რაგბი. ლეგიონი: სამი ლელო და სამი ნახევარფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის: სამმა სხვადასხვა ტურნირში ლელოები დადო, სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა, ორი 2017/18 წლების სეზონის "ჩელენჯ ქაფის" საგზურისთვის იბრძვის, სამს კი ტოპ 14-ში აღზევების შანსი აქვს.

ჩემპიონთა თასი
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი თამაშობდა. ვასილ კაკოვინის "ტულუზა" "მანსთერს" ირლანდიაში "ბორჯღალოსანი" ბურჯის გარეშე ეწვია და 16:41 დამარცხდა.

ორმა ქართველმა ბურჯმა ითამაშა "კლერმონისა" და "ტულონის" ფრანგულ დერბიში. დავით ზირაქაშვილი და ლევან ჩილაჩავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორივემ ბევრი იშრომა.

ისინი კარგად
იდგნენ შერკინებაში და შავ სამუშაოს ასრულებდნენ ღია თამაშში. მატჩი დაძაბული გამოდგა და საათის თავზე ანგარიში 9:9 იყო. "კლერმონმა" დასკვნით 20 წუთში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, 2 ლელო დადო და 29:9 იმარჯვა. ნახევარფინალში "კლერმონი" ირლანდიურ "ლენსთერს" შეხვდება და ამჯერადაც მასპინძლის უფლებით ისარგებლებს.

ჟვანიას ლელო "ჩელენჯ ქაფზე"
"ჩელენჯ ქაფის" მეოთხედფინალში "ბორჯღალოსანმა" ზურაბ ჟვანიამ უელსურ "ოსფრეიზს" ლელო დაუდო, იაქტიურა ღია თამაშში, შერკინებაში მეტოქეები მაგრად დაჩაგრა და "სტად ფრანსეს" 25:21 გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯგუფურ ეტაპზე "ოსფრეიზს" საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, "სტად ფრანსეს" კი ყველაზე ცუდი. თამაში "მილენიუმზე" იმართებოდა და უდავო ფავორიტად მასპინძელთა გუნდი ითვლებოდა, თუმცა პარიზელები სხვაგვარად ფიქრობდნენ. მათ 40 წუთი კაცნაკლული ითამაშეს, რადგან ფიჯელი გარემარბი ჯერ ყვითელი, ხოლო 50-ე წუთზე წითელი ბარათით დაკარგეს. მაგრამ სწორედ კაცნაკლულებმა შეძლეს სამივე ლელოს დადება და 22 ქულის გამომუშავება.

ჟვანია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და შეხვედრის პირველი ლელო 30-ე წუთზე დაამიწა. შერკინებიდან დაწყებულ იერიშს ის მოკლე ფრთაზე მიჰყვა, დროული გადაცემა მიიღო, 14 მეტრი ირბინა და ლელოში ალამთან შეცურდა.

ზურამ დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა, ხოლო შერკინებებში მეტოქეები 4-ჯერ დააჯარიმა. ამ მოგებამ "სტად ფრანსეს" ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსი მოუტანა, სადაც ინგლისურ "ბასს" დაუხვდება.

სტუმრად მოიგო მეორე ფრანგულმა გუნდმა "ლა როშელმაც". ტოპ 14-ის ლიდერი შოტლანდიაში "ედინბურგს" შეხვდა და 32:22 სძლია. სტუმართა შორის შეცვლაზე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, რომელმაც ერთ ეპიზოდში გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა, მაგრამ უბურთო მეტოქის შებოჭვისთვის სინბინით დაისაჯა. ნახევარფინალში "ლა როშელი" "გლოსტერს" დაუხვდება, რომელმაც ანტონ ფეიქრიშვილის "კარდიფი" 46:26 დაამარცხა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.

ინგლისში "ბასთან" 20:34 დამარცხდა "ბრივი", რომლის განაცხადში ერთბაშად სამი "ბორჯღალოსანი" იყო. სამივემ შეცვლაზე ითამაშა: სოსო ბეკოშვილი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და 5 შეტევით 3 მეტრი მოიგო; 55-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასეიშვილმა და 3 შეტევით 7 მეტრი იარა, ერთხელ მბოჭავს გასცდა და დაცვაში 3 ბოჭვა შეასრულა; 20 წუთი ითამაშა 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, 23 პასი გასცა, 3-ჯერ თავად შეუტია და ჯამში ბურთი 8 მეტრით წასწია.

გაჩეჩილაძის ლელო
"ჩელენჯ ქაფის" შესარჩევი ტურნირის პლეი ოფის პირველ მატჩში საქმე მოამთავრა რუსეთის ჩემპიონმა "ენისეიმ", რომელიც "მოლიანოს" იტალიაში ეწვია და 46:0 გაანადგურა. იტალიელთა წინააღმდეგ სრულად ითამაშა "ბორჯღალოსანმა" დავით კაჭარავამ, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძე შეცვლაზე შევიდა, 68-ე წუთზე რაქიდან ბურთი სწრაფად აიტაცა, თავად შეუტია და გუნდის მე-6 ლელო დაამიწა, რის შემდეგაც ანგარიში 34:0 გახდა.

პლეი-ოფის მეორე წყვილის პირველი მატჩი საქართველოში, "რუსთავი არენაზე" გაიმართა, სადაც კრასნოიარსკის "კრასნი იარი" რუმინეთის ჩემპიონ "ტიმიშუარა სარასენსს" დაუხვდა და 12:17 დამარცხდა. რუსეთის ვიცე-ჩემპიონის რიგებში სრულად ითამაშა "ბორჯღალოსანმა" ლაშა მალაღურაძემ და გუნდის მიერ მოპოვებული ყველა ქულა მის ანგარიშზეა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლაშა ლომიძე და გიორგი ფრუიძე, ხოლო მიხეილ წიკლაური შეცვლაზე შევიდა.

გორგაძის მესამე ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტური დივიზიონის, პრო დე 2-ის 26-ე ტურში ლელო მიითვალა "ბორჯღალოსანმა" ბექა გორგაძემ. ეს მისი მესამე ლელოა მიმდინარე სეზონში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მონ დე მარსანმა" "ნარბონს" 37:6 მოუგო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. გორგაძემ სრულად ითამაშა, 74-ე წუთზე ბურთი 5-მეტრიან ხაზთან მიიღო, რამდენიმე მეტრი განზე იარა, მერე მოძრაობის მიმართულება გაასწორა და მეტოქეს მე-5 ლელო დაუდო. მისი გუნდი 71 ქულით მე-4 ადგილზეა და ტოპ 14-ის საგზურისთვის იბრძვის. სტუმართა შორის შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა ტარიელ რატიანიძემ.

სატურნირო ცხრილს 80 ქულით "ოიონა" ლიდერობს, რომელმაც "დაქსს" 46:26 მოუგო და პრემიაც აიღო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მირცხულავა და 50-ე წუთზე გიორგი ვეფხვაძემ შეცვალა. "დაქსის" შემადგენლობაში 66-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ელიზბარ ყუფარაძემ.

75 ქულით მეორეა "აჟენი", რომელმაც სტუმრად "კარკასონთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 19:12. სტუმართა შორის სრულად ითამაშა შუამარბმა თამაზ მჭედლიძემ, ხოლო გიორგი თეთრაშვილს 21-ე წუთიდან მოუწია თამაშში ჩართვა. მასპინძელთა რიგებში 58-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ნაცარაშვილმა.

"ორიაკის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მერაბ შარიქაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი. შუამარბმა სრულად ითამაშა, ხოლო ბურჯი 51-ე წუთზე შეცვალეს. "ორიაკი" მეტოქესთან მცირედით, 19-21 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული