მილტონ ჰეიგი: ახალ ზელანდიასთან მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და ქართველმა მორაგბეებმა ახალ ზელანდიასთან (10:43) მსოფლოს თასის ჯგუფური ეტაპის მატჩის შემდეგ კომენატრი გააკეთეს.

"ოლ ბლექსს" ჩვენი დაცვით საქმე გავურთულეთ და ეს ცოტას არ ნიშნავს. კარგი ბოჭვებით ვიგერიებდით მოწინააღმდეგეს. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მატჩით, განსაკუთრებით კი 12 და 13 ნომრებზე მოთამაშე მორაგბეებით.

რაც შეეხება ბექა წიკლაურს, რომელმაც "ოლ ბლექსს" ისტორიული ლელო დაუდო, ძალიან კარგი ახალგაზრდა ბორაგბეა. რამდენიმე წელი ბექა პოლონეთში თამაშობდა, შემდეგ კი ისევ ქართულ კლუბს "ლოკომოტივს დაბრუნდა. ის ასეთი დონის თამაშში 15 ნომრად პირველად
ჩაერთო და საუკეთესოდ გაართვა თავი", - განაცხადა ჰეიგმა.

კოტე მიქაუტაძე:

"ამ მატჩმა თავდაჯერებულობა კიდევ უფრო შეგვმატა. თითოეულ მატჩზე ბოლომდე ვიბრძვით და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, ყველა მატჩის შემდეგ გუნდი იზრდება და გამოცდილებას იძენს".

ანტონ ფეიქრიშვილი:

"ეს "ოლ ბლექსი" იყო და ყველამ ვიცოდით, რომ მათი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ თამაშამდე შევთანხმდით, რომ მიუხედავად მსოფლიოს ფავორიტი მეტოქისა ჩვენს საქმეს 200%-ზე გავაკეთებდით. ყველას ერთი მიზანი გვქონდა - ამ მატჩში ჩვენი მხარე ღირსეულად დაგვეცვა. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ერთად ეს მაინც შევძელით.

დარწმუნებული ვარ ნამიბიელები ამ მატჩს ბევრჯერ ნახავენ კვირის განმავლობაში. ჩვენ ძალიან საშიში გუნდი ვართ და არავის უნდა დაავიწყდეს ჩვენი მატჩი ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგი მატჩისთვის შეტევა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ.

დაცვა და ბოჭვა თამაშის მოსაგებად საკმარისი არ არის. ბურთი მეტად უნდა ვათამაშოთ, რაც ზელანდიელების წინააღმდეგ შეუძლებელი იყო".

ლევან ჩილაჩავა:

"ბედნიერები ვართ, მაგრამ დიდ სიხარულამდე 33 ქულიანი სხვაობა გვაშორებს. ყველამ ვიცით, რომ ეს ახალი ზელანდიაა და ისინი მსოფლიოში საუკეთესო რაგბს თამაშობენ. ამხელა სხვაობა კი მატჩის ბოლო წუთებში დადებულმა 2-მა ლელომ გამოიწვია. პირველი 10-20 წუთის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებოდით მეტოქის თამაშს, შემდეგ უკვე ჩავერთეთ თამაშში და კარგი დაცვაც ვაჩვენეთ.

ჩემი აზრით, მსოფლიო თასს ისევ ახალი ზელანდია მოიგებს. ეს სრულყოფილი გუნდია, თითო პოზიციაზე 2-3 საუკეთესო მორაგბით. ფინალს ალბათ საფრანგეთს გაუმართავენ".

ლაშა მალაღურაძე:

"ეს მატჩი ჩემთვის საუკეთესო შანსი იყო, თუმცა მათთან თამაში ძალიან გამიჭირდა. ჩემი ოპონენტი დენ კარტერი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის მსოფლიოში საუკეთესო 10 ნომერია, ბევრი ვისწავლე ამ თამაშში მისგან".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
rugbyworldcup.com: საქართველომ "7 ერის" საკითხი კიდევ ერთხელ წამოჭრა

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან ღირსეულ თამაშში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული