გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!
19:00 19-03-2016
დღეს, 19 მარტს, ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში რუმინეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების (38:9) შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციას ასევე რუმინელთა მთავარი მწვრთნელი და კაპიტანიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

მილტონ ჰეიგი:
"ბედნიერი ვარ, რომ 29-ქულიანი სხვაობით მოვიგეთ. ყველა ბედნიერია და ეს ერთწლიანი მუშაობის შედეგია. ასეთი ანგარიშები ერთკვირიანი მუშაობით არ მოდის, ამიტომ მიხარია, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ.

რამდენიმე მორაგბეს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო ის უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც გვყავს, თუმცა ძლიერი შემადგენლობა არ არის ეს 23 მოთამაშე - გაფართოებული შემადგენლობის წევრები ნოემბრის ტესტებში მიიღებენ მონაწილეობას.

აქედანვე მინდა იცოდეთ, რომ ძალიან რთული ნოემბერი გველის. 

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს, შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს".

შალვა სუთიაშვილი:
"დიდი და საამაყო გრძნობა მეუფლება ამ მატჩის შემდეგ. თითოეული ადამიანის მხარდაჭერას ვგრძნობდით. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა სტადიონზე და გვერდში დაგვიდგა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ექვს ერში" სათამაშოდ მზად ვართ. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს აქ და დავანახებთ!".

რუმინელების თქმით, საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთესად ითამაშა და შედეგი, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, სავსებით ლოგიკური და დამსახურებული იყო, განვითარობის კუთხით კი საქართველო მათზე ბევრად მაღლა დგას.
david
16:10 22-03-2016
6 ერი დახურული კლუბია, რომელში მოსახვედრადაც მარტო რაგბის კარგი თამაში არ არის საკმარისი, ამიტომ ბევრი რამე თვითონ ქვეყნის განვითარებაზე, საზოგადოების სიმწიფეზე, გულშემატკივრების დონეზე არის დამოკიდებული, რითაც სამწუხაროდ ჯერ საგრძნობლად ჩამოვრჩებით, თუნდაც იგივე იტალიას.
გაგა
23:17 21-03-2016
ისე მარტო პოლიტიკური აქციები რო იმართება ამ შავბნელ ქვეყანაში ხო შეიძლება ერთი მშვიდობიანი აქცია მოვაწყოთ ყველა ერთადს გავიდეთ და მოვითხოვოთ 6 ერის კარის გაღება ჩევენი მორაგბეებისთვის ისინი კი ვხედავთ თავს არ ზოგაბენ და ჩვენც ვქნათ რამე!!!!