ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" ასპარეზი ეცოტავებათ. ამაზე მიუთითებს ზედიზედ მეექვსედ მოგებული ერთა თასი და ამ ტურნირზე მოგებების არნახული სერია. ჩვენს გუნდს ვეღარაფერს მატებს ისეთ გუნდებთან თამაში, როგორებიც რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანიაა. ბოლო დროს კონკურენციას ვეღარც რუმინელები გვიწევენ...

მაგრამ ექვსი ერის კარი ჩაკეტილია. არადა, ერთა თასზე დარჩენის შემთხვევაში ქართული რაგბი უკუსვლისთვის არის განწირული.

საბედნიეროდ, ევროპაში "ბორჯღალოსანთა" ძალა კარგად დაინახეს და მედია, მორაგბეები და ზოგჯერ ჩინოსნებიც უკვე მსჯელობენ სავარაუდო ცვლილებებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანული მედია ღიად უჭერს მხარს ცვლილებებს ევროპულ რაგბიში. ეს სტატია Herald
Scotland-დან (ავტორი სტიუარტ ბეზგრეიტი) ამის აშკარა მაგალითია:

"თავიდან, რა თქმა უნდა, იყო მხოლოდ ორი ნაკრები, რომელიც საერთაშორისო მატჩებს მართავდა. ერთხელაც ინგლისსა და შოტლანდიას უელსი და ირლანდია შეუერთდნენ. ასე ჩაეყარა საფუძველი Home Nations Championship-ს 1883 წელს. კვარტეტს 1910 წელს საფრანგეთი შეუერთდა და ასე ჩამოყალიბდა ხუთი ერის პირველობა. ახლა კი ჩვენ ვართ ექვსნი.

ისტორია კი, არა მარტო რაგბიში, არამედ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება, გვასწავლის, რომ არაფერი რჩება უცვლელი დიდი ხნით. ეს კი აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ ახლანდელი ექვსი ერის ფორმატი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებს (რაც იტალია დაგვემატა), აუცილებლად შეიცვლება.

ბოლო წლებში მუდმივად ისმის მოწოდებები, რომ ექვსი ერის ბოლოადგილოსანი უნდა დაქვეითდეს. შარშან ეს რისხვა შოტლანდიელებს დაგვატყდა თავს, წლეულს - იტალიელებს.

ბოლო წლებში ექვსი ერი ორი სხვადასხვა დონის გუნდის ტურნირად ჩამოყალიბდა. გავიხსენოთ, რა თქვა სერ კლაივ ვუდვორდმა პირველი ორი ტურის შემდეგ: "ინგლისმა კარგად დაიწყო ექვსი ერის "მეორე დივიზიონის" გუნდების წინააღმდეგ თამაში. ვნახოთ, რას იზამს ის ნამდვილ კონკურენტებთან".

ინგლისმა, საბოლოო ჯამში, "პირველი დივიზიონის" გუნდებთანაც ბრწყინვალედ ითამაშა და სლემით მოიგო ექვსი ერი. ვუდვორდს გააკვირვებდა შოტლანდიის მიღწევა - ჩვენ საფრანგეთი დავამარცხეთ და ამის წყალობით, მათ საბოლოო ცხრილში გადავუსწარით, მთელი ზეწოლა კი იტალიაზე მოდის, რომელიც მართლაც ჩამორჩება დანარჩენ გუნდებს.

ამასობაში, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არა მარტო საუკეთესო გუნდია ექვსი ერის გარეთ, არამედ ქვეყანაში რაგბის პოპულარულობა გაზრდილია. ეს ჩვენ ვნახეთ გასულ უქმეებზე, როცა თბილისში საქართველოს გამარჯვებას რუმინეთის ნაკრებთან 52 ათასი ადამიანი დაესწრო. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო ევროპის ერთა თასი.

ასე რომ, მარტივია, არა? მოვისროლოთ იტალია და შემოვუშვათ საქართველო! ეს მაშინ, თუ მხოლოდ ერთი კრიტერიუმით მივუდგებით საკითხს და დავიჩემებთ, რომ ტურნირზე აუცილებლად 6 გუნდი უნდა თამაშობდეს.

ექვსი ერი მხოლოდ რაგბი არ არის, ეს არის ნამდვილი ტურისტული ინდუსტრია. ზოგი მხოლოდ იმიტომ მიჰყვება ნაკრებს, რომ 80 წუთი სტადიონზე გაატაროს და საკუთარ გუნდს უგულშემატკივროს, მაგრამ ზოგს უბრალოდ სურს, დალიოს დუბლინში, ნახოს ვატიკანი ან უბრალოდ, გაერთოს ევროპის რომელიმე ქალაქში ვიქენდზე.

ასე რომ, რაგბის გულშემატკივართა უმეტესობა ისეთ ყურადღებას არ აქცევს შედეგებს, როგორც გავარდნის მომხრე ექსპერტები აქცევენ.

დიახ, თუკი იტალიას გავაგდებთ, სარაგბო თვალსაზრისით, უკეთესი სეზონი გველის, მაგრამ განა ბევრი სარაგბო ქვეყანა არსებობს, რომ ასე იოლად დავთმოთ ერთ-ერთი? თუკი საქართველო იტალიას ჩაანაცვლებს, იტალიას გაუჭირდება უკან დაბრუნება, რადგან ქვედა დონეზე თამაშით წინ ვერ წავა და ეს არავისთვის არის კარგი.

რაშია გამოსავალი? რატომ გავაგდოთ იტალია, მოდი, დავპატიჟოთ საქართველო და ტურნირი 7 ერად ვაქციოთ!

და მაშინ, როცა რუმინეთი ქართველებივით პროგრესს შეძლებს, როცა ეს ნაკრები 80-იანი წლების დიდებას დაიბრუნებს, მოდი, ტურნირი ვაქციოთ რვა ერად!

ყველაზე დიდი პრობლემა ამ შემთხვევაში სათამაშო კალენდრის გადატვირთვაა, სეზონი 22 ტურისგან შედგება, ამას ემატება საშემოდგომო ტესტები, ექვსი ერი, ზაფხულის ტურები...

აქაც შეიძლება გამოსავლის პოვნა. ერთი ვარიანტია საკლუბო ჩემპიონატებში გუნდების რაოდენობის შემცირება. ამას, რა თქმა უნდა, კლუბების ნაწილი შეეწინააღმდეგება.

შესაძლებელია სანაკრებო სიების გაზრდა, მეტი მორაგბის დამატება ნაკრებებში, ზოგიერთ გუნდთან ვარსკვლავების დასვენება და ასე შემდეგ.

ან კიდევ ერთი ვარიანტი - 2-3 სეზონის შემდეგ 8 ერი ორ დივიზიონად დავყოთ, ზედა ოთხეულიდან ერთი ვარდებოდეს და მას ცვლიდეს ქვედა ოთხეულის გამარჯვებული. რა თქმა უნდა, ამ ვარიანტსაც აქვს თავისი ნაკლი, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ტურნირის განვითარების ახალი ეტაპი".
ასევე დაგაინტერესებთ