ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.