გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ჩამოდით, გვეთამაშეთ [VIDEO+PHOTO]
10:03 21-03-2016
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა წლევანდელ ერთა თასის გათამაშებაში საუკეთესო მატჩი გამართა. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრებთან რეკორდული სხვაობით, 38:9 გაიმარჯვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენმა გუნდმა ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც თბილისში დატოვა და სლემიც შეასრულა, ანუ ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგო.

რუმინელები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადებიან, ახალი გუნდის შენებას იწყებენ. ჩვენთან ასეთი მარცხის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ძნელი წარმოსადგენია, მათ კვალიფიკაციაში ვინმე შეეცილოს.

ქართველი მორაგბეები ამ შეხვედრაში მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ, მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, შერკინება, დერეფანი, ხელდახელ ბურთაობა, სისწრაფე. ერთი ეგ იყო, მატჩის პირველ ტაიმში ცოტა რაკში თამაში გაგვიჭირდა, რასაც ის სამი საჯარიმო მოჰყვა, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა 9 ქულა დააგროვეს. მერე ეს კომპონენტიც გამოსწორდა, მეტიც, მიწაზე თამაშისას რამდენჯერმე ბურთიც ავართვით.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან თანამედროვე, მაღალი დონის რაგბი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
იხილეთ დაჯილდოების ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ერთა თასის გათამაშებაში ბოლო ადგილი პორტუგალიის ნაკრებმა დაიკავა, რომელიც მომავალი წლიდან ადგილს ბელგიის ნაკრებს დაუთმობს. გერმანიის ეროვნული გუნდი პირველია, რომელმაც დაწინაურების შემდეგ ჩვენს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

წუთი-წუთში
3 წთ: საქართველოს ნაკრებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთი აუტში გადავიტანეთ. დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და პირველხაზელმა ანტონ ფეიქრიშვილმა ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 7:0.
7 წთ: განზრახ უხეში თამაშისთვის მსაჯმა ანტონ ფეიქრიშვილი გააძევა.
13 წთ: რუმინელთა დამრტყმელმა ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა - 3:7.
18 წთ: "ბორჯღალოსნების" მრავალფაზიანი შეტევისას მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებიდან ფეხით რუმინელთა ზურგს უკან გადაკიდა. ბურთთან ყველაზე სწრაფად გარემარბი ალექსანდრე თოდუა გაჩნდა და ჩათვლის მოედანში დაამიწა. კვირიკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 12:3.
30 წთ: ვლაიკუმ ახლო მანძილიდან საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 6:12.
35 წთ: ჩვენი მორაგბეები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და ვლაიკუმ საჯარიმოდან ანგარიში სამ ქულამდე შეამცირა.
40 წთ: ქართველი მორაგბეების მრავალფაზიანი შეტევა, რომელშიც მონაწილეობა მთელმა გუნდმა მიიღო, მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა, სადაც ხაზი მამუკა გორგოძემ გაჭრა და ბურთი იქვე მიმყოლ ფეიქრიშვილს გაატანა. მისი შეჩერება რუმინელებმა ვერ შეძლეს. "მეკომ" ზუსტად გარდასახა - 19:9.
45 წთ: საქართველოს ნაკრების მორიგი, მრავალფაზიანი, მახვილგონივრული შეტევა. გიორგი ჩხაიძემ დროულად მოძებნა მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც მეტოქის ხაზი გაჭრა და მარჯვნივ მოკლე ფრთაზე გარემარბი გიორგი ფრუიძე ჩართო იერიშში, რომელმაც ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 26:9
60 წთ: "ბორჯღალოსნების" მორიგ იერიშში თავი ისევ ფრუიძემ გამოიჩინა, ცრუ მოძრაობების
You must have Flash Player installed in order to see this player.
კასკადით მეტოქე დააბნია და სალელოვე გარღვევაზე მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე გაიყვანა. ლაშა ხმალაძეს გარდასახვა გაუცუდდა - 31:9.
62 წთ: მატჩის არბიტრმა რუმინელთა პირველხაზელი კონსტანტინ პრისტავიცა გაასინბინა.
71 წთ: მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ, რაც რუმინელთა განზრახ ბინძურ თამაშს მოჰყვა, არბიტრმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გაასინბინა.
80 წთ: მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დანიშნული შერკინებიდან ბურთი ლაშა ლომიძემ აიტაცა და სტუმრებმა გაჭირვებით ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი კარლენ ასეიშვილმა აიღო და ლელოში გადადო. ლაშა მალაღურაძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 38:9.

მატჩის შემდეგ:
მამუკა გორგოძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე:
"აღფრთოვანებული ვარ ასეთი გულშემატკივრობით. ჩემი კარიერის განმავლობაში საქართველოში ასეთი გულშემატკივრობა ჯერ არ გვქონია. ასე განაგრძეთ და ჩვენ ყოველთვის გაგახარებთ.

მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში არ გვითამაშია, სანახაობრივი, სათამაშო სისტემაც ვერ ავაგეთ ისეთი, როგორიც საჭირო იყო. ბიჭებმა ყველა გუნდი დიდი ქულათა სხვაობით დაამარცხეს. დღესაც, რუმინეთთან სანახაობრივი თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ შედეგი ისეთია, ჯერ რომ არ მოგვიგია რუმინეთისთვის. ალბათ, ვიმსახურებთ წინსვლას.

ვერ გეტყვით, რომ ექვს ერში შესვლას ვიმსახურებთ, მაგრამ ამაზე წინ წასვლას ნამდვილად ვიმსახურებთ".

ლინ ჰოულსი, რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ცხადია, საქართველოს ნაკრებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა ბევრად უკეთ ითამაშეს, ვიდრე ჩვენ. მეტოქემ ყველა ასპექტში დაგვჯაბნა: დერეფანში, შერკინებაში, გაშლილ თამაშში. სამწუხაროდ, რუმინეთის ნაკრების თამაშში პოზიტიური ვერაფერი დავინახე. ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა შედარებით გაახალგაზრდავებული იყო, მინდოდა, ახალგაზრდებსაც დაეგემოვნებინათ ეს ტურნირი".

სტელიან ბურჩა, რუმინეთის ნაკრების კაპიტანი:
"პირველ ტაიმში იყო ეპიზოდები, სადაც კარგად გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში კი ქართველებმა ძალიან მოუმატეს და შეტევები გააძლიერეს. საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენ, ყველანი ბედნიერები ვართ: მორაგბეები, მწვრთნელები, მაყურებლები... სასიხარულოა, რომ ასეთი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ეს გამარჯვება მძიმე, ხანგრძლივი შრომის შედეგია და, ცხადია, რამდენიმე დღეში ან კვირაში ამას ვერ მივაღწევდით. შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობითაც მოგვეგო, მომენტებში უკეთ რომ გვეთამაშა.

დღეს გამარჯვებას აღვნიშნავთ, ცოტა ლუდს დავლევთ და მუშაობას გავაგრძელებთ.

შეიძლება ითქვას, დღეს უძლიერესი შემადგენლობა გვყავდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დანაკლისს. ნელ-ნელა გამოჩნდებიან ნაკრებში სხვა მოთამაშეებიც, ივნისისა და ნოემბრის ტესტებზე კიდევ გამოვცდით ახალ მორაგბეებს".

შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"მეამაყება, რომ დღეს სტადიონზე ასეთი გარემო იყო შექმნილი. მადლობა თითოეულ ადამიანს ქომაგობისთვის. ჩვენ განვითარებას განვაგრძობთ. ცოტა მოთმინებაა საჭირო და გპირდებით, ნაკრები კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს.

იტალიელთა კაპიტნის,  სერჯო პარისეს გამონათქვამს გავეცანი ქართულ პრესაში. მას ქართველებისთვის ექვსი ერის კარის გახსნა ნაადრევად მიაჩნია. მინდა ვუპასუხო, რომ მათთან თამაში მაღალ დონეზე შეგვიძლია და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს და გვეთამაშოს".

ევროპის ერთა თასი. V ტური
საქართველო-რუმინეთი 38:9
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი (გიორგი აფციაური 57), 14 გიორგი ფრუიძე, 13 დავით კაჭარავა სბ, 12 თამაზ მჭედლიძე (ლაშა მალაღურაძე 63), 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (გიორგი ბეგაძე 51), 1 მიხეილ ნარიაშვილი (კახა ასეიშვილი 55), 2 ჯაბა ბრეგვაძე (1 შალვა მამუკაშვილი 55), 3 ანტონ ფეიქრიშვილი სბ (ლევან ჩილაჩავა 50), 4 გიორგი ჩხაიძე (კოტე მიქაუტაძე 46), 5 გიორგი ნემსაძე, 6 შალვა სუთიაშვილი, 7 მამუკა გორგოძე, 8 ბექა გორგაძე (ლაშა ლომიძე 50).
6ლ: ფეიქრიშვილი (2), თოდუა, ფრუიძე, ნემსაძე, ასიეშვილი;
4გ: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე.

რუმინეთი: 15 იონუც ბოტეზატუ, 14 ფლორინ იონიცა, 13 პაულა კინიკინილაუ, 12 ფლორინ ვლაიკუ სბ, 11 ადრიან აპოსტოლი (მარიან ისპირი 66), 10 ჯოდი როუზი (ოვიდიუ მელნიჩუკი 75), 9 ვალენტინ კალაფეტეანუ (ტუდორელ ბრატუ 61), 1 კონსტანტინ პრისტავიცა სბ (მიხაი დიკო 72), 2 ეუჯენ კეპეცინა (ანდრეი რედოი 61), 3 პაულ რუსუ (კოსმინ მანოლე 50), 4 ვალენტინ პოპირლანი, 5 იოჰან ფან ჰირდენი, 6 სტელიან ბურჩა, 7 ვიორელ ლუკაჩი (მარიუს ანტონესკუ 46), 8 ანდრეი გორჩოაია.
3ს: ვლაიკუ

მსაჯი: ტიუალ ტრენინი (საფრანგეთი)

გერმანია-ესპანეთი 17:17
პორტუგალია-რუსეთი 21:53

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 5 0 0 +155 24
2. რუმინეთი 5 4 0 1 +83 19
3. რუსეთი 5 3 0 2 +13 14
4. ესპანეთი 5 1 1 3 -4 9
5. გერმანია 5 1 1 3 -109 7
6. პორტუგალია 5 0 0 5 -138 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
glaxuna
18:00 21-03-2016


თუ 6 ერი არ გვიღებს,და ჯერ არ თვლიან საჭიროდ,

ანუ ე.წ. ,,დიდებული 7-ული,, არ სურთ

( ისე ეკონომნიკურად უ ნ დ ა გავიზარდოთ...
რამდენი შეძლებს დღეს საქართველოში თუნდაც 30 ევროს ბილეთების გადახდას ?!
ეკონომიკარად და ფინანსურად,სოციალურად მ ო მ ძ ლ ა ვ რ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს
სწორად დასავლური სამართლებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დამკვიდრებით...)

ეცადოს საქართველოს ფედერაცია ,თუნდაც მე-10 ათეულის ტურნირი...

5 გასვლა -5 სახში...
თუ ეს ძალიან ბევრია და რაგბისტებს არ გამოუშვებენ კლუბებში...

ე.წ. ახალი ტურნირი ,, შესანიშნავი 7-ული,,

იაპონია,ფიჯი,საქართველო,სამოა,ტონგა,აშშ და კანადა!!!

ბოლო-ადგილოსანის გავარდნით

და მით უკანა ნომრებისათვის შ ა ნ ს ი ს მიცემით!!!
რუმინეთი იქნება,რუსეთი,თუ ურუგვაი...
ასე ბევრი თამაში წელიწადში ძლიერ დაგვაახლოებს 6 ერის და მერე..თავად შემოგვთავაზებენ!

ისე,მეგობარს...

10 თამაშიდან ოკეანის გუნდებს (სამოა,ტონგა,ფიჯი)მინიმუმ 9-ჯერ მოუგებს ინგლისი,უელსი და ირლანდია,
7-ს შოტლანდია,

იტალია ნახევარს!
vaa
17:50 21-03-2016
მე იმის თქმა მინდოდა რომ რუმინეთმა თავი კი არ შეინაახა, არამედ რადგან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს ისეთი ძლიერი არაათქო, რაც შეეხება ჩვენს განვიტარებას მე უფრო brooklyn-ის აზრს ვეთანხმები, რა 6 ერი, ჩვენ ოკეანელებთან ტამაშით უფრო მაგრად განვვიტარდებით და უფრო კარგი რაგბის ტამაშს ვისწავლით, 6 ერის გუნდები ტავისი ბიუროკრატიის გამო ისეთი დონით ვერა მიდიან წინ როგორც ვთქვათ ოკეანელები და ჩვენთვის მისწრება იქნება ოკეანელებტან ხშირი ტამაში და მათთან ერთად რარაც ტურნირის გაკეთება