საქართველო-გერმანია 59:7 - ქართული მანქანა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ ტურში გერმანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 59:7 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებსა" და გერმანელთა გუნდს სხვადასხვა მიმდინარე გათამაშებაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. ჩვენი სტუმარი შეჯიბრების აუტსაიდერია და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

საქართველოს ნაკრებს, ვინაიდან 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური მოპოვებული აქვს, წლევანდელი და ყველა მომდევნო გათამაშება ახალი მორაგბეებისა და ტაქტიკური სქემების დასახვეწად სჭირდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
გერმანიის ნაკრებთან მატჩში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე ვიხილეთ: შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე, მესამეხაზელი ბექა გორგაძე და მგეზავი
რეზო ჯინჭველაშვილი
; ახალგაზრდაა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძეც, თუმცა მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს. ის მელიქიძესთან და გორგაძესთან ერთად წლეულს, სექტემბერში, მანჩესტერში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დაიცავს საქართველოს ღირსებას.

პირველი ტურის მატჩში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ბორჯღალოსნები" დიდ ყურადღებას უთმობენ ხელდახელ ბურთაობას. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ცხრა ლელოდან უკანახაზელებზე მხოლოდ ერთი მოდის. მორკინალები, როგორც წესი, ამჯერადაც შესანიშნავად გაისარჯნენ. მათი უპირატესობა მეტოქესთან ძალიან დიდი იყო და, რა გასაკვირია, რომ 20-წუთიანი მედგარი წინააღმდეგობის შემდეგ გერმანელები საბოლოოდ გატყდნენ, ქართველი მორაგბეების წნეხს ვერ გაუძლეს.

გერმანელთა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ჩვენი მგეზავის, ლაშა ხმალაძის თამაში გამოარჩია. ასეც იყო, "ბორჯღალოსნების" მგეზავი შესანიშნავად გაისარჯა და კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა ძალა დაგვაკლდა ინგლისსა და უელსში გამართულ მსოფლიოს თასზე, სადაც მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩში ორი მგეზავით ითამაშა. პირველი შუამარბის პოზიციაზე ლაშა მალაღურაძე ირჯებოდა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ გაცილებით ძლიერ მეტოქესთან გამოდგება თუ არა ამ სისტემით თამაში, ძნელი სათქმელია.

ერთი სიტყვით, "ბორჯღალოსნებმა" პირველი მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ანგარიშით მოიგეს და 7 თებერვალს, გვიან ღამით ლისაბონში გაემგზავრნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრებთან საასპარეზოდ მოემზადებიან.

მატჩის შემდეგ
კობუს პოთხითერი, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირველი 20 წუთი თამაში კარგად წაგვივიდა, მაგრამ მერე წნეხმა იმატა და აღარაფერი გამოგვდიოდა. თამაშის მსვლელობის შეცვლას ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ნაკრები გუნდურად თამაშობდა და, შესაბამისად, გუნდმა გვაჯობა. ამიტომ ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. თუმცა, ათი ნომერი (ლაშა ხმალაძე),  ალბათ, მაინც საუკეთესო იყო.

ჩვენ ამ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ ვართ. ვეცდებით, დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ. ქართველებთან თამაშმა, განსაკუთრებით საწყისმა 20-მა წუთმა, ბევრი პოზიტიური რამ დაგვანახვა და იმედია, მიზნის მიღწევას და უძლიერესთა შორის დარჩენას მოვახერხებთ".

მაიკლ პოპმაიერი, გერმანიის ნაკრების კაპიტანი:
"საწყის 20 წუთში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მერე შერკინება დავთმეთ, ბურთის გამოტანა და შენარჩუნება გვიჭირდა და ეს ყველაფერი ტაბლოზე აისახა. მიუხედავად ამისა, უზომოდ ამაყი ვარ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშე". 

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ახალგაზრდების თამაშით კმაყოფილი ვარ. ბექა გორგაძე ძალიან მომეწონა. მას ჰქონდა პატარ-პატარა შეცდომები, რომლების გამოსწორებაზეც მუშაობა მოუწევს. გიორგი მელიქიძე შეცვლაზე ძალიან კარგად შევიდა და მისი თამაშით კმაყოფილი ვარ...

ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ - ფაქტია, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან და ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია. თუმცა ამ თამაშში გამოვყოფ გამოცდილ მოთამაშეებს. ჩვენი კაპიტანი შალვა სუთიაშვილი, გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე ის მორაგბეები არიან, რომლებმაც თამაშის მსვლელობას სწორი მიმართულება მისცეს.

ვთვლი, რომ დღეს ჩვენ მოედანზე იდეალური მოდელი გვყავდა, როდესაც თამაში ასაკოვან ლიდერებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებზეა აწყობილი...

საწყის 15 წუთში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. მეტოქეს რამდენიმე საჯარიმო ვაჩუქეთ. მსგავსი რამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც მოხდა. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია, ბურთი შეგვენარჩუნებინა. ეს შევძელით კიდეც და ყველაფერი ლოგიკურად გაგრძელდა...

ვფიქრობ, ტრავმირებული მოთამაშეები გამოჯანმრთელდებიან და ლისაბონში ისინი მოედანზე იქნებიან. გარდა ამისა, გუნდს დაემატებიან დავით ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე. პორტუგალიის ნაკრები უხერხული მეტოქეა, თუმცა ჩვენი მიზანი კვლავინდებურად შერკინებისა და უკანა ხაზის თანაბრად დატვირთვა იქნება. ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რას შემოგვთავაზებს მეტოქე..."

შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ ახალ ზელანდიასთან მატჩის შემდეგ ძალიან რთულია გერმანიასთან შესაბამისი მოტივაციის შექმნა. ზუსტად ეს დაგვემართა მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მატჩისასაც.

გარდა ამისა, წელს პირველ თამაშს ვატარებდით და ცოტა შეთამაშება გვაკლდა. ვცდილობდით, დინამიკურად გვეთამაშა და დარწმუნებული ვარ, პორტუგალიასთან მატჩისას ეს უკეთ გამოგვივა".

რაგბი ევროპა 2016. I ტური
06.02 თბილისი. ავჭალა
საქართველო-გერმანია 59:7
საქართველო: 15 ბექა წიკლაური (23, გიორგი აფციაური 60), 14 გიორგი ფრუიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 ლაშა მალაღურაძე (22, რევაზ ჯინჭველაშვილი 72), 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (21, გიორგი ბეგაძე 60), 1 მიხეილ ნარიაშვილი (17, კახა ასეიშვილი 47), 2 შალვა მამუკაშვილი (16, ზურაბ ჟვანია 50), 3 ანტონ ფეიქრიშვილი (18, გიორგი მელიქიძე 52), 4 გიორგი ჩხაიძე (ლაშა ლომიძე, 19-31), 5 გიორგი ნემსაძე, 6 შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი (20 საბა შუბითიძე 62), 8 ბექა გორგაძე (19 ლაშა ლომიძე 56).

9ლ: გორგაძე, ნარიაშვილი, ნემსაძე, ფეიქრიშვილი, თხილაიშვილი, ლომიძე (2), ხმალაძე, სუთიაშვილი;
7გ: მალაღურაძე

გერმანია: 15 ოლივერ პეინი (სბ 65), 14 პასკალ ფიშერი, 13 კარლოს სოტერას-მერცი, 12 პაულ ბოში (22, თომას ფან"ხელდერენი 78), 11 ჰენდრიკ ფან დერ მერვე, 10 ჯერემი ტე ჰუია (2,1 დანიელ კოხი 56, 66-75 #9), 9 პიერ მატიურენი (23, მაკსიმ ოლტმანი 50 #15), 1 იორნ შროდერი (18, ქრის ჰაუელსი 41), 2 დეილ გარნერი, 3 სემი ფიუხზელი (სბ 46) (17, მათიას შოსერი 79), 4 მიხაელ პოპმაიერი (კაპ), 5 ბენჯემინ დანსო (20, ტომ ბერენდტი 71), 6 იაკო ოტო (შოსერი, 50-56, 19, ერიკ მარკსი 62), 7 ჯარიდ ელსი, 8 რობ მეი.

ლ: პეინი; გ: სოტერას-მერცი

მსაჯი: მაკსიმ ბიურლი (ბელგია).

სხვა მატჩები
რუსეთი-ესპანეთი 22:20
რუმინეთი-პორტუგალია 39:14

ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 1 1 0 0 +52 5(1)
2. რუმინეთი 1 1 0 0 +25 5(1)
3. რუსეთი 1 1 0 0 +2 4(0)
4. ესპანეთი 1 0 0 1 -2 1(1)
5. პორტუგალია 1 0 0 1 -25 0(0)
6. გერმანია 1 0 0 1 -52 0(0)

II ტური
13 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
რუსეთი-გერმანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრუიძე ძაან პერპესქტიული მორაგბეა. აი 11 ნომერზე მაგრად გვიჭირს.
giorgi
15:35 08-02-2016
0

სიახლეები პოპულარული