ასე თავდადებით იწერება ისტორია [ბესიკ ჯანგავაძე კარდიფიდან]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა სრულიად სარაგბო სამყარო. "ბორჯღალოსნებმა" კარდიფის შესანიშნავ სტადიონზე, სადაც უმრავლესობა ჩვენს გუნდს ქომაგობდა, პლანეტის უძლიერეს გუნდს, მსოფლიოს თასის მფლობელ ახალ ზელანდიას თავდაუზოგავი ბრძოლა გაუმართეს და რაგბის ქომაგს "ოლ ბლექსთან" ერთად შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს.
იხილეთ ვიდეო
ახალი ზელანდია-საქართველო 43:10
Sportall.Ge

ახალი ზელანდიის ნაკრებმა შვიდი ლელო გაგვიტანა და მოგვიგო. იმედი არავის ჰქონია, რომ ეს ასე არ მოხდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი მოელოდა, რომ ჩვენი ბიჭები, როგორც სჩვევიათ, თავდადებით იბრძოლებდნენ და მოედანს თავაწეულნი დატოვებდნენ.

ასეც მოხდა, მატჩის დასრულებას 10 წუთი აკლდა, როცა
69 ათასმა მაყურებელმა ერთხმად დაიწყო საქართველოს ნაკრების გამხნევება "ჯორჯია, ჯორჯიას" შეძახილებით.

გორგოძე - ნამდვილი ვარსკვლავი
საგულისხმოა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს. არადა, მოედანზე მხოლოდ 48 წუთი დაჰყო. ეს უკვე საყოველთაო, საბოლოო აღიარებაა მისი, როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავისა.
იხილეთ ვიდეო
მამუკა გორგოძის რეაქცია, როცა ახალ ზელანდიასთან მატჩში საუკეთესოდ აღიარეს
Sportall.Ge

როგორი საქმეა, შენ წინააღმდეგ თამაშობდეს დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ჯულიან სავეა, რომელმაც მატჩში სამი ლელო გაიტანა და, მიუხედავად ამისა, შენ მათზე უკეთეს მორაგბედ გასახელებენ.

გორგოძე მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მეორედ, ხოლო ჯამში, მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან დაპირისპირებისას).

აი, რა თქვა მან ნამატჩევს: "ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ყველა მორაგბის ნატვრაა. ეს ნატვრა ამისრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. სულ 48 წუთი ვითამაშე. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ენითაუწერელ ბედნიერებას განვიცდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი".

ლელო, რომელიც ისტორიაში შევა
კიდევ ერთი სასიხარულო, რაც ამ მატჩში მოხდა, "ბორჯღალოსანთა" ფულბეკის, ბექა წიკლაურის გატანილი ლელოა. ის სამუდამოდ შევა ქართული რაგბის ისტორიაში, როგორც "ოლ ბლექსთან" მატჩში პირველი ლელოს ავტორი.

მის მიერ გატანილ ლელოში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ და შუამარბმა დავით კაჭარავამ.

ბეგაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს მეტოქის მიერ წინ გავარდნილი ბურთი აიტაცა და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, მერე იქვე მარცხნივ კაჭარავას გადააწოდა, რომელმაც მოძებნა მისგან კიდევ უფრო მარცხნივ წიკლაური. ამან მოწინააღმდეგის წნეხის გამო ბურთის აღება ვერ შეძლო და ფეხით "ოლ ბლექსის" ლელოსკენ დაარტყა, თავადვე მიჰყვა, ყველას დაასწრო და ჩათვლის მოედანში შეფრინდა.

უსაზღვრო იყო მისი სიხარული (და არამარტო მისი), ბედნიერებით გაცისკროვნებული მისი ასეთი სახე არასდროს მინახავს.
იხილეთ ვიდეო
ბექა წიკლაურის, მამუკა გორგოძისა და ვიტო კოლელიშვილის ემოციები "ოლ ბლექსთან" მატჩის შემდეგ
Sportall.Ge

გახსენით ექვსი ერის კარი
გახსენით "ექვსი ერის" კარი, ფანჯრები, დარაბები თუ კიდევ რაც გინდათ, ის ეპითეტი მოიგონეთ და დაარქვით. ახალ ზელანდიასთან ამ შეხვედრამ "ექვსი ერის" გაფართოების თემა კიდევ ერთხელ წამოსწია და ამჯერად, სავარაუდოდ, ძალიან სერიოზულად.

თუ აქამდე ამ საკითხს მხოლოდ ჟურნალისტები და რაგბის ზოგიერთი სპეციალისტი უკირკიტებდა, ახლა რაგბის უბრალო ქომაგიც სრულად ეთანხმება ექვსი ერის გუნდებზე საქართველოს დამატებას. ინგლისელები ბუნებით კონსერვატორები არიან, რაგბიში მით უმეტეს. მიუხედავად ამისა, არ შემხვედრია უბრალო ქომაგი, რომელიც "ექვსი ერის" გაფართოების ან ფორმატის შეცვლის წინააღმდეგი იყო.

ახლა ჯერი "მსოფლიოს რაგბიზეა", თუმცა, ცოტა უხეშად გამოგვდის, მაგრამ მას არავინ ეკითხება. ამიტომ ყველამ, პრესამ, ქომაგებმა და "მსოფლიოს რაგბიმ" ერთობლივად უნდა განვახორციელოთ ზეწოლა "შპს ექვს ერზე", რათა გათამაშების ფორმატს გადახედოს.

გვესმის, რომ "ექვსი ერის" გათამაშება კომერციული ტურნირია; გასაგებია, რომ ამ შეჯიბრებას დიდი ფული მოაქვს, მაგრამ რა ვქნათ, როცა მისი ჩაკეტვა რაგბის გლობალურ განვითარებას ამუხრუჭებს.

"მთელი კვირის განმავლობაში ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ ამ მატჩში საქართველოს სიამაყით, საკუთარი ქვეყნისთვის და ქართული რაგბის მომავლისთვის ეთამაშათ. მატჩის მსვლელობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ემოციით განვითარდა და ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

ამაყი ვარ ასევე, როგორც ახალზელანდიელი. ვამაყობ გამარჯვებული მხარითაც და ვფიქრობ, რომ ეს ბიჭები ნამდვილი ჩემპიონები არიან.

ჩვენი მიზანია, სარაგბო სამყარომ ქართული რაგბის შესაძლებლობები აღიაროს. როგორც კი ამაზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ "7 ერში" ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა "ექვსი ერის" წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

"მსოფლიოს თასის გათამაშებაში ადვილად მოსაგები გუნდები აღარ არიან. რაგბი ნელ-ნელა ვითარდება. ყველამ ნახეთ ეგრეთ წოდებული ტოპ-გუნდების ძნელად მოპოვებული გამარჯვებები და მეორე ეშელონის გუნდების ზეწოლა მათზე. საქართველოს ნაკრებთან მატჩიც ასეთი იყო", - ეს კი ახალზელანდიელთა ლეგენდარული კაპიტნის, რიჩი მაქოას სიტყვებია.

მატჩის შემდეგ
სტივ ჰანსენი, ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩვენთვის ამ ეტაპზე მთავარი იყო, ჯგუფური ტურნირი დაგვეძლია და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოგვეპოვებინა. მართალია, ისე იდეალურად ვერ ვითამაშეთ, როგორც ჩვენგან ყველა ითხოვს, მაგრამ მთავარს მივაღწიეთ, თამაში მოვიგეთ.

საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავს და კარგი იყო, რომ მისი წნეხის ქვეშ ჩვენი მორაგბეების შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოვცადეთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, მეტი სხვაობით რომ მოგვეგო, მაგრამ ამასაც არა უშავს".

კონსტანტინე მიქაუტაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"ამ მატჩმა თავდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. თითოეულ მატჩზე ბოლომდე ვიბრძვით და შედეგიც აშკარაა. ვფიქრობ, ყველა მატჩის შემდეგ გუნდი იზრდება და გამოცდილებას იძენს".

ანტონ ფეიქრიშვილი, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი:
"ეს "ოლ ბლექსი" იყო და ყველამ ვიცოდით, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ თამაშამდე შევთანხმდით, რომ მიუხედავად იმისა, მსოფლიოში უძლიერეს მეტოქეს ვეთამაშებოდით, ჩვენს საქმეს ორასი პროცენტით გავაკეთებდით. ძალიან რთული იყო, მაგრამ ერთად ეს მაინც შევძელით.

დარწმუნებული ვარ, ნამიბიელები ამ მატჩს ბევრჯერ ნახავენ. ჩვენ ძალიან საშიში გუნდი ვართ და არავის უნდა დაავიწყდეს გუშინდელი მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგი მატჩისთვის შეტევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ.

დაცვა და ბოჭვა თამაშის მოსაგებად საკმარისი არ არის. ბურთი მეტად უნდა ვათამაშოთ, რაც ზელანდიელების წინააღმდეგ შეუძლებელი იყო".

ლევან ჩილაჩავა, საქართველოს ნაკრების პირველხაზელი:
"ბედნიერები ვართ, მაგრამ დიდ სიხარულამდე 33-ქულიანი სხვაობა გვაშორებს. ყველამ ვიცით, რომ ეს ახალი ზელანდიის ნაკრებია და ის მსოფლიოში საუკეთესო რაგბის თამაშობს. ამხელა სხვაობა კი მატჩის ბოლო წუთებში დადებულმა ორმა ლელომ გამოიწვია. პირველი 10-20 წუთის განმავლობაში ჩვენ, უბრალოდ, ვაკვირდებოდით მეტოქის თამაშს, შემდეგ უკვე ჩავერთეთ თამაშში".

ლაშა მალაღურაძე, საქართველოს ნაკრების მგეზავი:
"ეს მატჩი ჩემთვის საუკეთესო შანსი იყო, თუმცა მათთან თამაში ძალიან გამიჭირდა. ჩემი ოპონენტი დენ კარტერი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის მსოფლიოში საუკეთესო 10 ნომერია, ბევრი ვისწავლე ამ თამაშში მისგან".

მსოფლიოს თასი. III ტური. C ჯგუფი
საქართველო-ახ. ზელანდია 10:43
საქართველო (15-9) წიკლაური, აფციაური, კაჭარავა, მჭედლიძე (გიორგაძე 73), თოდუა (შარიქაძე 66), მალაღურაძე, ბეგაძე (ლობჟანიძე 45). (1-8) ასეიშვილი (ნარიაშვილი 51), მამუკაშვილი (მაისურაძე 66), ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 51), დათუნაშვილი, ჩხაიძე, სუთიაშვილი, გორგოძე (მიქაუტაძე 48), ლომიძე (კოლელიშვილი 68).
ლ: წიკლაური. ს,გ: მალაღურაძე.
ახალი ზელანდია (15-9) სმიტი, ნაჰოლო (ფეკიტოა 53), სმიტი (ვიტო 63), ვილიამსი, სავეა, კარტერი, სმიტი (ქერ-ბარლოუ 71). (1-8) კროქეტი (ვუდკოქი 61), კოლი (მეალამუ), ფაუმუნია (ფრენქსი 61), რეტალიკი, ვაითლოქი, კაინო, მაქოა (კეინი 61), რიდი.
7ლ: ნაჰოლო, სავეა (3), რიდი, კოლი, ფეკიტოა. 4გ: კარტერი.
მსაჯი: პასკალ გოზერე (საფრანგეთი)

ჩვენს ჯგუფში არგენტინის ნაკრებმა ტონგას სძლია - 43:16 და, ფაქტობრივად, მეოთხედფინალში გააღწია. წარმოუდგენელია, "პუმებმა" ბოლო მატჩში ნამიბიის ნაკრებთან წააგოს.

ამ მარცხის შემდეგ ტონგას შანსი, მესამე ადგილი დაიკავოს და მომდევნო მსოფლიოს თასზე ავტომატურად მოხვდეს, მიზერამდეა დასული. ეს რომ მოხდეს, კუნძულელებმა ბოლო მატჩში ახალ ზელანდიას უნდა მოუგონ. თუ არა და, ისიც საკმარისი იქნება, თუ "ბორჯღალოსნები" 7 ოქტომბერს ნამიბიას ვერ მოუგებენ. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მესამე ადგილზე გავა.

არგენტინა-ტონგა 45:16

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 14 ქულა, 2. არგენტინა - 10, 3. ტონგა - 6, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.

მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილდება ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებიც, რომელმაც მეორე მატჩი წააგო ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან - 13:33. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა მასპინძელი ჯგუფში ჩარჩა.

A ჯგუფი
ინგლისი-ავსტრალია 13:33

სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია - 13 ქულა, 2. უელსი - 13, 3. ინგლისი - 6, 4. ფიჯი - 0, 5. ურუგვაი - 0.

B ჯგუფი
სამოა-იაპონია 5:26
სამხ. აფრიკა-შოტლანდია 34:16

სატურნირო მდგომარეობა
1. სამ. აფრიკა - 11 ქულა, 2. შოტლანდია - 9, 3. იაპონია - 8, 4. სამოა - 4, 5. აშშ - 0.

D ჯგუფი
ირლანდია-იტალია 16:9

1. სატურნირო მდგომარეობა
ირლანდია - 14 ქულა, 2. საფრანგეთი - 14, 3. იტალია - 4, 4. კანადა - 1, 5. რუმინეთი - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მოაქვს სწორ გააზრებულ და კარგად დაგეგმილ საქმიანობას როგროც რაგბის ფედერაციის მხრიდან ასევე ჩვენი რაგბისტებისგან. ყველაფერს მთლიანობაში სწორად აკეთებენ და შედეგიც მშვენიერი გვაქვს ბოლოსდაბოლოს მსოფლოზე ვთამაშობთ გლობალურად ერთერთ წამყვან სპორის სახეობაში!
vato
16:39 05-10-2015
0
ეს ეიფორია კარგს არაფერს მოგვიტანს! არგენტინასთან ამან დათვური სამსახური გაგვიწია.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული