"ბორჯღალოსნების" გაფართოებული რაზმი ტესტებისთვის და მილტონ ჰეიგის ინტერვიუ

AutoSharing Option
წლევანდელ ნოემბრის ტესტებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 12 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" იაპონიას ერკინებიან, ხოლო 19 ნოემბერს - სამოას.

ორივე მატჩი "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

- "ბორჯღალოსნების" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩების ბილეთების გაყიდვა დაიწყო

26 ნოემბერს კი ჩვენი ნაკრები წლის ბოლო საშემოდგომო ტესტის გასამართად ქილმარნოქში, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად შოტლანდიას ერკინება.

"როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა…" - მილტონ ჰეიგი.

სამწვრთნელო შტაბი და "ბორჯღალოსნები" წლევანდელი ნოემბრის
ტესტებისთვის ოკეანეთის წარმატებული ტურნეს შემდეგ ემზადებიან. როგორც მაშინ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, მიღებული შედეგებისა და ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მსოფლიო რეიტინგში დაკავებული მე-11 ადგილის შემდეგ, აღებული ტემპი არის შესანარჩუნებელი და სწორედ დაგეგმარებისა და მუშაობის შემთხვევაში 10-ეულში შესვლა რეალურია.

ვიდრე 7 ნოემბერს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა გაიხსნება მსოფლიოში და საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ლეგიონერი და საქართველოში მოასპარეზე "ბორჯღალოსნები" სამდღიან შეკრებას ტულუზაში გამართავენ. ტულუზაში ჰეიგის განკარგულებაშუ 37 მორაგბე იქნება, საიდანაც 30 უკვე თბილისურ შეკრებას შეუდგება.

გთავაზობთ მილტონ ჰეიგის ინტერვიუს მომავალი ტესტების, რაზმისა და შეკრების შესახებ:

10-ეულში შესვლის პერსპექტივა...
ახლა შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული ინვისი გვქონდა. მივაღწიეთ დასახულ მიზანს და ორი ტესტი მოვიგეთ, რაც თავიდანვე ჩვენს გეგმას წარმოადგენდა. რაღა თქმა უნდა, სამოასთან ფრეც კარგ შედეგად ითვლება. ამ შედეგებმა კარგ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. თუ არ ვცდები, 0,25 ან 0,32 ქულით გვისწრებს ფიჯი, რომელიც მე-10 ადგილზეა.

რეალობა კი ისაა, რომ ფიჯისთვის კიდევ 5 ქულის სხვაობით რომ მოგვეგო, ახლა უკვე მეათეზე ვიქნებოდით. მიუხედავად ამისა, მიღწეული ნამდვილად გვაკმაყოფილებს და ახლა იმ შემთხვევაში, თუ ნოემბრის ტესტებს წარმატებით ჩავამთავრებთ, უკვე ათეულში შესვლის ისტორიული შესაძლებლობა გვეძლევა. ლოგიკურად წელს უნდა გადავინაცვლოთ ტოპ 10-ში.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოტივაციას გვმატებს და ამ შესაძლებლობას გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ვიაზრებთ. ამის შესახებ "ფრანგ ბორჯღალოსნებსაც" ვესაუბრე, როდესაც წინა კვირას ლეგიონერების სანახავად საფრანგეთში ვიყავი და მერწმუნეთ, ყველა მოტივირებულია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველამ ჩვენი საქმე უნდა შევასრულოთ და კარგად მოვემზადოთ. ყოველ მიზეზსგარეშე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შინ პირველ ორ ტესტში იაპონიისა და სამოას წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო თამაში ვითამაშოთ.

ლეგიონერების მონახულება
წინა თვეს საფრანგეთსა და ინგლისში ლეგიონერებს ვესტუმრეთ. მათი უმეტესობა მარტის შემდეგ არ გვინახავს. მე ბიჭებს გავუზიარე ჩემი მოსაზრებები იმაზე, თუ როგორ თამაშობენ თავიანთ კლუბებში და მივუთითე იმ კომპონენტებზე, რაზეც სამუშაო აქვთ.

ასევე, ხაზი გავუსვი მათი თამაშის კარგ მხარეებს, რომლებსაც ისინი კლუბებში ავლენენ. ზოგიერთი საფრანგეთში მართლაც საუკეთესოდ ირჯება. თუმცა სტუმრობის მიზანს ჩემი მხრიდან იმ მონახაზის მიცემა წარმოადგენდა, თუ რის ნახვას მოველით მწვრთნელები მათგან, როდესაც მომდევნო კვირას ტულუზაში, ხოლო 7 ნოემბრიდან თბილისში შევიკრიბებით.

ჩვენ მიზანს ვუსახავთ ბიჭებს, რომ იაპონიას, სამოას და შოტლანდიას მაგრად ეთამაშონ და იმისათვის, რომ სამივე ტესტი მოვიგოთ, ისინი საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. ამიტომ შეხვედრებზე ბიჭებს ვუთხარი, გაეაზრებინათ, თუ რა მსურს მე მათგან, შეკრებაზე რომ ვნახო.

მსგავსი ვიზიტები ძალიან კარგია. ლეგიონერებისთვისაც სასიამოვნოა, როდესაც მთავარი მწვრთნელი მათი თამაშის სანახავად დიდ გზას გადის და დროს არ იშურებს.

შინაურ შეკრებამდე 3 დღე ტულუზაში
მსოფლიო რაგბის მე-9 დებულების თანახმად, ოფიციალურ სანაკრებო ფანჯრამდე სამდღიანი შეკრების ჩატარების უფლება გვეძლევა. ეს სამწვრთნელო შტაბისა და მორაგბეებისთვის თავმოყრის შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს, რათა ერთად დიდი შეკრებისთვის მოვემზადოთ და ჩვენი დაცვისა და შეტევის სისტემები გავიაროთ.

ამ დროს მწვრთნელები გამოვხატავთ ჩვენს მოლოდინს და როგორც ჯგუფი, მოთამაშეებთან ერთად დავსახავთ მიზნებს და მოვემზადებით მთავარი შეკრებისთვის, რომელიც 7 ნოემბერს უკვე თბილისში დაიწყება.

ტულუზაში ბიჭებს ასევე სამედიცინო შემოწმებას ჩავუტარებთ და ვნახავთ, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. ამ შეკრებაზე წავიყვანთ 38 მორაგბეს, ხოლო თბილისურ შეკრებაზე ამ რიცხვს 30-მდე დავიყვანთ.

ერთობლივი ვარჯიში ფიჯისთან
ფიჯისთან ერთობლივ ვარჯიშებს, ალბათ, უკვე სამი თუ ოთხი წელია, რაც ვატარებთ, ძირითადად იმიტომ, რომ ამ დროს ისინიც ტულუზაში იმყოფებიან, რაც კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.

წელსაც ასე მოვიქცევით და ერთ დილას რამდენიმე საათით ჩვენი მორკინალები იმათ მორკინალებთან, ხოლო უკანახაზელები მათ ბეკებთან ერთად ივარჯიშებენ. მსგავსი ვარჯიში შარშან მსოფლიო თასის წინაც გვქონდა.

გარდა ამისა, ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევს, მეტად დავუახლოვდეთ ფიჯელებს, მეც მათ მენეჯმენტთან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. ფიჯელებს უკვე კარგი მორკინალები ჰყავთ და რა თქმა უნდა, ბრწყინვალე უკანახაზელები, რაც კიდევ ერთხელ ჩვენი სისტემების მსოფლიოს მე-10 გუნდის წინააღმდეგ შემოწმების შესაძლებლობას გვაძლევს.

რაზმი...
რაზმი შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია, რომლის 90 პროცენტს სანაკრებო შეკრებები გაუვლია. მორკინალებს რომ გადავხედოთ, ყველა ჩვენი ლიდერი და ყველაზე გამოცდილი მორაგბეები დაგვიბრუნდნენ.

ნოემბრის სანაკრებო ფანჯარა ყოველთვის რთული და დატვირთულია. ამ მხრივ არც ივნისი იყო წელს გამონაკლისი, მაგრამ ნოემბერში ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ საუკეთესო რაზმის შეკრებას - გვეყოლება ისეთი სუპერგამოცდილი მორკინალები საფრანგეთიდან, როგორებიც მამუკა გორგოძე, მიშა ნარიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და დავით ქუბრიაშვილი არიან. ისინი რეგულარულად ხვდებიან თავიანთი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში და ნამდვილად გაგვიმართლა, რომ მათი გამოძახება შეგვიძლია.

ასევე რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეც გვეყოლება, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდებით და ნაკრებთან ერთად უვარჯიშიათ. რამდენიმე "ბორჯღალოსანი" ტრავმის მოშუშების შემდეგ დაგვიბრუნდა, მაგალითად, ვიტო კოლელიშვილი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში არ უთამაშია და ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ პროგრესირებს.

მგეზავებს, ჰავბექებსა და შუამარბებს რაც შეეხებათ… თამაზ მჭედლიძე უდავოდ გამორჩეულ სეზონს ატარებს "აჟენში", ვასო ლობჟანიძემ "ჩელენჯ ქაფზე" უკვე ორჯერ ითამაშა ბრივის სასტარტოში.

გავიმეორებ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ვნახოთ, თუ როგორ პროგრესირებენ ბიჭები.

რა თქმა უნდა, გვყავს 23-25 გამოკვეთილი მორაგბე, მაგრამ ჩვენ დროდადრო ახალი ბიჭებიც უნდა მოვიყვანოთ გუნდში, რადგან ახლა 2019 წლის მსოფლიოსთვის მოსამზადებელი ოთხწლიანი ციკლი, ფაქტობრივად, მიმდინარეობს და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

სამედიცინო ჯოკერი
როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი, როგორც ეროვნული ნაკრების როლს ასევე ბიჭებისთვის თავიანთ კლუბებში ადგილის გამტკიცება წარმოადგენს. როდესაც ვინმე სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება, მას თავის გამოსაჩენად და დასამკვიდრებლად სულ რაღაც სამი თვე ეძლევა და თუ ამ პერიოდში ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებ, თავის გამოსაჩენად და გრძელვადიანი კონტრაქტის მოსაპოვებლად საქმე ბევრად ურთულდებათ.

ანტონ ფეიქრიშვილსაც იმიტომ არ ვიძახებთ, რომ "ალსთერში" სამედიცინო ჯოკერის სტატუსით იმყოფება. ასევე, მას ტრავმის შემდეგ გარკვეული სათამაშო დრო გაუცდა. მიმაჩნია, რომ თუ "ასლთერში" ვაცლით ყოფნას, ეს მასაც და ჩვენ ნამდვილად წაგვადგება.

შალვა მამუკაშვილს რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობაა. მე ამის შესახებ საფრანგეთში ყოფნისას ვესაუბრე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან მუდმივი კონტრაქტი მოიპოვოს "მონპელიეში". შალვას ვუთხარი, რომ განსაკუთრებით პირველი ორი ტესტის დროს მე მოხარული ვიქნები, თუ იგი კლუბში ითამაშებს.

დებიუტანტები
შეკრებაზე ხუთ უკეპო მორაგბეს ვუხმეთ. დავიწყებ ბადრი ალხაზიშვილითა და გიორგი ჭყოიძით - ორივე კვაჭია. რატომ ბადრი? იმიტომ, რომ "ტულონის" პირველ გუნდში უკვე რამდენჯერმე ითამაშა. იგი ბევრს მუშაობს და დიდად მოტივირებულია.

სიმართლე რომ გითხრათ, ბადრი ყოველთვის მიმაჩნდა მორაგბედ, რომელიც როდესმე აუცილებლად მოხვდებოდა ეროვნულ ნაკრებში. ბოლო სამი წლის განმავლობაში მას ყურადღებით ვაკვირდებოდით და ამ კამპანიისას ნამდვილად მიეცემა სათამაშო დრო - ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შანსს.

გიორგი ჭყოიძე ძალიან საინტერესო მორაგბეა, რომელმაც ფლანკერობიდან კვაჭად გადმოინაცვლა. იგი ნაკრებში ადგილობრივ მორაგბეებთან ერთად ვარჯიშობს და მწვრთნელებზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს მისი სწრაფი ადაპტირების უნარი და მენტალური სიმტკიცე. იგი საკმაოდ გონებამახვილი და ჭკვიანია და მასთან მუშაობა ძალიან კარგია.

ვარჯიშებზე საუცხოოდ და ბევრს შრომობს, ეს უდავოა, მაგრამ ჩვენ გვინდა ვნახოთ, მზადაა ის თუ არა საერთაშორისო, სანაკრებო დონეზე ითამაშოს, ან თუნდაც ამ დონეზე ივარჯიშოს. ვინაიდან იგი ფლანკერია, რომელმაც ჰუკერად გადმოინაცვლა და ახლა სულ სხვა დონეზე უნდა შეისწავლოს სროლისა და შერკინების ტექნიკა. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვინდა ახლოდან დავაკვირდეთ "დიდი ბიჭების" გარემოცვაში.

გიორგი კოშაძე (20 წ)
გიორგი კოშაძე ჩვენთვის უცნობი არაა. ისევე, როგორც სხვებს, მასაც ორიოდე წელი ვაკვირდებოდი.

მიმაჩნია, რომ მანჩესტერში გამორჩეულად კარგად ითამაშა ახალგაზრდულ მსოფლიოზე. ბევრს შრომობს, ფიზიკურად დიდია, ძლიერი და სწრაფია. მსოფლიოზე ყველაში თუ არა, თითქმის ყველა მატჩში შეუდარებელი იყო. და რა გასაკვირია, რომ კოშაძეს თვალი დავადგით. იგი შუამარბია, მაგრამ ფრთაზე თამაშსაც შეძლებს, რადგან სწაფი და თანაც დიდია. მას ეძლევა შესაძლებლობა, ეროვნული ნაკრების შეკრებაზე "დიდ ბიჭებთან" ერთად ივარჯიშოს.

ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს. მან ეს შესაძლებლობა დიდი შრომის ფასად დაიმსახურა.

გიორგი მჭედლიშვილი და ანზორ სიჭინავა
ორივემ ოკეანეთის ტურნეში მიიღო მონაწილეობა და ვარჯიშებზე კარგადაც გაისარჯა. გიორგი მჭედლიშვილი ალბათ ცოტაოდენი წნეხის ქვეშ გრძნობს თავს და თავის შანსს ელის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ორივე შინ საუცხოოდ მუშაობს. ფრანგული შეკრება მათ კიდევ ერთხელ მისცემთ შესაძლებლობას, მწვრთნელებს ანახონ, რომ ფორმაში არიან და თუ შანსს მიიღებენ, მზად იქნებიან მის გამოსაყენებლად.

სიჭინავა და მჭედლიშვილი შეკრებაზე თავს ნამდვილად კარგად იგრძნობენ და თავისუფლად იქნებიან, ვინაიდან ნაკრებთან ერთად გრძელ ტურნეში უკვე იყვნენ და მე მათგან ტულუზაში უფრო მეტს მოველი.

სავსე ტრიბუნები...
სწორედ სავსე ტრიბუნებზეა დამოკიდებული, ჩვენ თამაშს წავაგებთ თუ მოვიგებთ. ვიცით, მხარდაჭერას რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიჭებისთვის. როდესაც თამაში რთულდება, როდესაც წნეხის ქვეშ ვართ, სწორედ მაშინ გვჭირდება ქომაგების ღრიალი და გვერდში დგომა და ეს ბიჭებს ძალას მატებს.

ეს უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან როცა ქომაგები ზურგს გვიმაგრებენ, სწორედ მაშინ გვემატება ის დამატებითი ხუთი პროცენტი, რომელიც თამაშს გვაგებინებს...

ამ მხარდაჭერით მორაგბე დამატებით ხუთ მეტრს გაირბენს და იმ ბოჭვას შეასრულებს, რომელიც ლელოს აგვარიდებს...

ეს მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენი შერკინების ტოტალურ დომინირებას მოედანზე...

როდესაც ქომაგებით სავსე ტრიბუნები გვამხნევებენ, ჩვენი დაცვა ათასმაგად უმჯობესდება და ბურთიც გვარიანად მოგვაქვს...

სწორედ ამიტომ ორივე მატჩზე ტრიბუნების გავსება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან - ამაზეა დამოკიდებული, შინ ორ უმნიშვნელოვანეს რკენას წავაგებთ თუ მოვიგებთ. სტადიონზე ყველა გვჭირდება!

"ბორჯღალოსნების" რაზმი ტულუზის შეკრებაზე 31/10 - 02/11/2016

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
Tu shegizliat gvitxrat saqartvelos nakrebi tuluzashi rodis da romel bazaze ikribeba?
Giorgi
15:08 30-10-2016
0
ჯერ როგორმე იაპონიას უნდა მოვუგოთ და მერე ყველაფერი დალაგდება
მერაბი გ.
10:45 29-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული