მილტონ ჰეიგი: ჩვენი თამასა აწეულია - ტოპ-ათეულში გვსურს მოხვედრა

AutoSharing Option
დღეს, 5 თებერვალს, "რაგბი ევროპის" მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებებმა კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო პრესკონფერენციები ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართეს.

ჟურნალისტების წინაშე "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი შალვა სუთიაშვილი წარდგნენ.
მილტონ ჰეიგი: "მსოფლიო თასის" შემდეგ ეს იქნება ჩვენი პირველი მატჩი და მნიშვნელოვანია, რომ კარგად ვითამაშოთ. მომავალი შეხვედრისთვის გუნდი კარგად მოემზადა.

გერმანიას მშვენიერი მატჩები ჰქონდა ნოემბერში, კარგი შვიდკაცა ნაკრებიც ჰყავს. ვიცით მათი მოტივის შესახებ და, შესაბამისად, ძალიან კარგ თამაშს ველოდები.

საკუთარ
თავს ყოველთვის დიდი მიზანი უნდა დაუსახო. ჩვენი თამასა აწეულია - ტოპ-ათეულში გვსურს მოხვედრა. ეს რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ სწორედ ამისთვის ვართ აქ".

შალვა სუთიაშვილი: "ძალიან მძიმე იყო ის შრომა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გავიარეთ. საბოლოოდ მივხვდით, რომ ამ შედეგის (ტოპ-ათეულში მოხვედრა) მისაღწევად მეტია გასაკეთებელი.

კარგი იქნება უფრო მაღალი დონის გუნდებთან თამაში, მივეჩვევით მათთან ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონატმა რწმენა გაგვიჩინა, რომ შეგვიძლია ტოპ-ათეულში მოხვედრა.

რაც შეეხება გუნდის ახალწვეულებს, ისინი უკვე შეჩვეულები არიან ამ სტრუქტურას, იმ კომბინაციებს, რაც გვაქვს. ერთადერთი პრობლემა ნერვიულობაა, მაგრამ შევეცდებით, გავუმარტივოთ საქმე - დავეხმაროთ, რომ ლაღად ითამაშონ.

ისინი პროფესიონალები არიან, მზად არიან ფიზიკურად და კარგ თამაშს ითამაშებენ".

გერმანელების თქმით, მათთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და "რაგბი ევროპის" ბოლო ათწლეულის ფავორიტთან თამაში.

საქართველო-გერმანიის მატჩი 6 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანია თუ დარჩა და განვითარდა ჩვენ ჯგუფში ძალიან კარგი იქნება. მარტო გერმანიაში ვხედავ ჩვენ დონემდე განვითარების და მეტის პოტენციალს.
რეზო
17:20 05-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული