სტუმრად გამართეს "ბობინისთან" და 18:11 მოიგეს. ჩვენებურთა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და 23-ე წუთისთვის 15:0-ს იგებდნენ. თუმცა თამაშის ბოლომდე მონაგარის
მხოლოდ სამი ქულით გაზრდა შეძლეს.

სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია ყუფარაძემ 50-ე წუთზე შეცვალა, დადუნაშვილმა მოედანზე 18 წუთით მეტი დაჰყო, კობაურს არ უთამაშია.

ქართველ მორაგბეთა სხვა გუნდებიდან ამ ჯგუფში უკეთესი მდგომარეობა რეზო გიგაურისა და თემურ გელანტიას "მონლუსონს" აქვს, რომელიც შინ "ლილთან" დაპირისპირებაში ფრეს დასჯერდა - 19:19.

ჩვენებურთა ეს გუნდი ახლა 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი აქვს, რადგან მეოთხეადგილოსან "ვანს" რვა ქულით ჩამორჩება.

გელანტია, რომელიც 47-ე წუთზე შეცვალეს, მატჩის არბიტრმა 37-ე წუთზე სინბინში გაუშვა,
გიგაურმა მოედანზე 70-ე წუთამდე დაჰყო.

"მონლუსონს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერი", რომელმაც სტუმრად სწორედ "ვანთან" წააგო - 8:11. გუჯარაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელისა" და ირაკლი ნინიძის "დიჟონის" შეხვედრა გადაიდო.

A ჯგუფი
ბობინი-მასი 11:18, ვანი-სენ ნაზერი 11:8, მონლუსონი-ლილი 19:19, ნევერი-კონიაკი 47:0, სენ ჟან დანჟელი-დიჟონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 51 ქულა, 2. ნევერი - 51, 3. ლილი - 43, 4. ვანი - 37, 5. მონლუსონი - 29, 6. სენ ნაზერი - 25, 7. ბობინი - 22, 8. კონიაკი - 21, 9. სენ ჟან დანჟელი - 17, 10. დიჟონი - 10.

XIV ტური
მასი-მონლუსონი, ლილი-ნევერი, კონიაკი-ვანი, დიჟონი-ბობინი, სენ ნაზერი-სენ ჟან დანჟელი.

B ჯგუფში, მიუხედავად იმისა, რომ მე-14 ტურში მარცხი განიცადა, ლიდერობას მაინც ავთანდილ კოპალიანის "მაკონი" განაგრძობს. მაკონელებმა სტუმრად წააგეს უშუალო კონკურენტ "ობენასთან" - 10:14. კოპალიანი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო.

ქართველ მორაგბეთა სხვა გუნდებიდან ასევე წარმატებით ასპარეზობს საბა ქართველიშვილის "შამბერი", რომელმაც ბოლო, მე-10 ადგილზე მყოფ გიორგი კუთარაშვილის "ანესის" სტუმრად მოუგო დიდი ანგარიშით - 45:10. შამბერის ახლა 34 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და მეოთხეადგილოსან "ლა სეინს" ორი ქულით ჩამორჩება.

ქართველიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, კუთარაშვილი თამაშში მე-17 წუთიდან ჩაერთო.

ლასეინელებმა, თავის მხრივ, შინ დაამარცხეს ზერო პეტრიაშვილისა და მერაბ კვირიკაშვილის "ვიენი" - 35:12. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და ერთი გარდასახვა გაიტანა (ორი ქულა), პეტრიაშვილი მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონმა" შინ წააგო "რომანთან" - 9:23. შერკინების ქართველი ბურჯი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო.

B ჯგუფი
ლა ვულე-ექსი 18:32, ობენა-მაკონი 14:10, შალონი-რომანი 9:23, ლა სეინი-ვიენი 35:12, ანესი-შამბერი 10:45.
სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 44 ქულა, 2. ობენა - 42, 3. რომანი - 37, 4. ლა სეინი - 36, 5. შამბერი - 34, 6. ექსი - 33, 7. ლა ვულე - 29, 8. შალონი - 19, 9. ვიენი - 13, 10. ანესი - 8.

XIV ტური
მაკონი-ლა სეინი, ექსი-შალონი, რომანი-ობენა, შამბერი-ლა ვულე, ვიენი-ანესი.

C ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრისთვის თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძისა და გიორგი გაბელიას "პერიგო" იბრძვის.

ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად წააგო "ტულესთან" - 11:29. ამ მარცხის შემდეგ პერიგოელები 29 ქულით მეოთხე ადგილამდე დაქვეითდნენ.

ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, გაბელია თადარიგში იყო და მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა.

C ჯგუფი
ლანჟონი-ლიმოჟი (გადაიდო), ლორმონი-მონტობანი 22:27, ენდაი-როდეზი 24:21, ლავორი-სენ ჟან დე ლუზი 12:15, ტულე-პერიგო 29:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 61 ქულა, 2. ლანჟონი - 39, 3. სენ ჟან დე ლუზი - 31, 4. პერიგო - 29, 5. როდეზი - 27, 6. ლიმოჟი - 26, 7. ლორმონი - 26, 8. ტულე - 25, 9. ლავორი - 23, 10. ენდაი - 13.

XIV ტური
როდეზი-ლავორი, სენ ჟან დე ლუზი-ტულე, პერიგო-ლანჟონი, მონტობანი-ენდაი, ლიმოჟი-ლორმონი.

D ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდა სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერეს".

ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-13 ტურში შინ დაამარცხა "ლანამეზანი" - 12:9. თორმეტივე ქულა გუნდს მალაღურაძემ მოუტანა (ოთხი საჯარიმო). მან სრულად ითამაშა, მაისურაძე 54-ე წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველები განაცხადში არ იყვნენ. "ბაგნერე" ახლა 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან "კასტანეს".

მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმოს" გასვლითი მატჩი "ბლანიაკთან" გადაიდო.

D ჯგუფი
ტიროსი-ლურდი 36:3, ბაგნერე-ლანამეზანი 12:9, ოლორონი-კასტანე (გადაიდო), ბლანიაკი-აჟეტმო (გადაიდო), ვალანსი-მოლეონი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 47 ქულა, 2. ოლორონი - 40, 3. ლანამეზანი - 35, 4. კასტანე - 34, 5. ბაგნერე - 32, 6. ვალანსი - 29, 7. ბლანიაკი - 26, 8. აჟეტმო - 17, 9. ლურდი - 17, 10. მოლეონი - 13.

XIV ტური
ლურდი-ბაგნერე, ლანამეზანი-ოლორონი, აჟეტმო-ტიროსი, კასტანე-ვალანსი, მოლეონი-ბლანიაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული