გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
16:36 06-02-2016
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის პირველ ტურში, გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების (59:7) შემდეგ, ავჭალის სარაგბო სტადიონის მედია-დარბაზში თამაშის შესახებ ისაუბრა.

"მიზნად მეტოქის წნეხის ქვეშ მოქცევა გვქონდა დასახული და მიუხედავად იმისა, რომ პირველ 15 წუთში ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს მაინც მოვახერხეთ.

ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ადრინდელ ნათქვამს კვლავ გავიმეორებ - ჩვენი რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!

ამის გარდა, გუნდის ლიდერებსაც გამოვარჩევ. ზოგადად, იდეალურია მოდელი, როდესაც გუნდში ახალი ტალანტები ასაკიან ლიდერებზე არიან მორგებულნი. ფაქტია, დღეს ამ მოდელმა გაამართლა. ჩვენი მიზანია, დინამიური თამაში პრაქტიკაში ვისწავლოთ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ტრავმირებული მორაგბეები პორტუგალიასთან შემოგვიერთდებიან".

შეხვედრა შეაფასა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმაც.

"გერმანიის სისუსტეზე ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ზელანდიის შემდეგ გერმანიასთან მოტივირება ცოტა რთულია. ამიტომ მოხდა, რომ გონს ოდნავ გვიან მოვეგეთ.

ვფიქრობ, რომ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშებთ - დღევანდელი ხარვეზების გამოსწორებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ".

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის" მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 13 თებერვალს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.