ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნები" იაპონიასა და სამოას "მესხზე" უმასპინძლებენ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს მორაგებთა ნაკრები იაპონიას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს სამოას მიიღებს. ორივე მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია კი მოვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით.

ნოემბრის მესამე ტესტს "ბორჯღალოსნები" სტუმრად შოტლანდიასთან 26 ნოემბერს გამართავენ.

ნოემბრის ტესტებთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

"ნოემბრის ტესტები ქართული რაგბისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან
ფაზას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შინ მეორე დონის ორ უძლიერეს ნაკრებს, იაპონიასა და სამოას ვეთამაშებით, ასევე გასვლაზე ისტორიული რკენა გველის პირველი დონის გუნდის, შოტლანდიის წინააღმდეგ.

ეროვნული ნაკრების მორაგბეების, სამწვრთნელო შტაბისა და სტაფისთვის ეს კიდევ ერთ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და რაც მთავარია, ჩვენს ფანტასტიკურ ქომაგებს განსაკუთრებული სიხარული მივანიჭოთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

იაპონიასთან და სამოასთან, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საშინაო მატჩზე, უდიდესი მნიშვნელობა ექნება სავსე ტრიბუნებს. მილტონ ჰეიგის აზრით, ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც საქართველოში "ბორჯღალოსნების" მატჩების დროს სტადიონზე იქმნება, გუნდის წარმატებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.

"მთელ მსოფლიოში უამრავი ქომაგი გვყავს, მაგრამ როდესაც შინ ვთამაშობთ, სწორედ ჩვენი "რაგბიზე შეშლილი" გულშემატკივრები ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს თამაშსა და წარმატებაზე. სწორედ ამ სავსე ტრიბუნების "გავლენა" დაგვეხმარება წელს მივაღწიოთ დასახულ მიზანს - მსოფლიო რეიტინგის მე-10 პოზიციას", - დასძინა ჰეიგმა.

ფოტოს ავტორი: ლევან ვერძეული
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ