"ბორჯღალოსნებს" სამოასთან მატჩში ორი მორაგბე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მგეზავი ლაშა ხმალაძე და შუამარბი დავით კაჭარავა "ბორჯღალოსნებს" 19 ნოემბერს, სამოას წინააღმდეგ მატჩში ვერ დაეხმარებიან.

ორივე მორაგბე 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევამ და დაკვირვებამ ცხადყო, რომ ხმალაძეს მუხლი აქვს დაზიანებული, მინიმუმ 6 კვირა მოედანზე ვერ გავა. კაჭარავა საზარდულმა შეაწუხა. მას ნაკრების ექიმები კვირის ბოლომდე დააკვირდებიან და თუ რეაბილიტაციის პროცესი სასურველი სცენარით წარიმართა, 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ბორჯღალოსნების" მთავარი ექიმის, გიორგი ჭუმბურიძის დასკვნით:

"ლაშა ხმალაძეს და დავით კაჭარავას იაპონიასთან თამაშის დროს მიღებული ტრავმების შემდეგ კლინიკური და რადიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ,
რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: ლაშა ხმალაძე - მარჯვენა მუხლის სახსრის ლატერალური მენისკის დაზიანება და უკანა ჯვარედინი იოგის ძლიერი შეშუპება.

დავით კაჭარავა - მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაზიანება. მიღებული ტრავმების მკურნალობა და რეაბილიტაცია მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს. შესაბამისად, ორივე მორაგბე გამოტოვებს შაბათს, სამოას წინააღმდეგ გასამართ მატჩს".

"გულდასაწყვეტია, რომ ტრავმის გამო ერთბაშად ორი მოთამაშე მოვისაკლისეთ. ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა გუნდის ლიდერები არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც არიან და მათი ჩანაცვლება ადვილი არ არის. ორივე ტრავმირებული მორაგბე შეკრებაზე რჩება, რათა გაეწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება და დროულად გაიარონ რეაბილიტაციის პროცესი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ გუნდის მზადების პროცესში.

თუმცა ეს სხვა მოთამაშეებს აძლევს შანსს, რომ დაწინაურდნენ შემადგენლობაში და საუკეთესოდ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელებისა და დანარჩენი გუნდის წინაშე", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

გაფართოებულ რაზმში ერთი სიახლეა. "ბორჯღალოსნებს" ოფიციალურ შეკრებაზე ქუთაისის "ბაგრატის" მგეზავი რეზი ჯინჭველაშვილი დაემატა. გუნდთან ერთად ვარჯიშობენ "არმაზის" გარემარბი მურაზ გიორგაძე და "ჯიქის" ფულბეკი ირაკლი სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სამოას მატჩი მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 19 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები იყიდება "მესხის" სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე და TKT.ge-ზე.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ტრადიციულად დასახელდება მატჩამდე 48 საათით ადრე. ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება ხუთშაბათს, 17 ნოემბერს, 16:00 საათზე, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორც ქვეყანა "ვითარდება" ასევე "ვითარდება" შიდა სპორტი, ლეგიონერები კი მეტი აღარ გვყავს...
აფხაზი
02:51 17-11-2016
0
კაჭარავას შეცვლას ვინ მოახერვებს, არ ვიცი. მითუმეტეს სამოასთან ძალიან გაუჭირდება ჩვენს დაცვას
გგგ
18:37 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული